საქართველოს პრეზიდენტი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ძალიან მძიმე შეცდომად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ძალიან მძიმე შეცდომად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომეხი პატიმრის, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ხსნის და აღნიშნულს "ძალიან მძიმე შეცდომად" მიიჩნევს.

"მინდა, განცხადება გავაკეთო კრიმინალის, საქართველოს სახელმწიფოს მტერ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის განმარტებები ამის თაობაზე და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩავთვალე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მან ერთპიროვნულად მიიღო და ესაა ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. მან, მე ვფიქრობ, დაუშვა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ქართველ ერს და საქართველოს სახლმწიფოებრიობას უახლოესი კვირების, წლების განმავლობაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩახალიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი და უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

"არ მინდა, ხაზი გავუსვა მის ეთნიკურ წარმომავლობას, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვყავს ბევრი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე, რომელიც ბოლო წლებში იარაღით ხელში იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების - მისი პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში. მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. ჩახალიანის ერთადერთი პარალელი, რაც მახსენდება, არის ვლადისლავ არძინბა. ეს არის ამ მასშტაბის კრიმინალი, დამნაშავე და ეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იცოდნენ - იცოდა პარლამენტმა, იცოდა ჯგუფმა, რომელიც "ამნისტიის შესახებ" კანონზე მუშაობდა, მათ ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ. ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და მომიტევოს ყველამ, მათ შორის მისი პოლიტიკის თაყვანისმცემლებმა, მაგრამ მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად. მას უნდა ახსოვდეს, რომ ისაა საქართველოს პერემიერ-მინისტრი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა