"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"

"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"

"რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების პროდიუსერს ოთო ლომთაძეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე და "ერუდიტისთვის" ჩასაწერად, შეხვედრა ვთხოვე. "არ მაქვს ამბიცია, რომ დიდი ინტელექტუალი ვარ. შენს მოსვლამდე ცოტას წავიმეცადინებ", - მივიღე მისგან პასუხად. რამდენიმე საათის შემდეგ, ინტერვიუს ჩასაწერად ტელევიზიაში ვესტუმრე.

პრეამბულის მაგიერ

- ოთო, "გზას" ხშირად ეცნობი?

- საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. "ერუდიტის" რესპონდენტობა ძალიან საპასუხისმგებლოა. განწყობას, გარემოს გააჩნია. შეიძლება, კითხვაზე პასუხი იცოდე, მაგრამ ვერ გაიხსენო (თავს არ ვიზღვევ). ამ რუბრიკას იმიტომ არ ვკითხულობ, რომ შევაფასო, ვინ რა იცის. მომწონს ის, რომ რაც არ იცი, შეიძლება ისწავლო. გამორიცხულია, ყველაფერი იცოდე. საერთოდ, შემეცნებითი ხასიათის არა მხოლოდ სტატიები, ლიტერატურაც მომწონს.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- სამწუხაროდ, დღეს ისე აქტიურად, როგორც სტუდენტობის წლებში, ვეღარ ვკითხულობ. სამსახურში დილის 10 საათზე მოვდივარ და შინ გვიან ვბრუნდები.

- შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- ასეთი არაერთია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მხოლოდ ნოდარ დუმბაძეს დავასახელებ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ბავშვობიდან შერლოკ ჰოლმსთან ვარ. მისმა თავგადასავალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეგობრადაც მას დავასახელებ. ართურ კონან დოილის ამ გმირთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა, არა?

- მეც ასე ვფიქრობ. წიგნი მოგიპარავს?

- არასდროს.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხშირად უბრუნდები?

- ხშირად არა, მაგრამ არსებობს წიგნები, რომელთა ხელმეორედ წაკითხვის სურვილი მიჩნდება.

- მეხსიერება კარგი გაქვს?

- მეხსიერებას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ბოლო დროს იმდენ ინფორმაციას ვიღებ, იმდენ რამეზე მიწევს ფიქრი, რაღაცები შეიძლება ვერ გავიხსენო. "ვანოს შოუდან", "კომედი შოუდან" და "კომედი არხიდან" თუ რამეს მკითხავ, ნებისმიერ კითხვაზე დაუფიქრებლად გიპასუხებ.

- "ვანოს შოუში" მონაწილეობაზე, ყოფილი პრემიერის დათანხმება გაგიჭირდათ?

- მას ახალი წლის დადგომამდე დავუკავშირდით. მაშინ გადაცემაში მონაწილეობა ვერ მოახერხა. სეზონის გახსნისას ისევ შევეხმიანეთ და თანხმობაც მივიღეთ. ვანო მერაბიშვილი შოუსთვის ერთ-ერთი სასურველი სტუმარია.

- აატირეთ...

- მის ამ რეაქციას ჩვენც არ ველოდით. ხუმრობაზე ისე "წამოგვყვა", კარგი შედეგი მივიღეთ.

- დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მოწვევაზე რა აზრის ხართ?

- ჯერ არ განვიხილავთ, რადგან ბატონი ბიძინა იმდენად დაკავებულია, ჩვენგან შეთავაზებაც კი არასწორი იქნება. ივანიშვილი სასურველი სტუმარია. ვგეგმავთ მინისტრების მოწვევას. საინტერესო იქნება ნოდარ ხადურის სტუმრობა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, - მინისტრს ტორტი მიართვეს წარწერით - "როგორი". ეს იმის ნიშანია, რომ თავად მინისტრი იუმორს სწორად აღიქვამს - როგორი? - ხადური. - ეს ხომ ჩვენგან აგორდა.

- "ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ". გახსენდება, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- დიახ, დაასახელე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები, რომლის წაკითხვის შემდეგაც ილიამ ეს სიტყვები თქვა.

- ვერ ვიხსენებ.

- "მოხუცის ნათქვამი". სადაური წარმოშობისაა სიტყვა "ციფრი"?

- მგონი, არაბული. სწორად მახსოვს?

- დიახ. რომელი იყო ჰიტლერის უსაყვარლესი ყვავილი? მიგანიშნებ, ის მიუწვდომლობის სიმბოლოდ ითვლება.

- ედელვაისი. მიუვალ ადგილებში ხარობს. ჰიტლერმა II მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ ოპერაციას სწორედ "ედელვაისი" უწოდა.

- რომელი ფერი ითვლება ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- თეთრი.

- რომელი სასახლე ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ სასახლედ, სადაც მეფეები და დედოფლები ისევ ცხოვრობენ?

- უინძორების სასახლე, ბრიტანეთში.

- 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე - რომელი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, ეს მხატვარი საფრანგეთში გარდაიცვალა.

- ესპანელია და საფრანგეთში გარდაიცვალა? პაბლო პიკასო იქნებოდა.

- როგორ კანონებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები დრაკონულს?

- სასტიკს.

- არა მხოლოდ! ეს კანონები რითი იყო დაწერილი?

- ა! გამახსენდა, დრაკონულს სისხლით დაწერილ კანონებს უწოდებდნენ.

- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- ჰინომარუ. თეთრ ფონზე ამომავალი მზეა გამოსახული.

- იაპონიას ხომ "ამომავალი მზის ქვეყანას" უწოდებენ. დროშა რომ აღგეწერა, მივხვდებოდი.

- დაასახელე 3 ციფრი, რომელთა ჯამი და ნამრავლი ერთმანეთის ტოლია.

- 1, 2, 3.

- რომელი ქვეყნის დედაქალაქია აბუჯა?

- არ მახსოვს.

- ნიგერიის. რომელი ცნობილი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში?

- უინსტონ ჩერჩილი.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული, ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- რომელი მეფის დროს მოხდა ბასიანის ბრძოლა?

- თამარის.

- რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ მეფედ აკურთხა?

- (ფიქრობს) მგონი 12-ის, არა?

- დიახ. "ჩვენს დროში სიტყვა "კაცი" იმდენად დაკნინდა, რომ მას "კაცურის" დამატება დასჭირდა". რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- ამ სითხეს ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სითხეზეა ლაპარაკი?

- ღვინოზე, ოღონდ ჰიპოკრატე სამკურნალოდ წყალგარეულ ღვინოს იყენებდა. ეს ღვინის მიღების ბერძნული წესია.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "ვმეგობრობ", მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დალევას ხშირად ვერ ვახერხებ.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- არ ვიცი, ვიმსჯელებ და იქნებ, გამოვიცნო... სახლში ვისაც ბუხარი ჰქონდა, მათ ხომ არა?

- არა. მიგანიშნებ, შენ რომ იმ პერიოდის უნგრეთში გეცხოვრა, აუცილებლად გადაგახდევინებდნენ, რადგან... უფრო მეტად ვეღად დავკონკრეტდები.

- ე.ი. იმის გამო ახდევინებდნენ, რაც მე მახასიათებს. თავზე ცოტა თმა რომ მაქვს და უფრო შემცივდება (იცინის)?

- არა.

- აბა, რატომ გადავიხდიდი? (პაუზის შემდეგ) გასაგებია, მწეველებს ახდევინებდნენ?

- როგორც იქნა, გამოიცანი.

- მშვენიერი წესი ჰქონიათ. ამ გადასახადს საქართველოშიც დავაწესებდი. თავადაც გადავიხდიდი და მერე მოწევას თავს დავანებებდი.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი - მარგო?

- ნამდვილად არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, ვაშლისგან ღვინოსაც ამზადებენ.

- ვაშლის ღვინოს სიდრი ჰქვია, არაყს - კალვადოსი.

- დავიმახსოვრებ.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, თქვენ ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს: - ამ კაცის დედა, ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- როგორ? (კითხვის გამეორების შემდეგ) მამა-შვილი.

- რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?

- მათემატიკაში.

- რატომ?

- ნობელის ცოლის საყვარელი იყო მათემატიკოსი. ნობელი მათემატიკოსებზე გაბრაზებული იყო და პრემიას მისცემდა?

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- რა ამშვენებდა რომში კაპიტოლიუმის ბორცვს საუკუნეების განმავლობაში?

- არ ვიცი.

- გაიხსენე, რომელი ცხოველის წყალობით გადარჩნენ რომის დამაარსებელი ძმები რემუსი და რომულუსი?

- ძუ მგლის ქანდაკება იდგა.

- დაბოლოს, დაასრულე ციცერონის ცნობილი გამონათქვამი: "საუკეთესო სამკაული სუფთა"...

- სულია.

- "...სუფთა სინდისია".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"