ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა

ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა

ციხის საშინელ რეჟიმზე ახლა ყველა ხმამაღლა საუბრობს. რაც ყველაზე მძიმეა, გათავისუფლებული პატიმრები ხშირად ექიმებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. როგორც ჩანს, არსებულ რეჟიმზე მორგებულნი იყვნენ ექიმებიც და იმის ნაცვლად, რომ ავადმყოფი პატიმრის სიცოცხლის გადარჩენაზე ეფიქრათ, პირიქით - ჩინოვნიკების მითითებების შემსრულებლები ხდებოდნენ. ბევრ მათგანს დანაშაულშიც ამხელენ და რამდენიმე პირის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობს. რა შეიცვალა ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ ჯანდაცვის კუთხით, ამ საკითხებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე გვესაუბრება.

- ბატონო არჩილ, თქვენთან საუბარი პოლიტპატიმარ ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების ფაქტით მინდა დავიწყო. სამწუხაროდ, პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს იგი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს ციხიდან. რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი და თუ შეისწავლეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- გადაჭარბებული ნათქვამია, რომ ფაქტობრივად მიცვალებული გამოასვენეს. ვფიქრობ, იმ მოპყრობამ და პირობებმა, რეჟიმმა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო, ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, სულ 150 მსჯავრდადებული გავათავისუფლეთ. ყველა მათგანს წლების განმავლობაში ასეთმა მოპყრობამ ჯანმრთელობა სერიოზულად შეურყია. რაც შეეხება თოფურიძეს, მას სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ექიმისთვის არ მიუმართავს, თუმცა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ადრე ჰქონდა და ეს მისი ისტორიითაც დასტურდება. მოვახდინეთ რეაგირება და სამსახურიდან დავითხოვეთ იმ დაწესებულების მთავარი ექიმი. თუმცა ასევე საინტერესოა, მას შემდეგ, რაც მან დაწესებულება დატოვა, მიმართა თუ არა ექიმს. ჩემი ინფორმაციით, პაციენტი გარკვეულ მედიკამენტებსაც იღებდა, მაგრამ რომ გვეფიქრა, ამ ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ასე არ ყოფილა. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ორ დღეში გარდაცვლილიყო. ეს უნდა იყოს შესწავლის საგანი.

- რა შეიცვალა ჯანდაცვის კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

- რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიონ-ნახევარია. ეს საშუალებას გვაძლევს, მსჯავრდადებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოვუკეთოთ. პატიმრები იმავე სტანდარტისა და ხარისხის სერვისებს იღებენ, როგორც სხვა მოქალაქეები, წამყვან კლინიკებში. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. დაახლოებით 150 მსჯავრდადებული, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო და ჩავთვალეთ, რომ მათი მკურნალობა ჩვენს სისტემაში ვერ მოხდებოდა, სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აქედან 100 მსჯავრდადებული უშუალოდ მინისტრის შუამდგომლობით შეიწყალა პრეზიდენტმა, 50 ადამიანი პირობით ვადამდე, ე.წ. "უდოს" მექანიზმით გავიდა.

- თქვენ ახალი დაწესებულება გახსენით, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები მოთავსდებიან. ტუბერკულოზი ციხის სენი იყო, რა მდგომარეობაა ახლა სისტემაში?

- ტუბერკულოზის ახალი სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. დაახლოებით 500 მსჯავრდადებულია მთელ სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებული. 460 პაციენტი იყო ტუბზონაში, რომლებიც ეტაპობრივად გადავლენ ახალ დაწესებულებაში და საბოლოოდ აღმოიფხვრება პრობლემა. ეს პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გაბნეულები არ იქნებიან. ვთვლი, რომ ეს არის ახალი სიტყვა სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის მკურნალობის კუთხით. ორი წლის წინ ტუბერკულოზი ნამდვილად იყო წამყვანი პრობლემა, მაგრამ დღეს ასეთი საგანგაშო ვითარება არ არის. ასევე, დაწყებულია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეფორმა და უახლოეს ორ თვეში ეს საავადმყოფო ისეთივე გახდება, როგორიც სამოქალაქო საავადმყოფოები. ასევე მოხდება პატიმრების ფსიქიატრიული დახმარების მოწესრიგება.

- ნარკომანებისთვის მეტადონის პროგრამა არსებობდა. ეს ძალაში დარჩა?

- დარჩება და კომპონენტები გაფართოვდება. უკვე დავიწყეთ ასევე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე მუშაობა და ვფიქრობ, ეს პირველი პრობლემაა ჩვენს სისტემაში. ახლა ვსწავლობთ, რამდენი დაავადებული პატიმარი გვყავს. რამდენიმე თვეში C ჰეპატიტით მკურნალობის პროგრამა მზად იქნება თავისი ხარჯთაღრიცხვით.

- გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს ხშირად ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე სვამდნენ და მათზე დამოკიდებულს ხდიდნენ. ასევე ამაზრზენია, რომ თურმე სპეციალურად, დაავადებული ადამიანის ნემსს უკეთებდნენ ჯანმრთელს და C ჰეპატიტით ავადდებოდნენ. რეალურია ეს ინფორმაცია?

- ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ ამ ფაქტებს. გეტყვით, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება მკვეთრად გაზრდილია. ბოლო 3 თვეში ძალიან მოიმატა მოთხოვნამ. ეს ადამიანები წამების მსხვერპლნი იყვნენ და მათი ტრავმის ხარისხი მაღალია. როცა ძალადობა მოიხსნა, მათ სამედიცინო და ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდათ. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებულ მსჯავრდადებულს, რომ შეწყვიტოს ამ წამლების მოხმარება. არიან მსჯავრდადებულები, რომლებიც ბევრ მედიკამენტს იღებენ და მათ უნდა მოვუხსნათ ეს პრობლემა. დიდი ნაწილი ისე იღებდა წამლებს, რომ არ იყო ამის საჭიროება. მათი ნაწილი ნამდვილად დამოკიდებულია უკვე და მექანიკურად წამლის შეწყვეტა არ გამოვა, ამას მოჰყვება თვითდაზიანებები, შფოთვა, სერიოზული პრობლემები და ამიტომ, შევთავაზებთ მკურნალობის სქემას.

- ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები სისტემაში მრავლად არიან, თუ მოხდება მათი იზოლაცია?

- მსოფლიო სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობა ყველა მეოთხე ადამიანს აღენიშნება. სასჯელაღსრულების სისტემაში ეს მაჩვენებელი დიდია, რადგან სისტემა არის ტრავმული. ბევრისთვის ძალიან მძიმეა იქ მოხვედრა. ეს სტრესი განსაკუთრებით თავს იჩენს თავისუფლების აღკვეთის პირველ თვეებში და ამას მართვა სჭირდება. იმ ფაქტების მერე, რაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ფსიქიკური აშლილობები სრულიად არ არის გასაკვირი. ვადასტურებ, ძალიან ხშირად ამ პრობლემით მოგვმართავენ პატიმრები. ეს ძნელი ამოცანაა ჩვენთვის და ყველაზე მეტი დრო დასჭირდება. მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ხშირად თვითდაზიანებას იღებს პატიმარი. მთავარია, ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ ადეკვატური დაცვა და ასევე, სხვების უსაფრთხოებაც დაცული უნდა იყოს.

- საგანგაშოა, რომ ყველა გათავისუფლებული პატიმარი ექიმების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, ძალიან მძიმეა ამ საშინელი ამბების მოსმენა. შეიცვალნენ თუ არა სისტემაში მომუშავე ექიმები და ხომ არ დადგა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

- არ დაგვიწყია მასიური ანგარიშსწორებები. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა პატიმრების დასჯაში, ნაწილი მდუმარედ ემხრობოდა. როცა ხედავს, რომ ადამიანი ნაწამებია, აქვს ძალადობის კვალი და ამას არ აფიქსირებს ექიმი, სათანადოდ არ რეაგირებს, ეს მძიმე დანაშაულია. ამის მიუხედავად, ჩვენ მთელი პერსონალი მაინც არ დაგვითხოვია. თუ კონკრეტულ ექიმზე საჩივარი შემოვა, ამას მოჰყვება ადეკვატური გამოძიება როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სათანადო ორგანოების მხრიდან და დამნაშავეები დაისჯებიან. IV დაწესებულებაში შეიცვალა მთავარი ექიმი, ბევრგან სამედიცინო პერსონალის განახლება მოხდა და ეს პროცესი გრძელდება. მე, პირადად ექიმი ვარ და არ მაქვს სურვილი, რომ ამ პროცესში უშუალოდ ვმონაწილეობდე, მაგრამ სამწუხაროდ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგონ.

- შეგიძლიათ, კონკრეტული ფაქტებით ისაუბროთ და ექიმების ჩადენილი დანაშაულები გაცხადდეს?

- სამწუხაროდ, არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაზეც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. როცა მუშაობა დავიწყეთ, დაახლოებით 15 ადამიანზე დაიწყო გამოძიება და მათ თავიანთი სურვილით დატოვეს სამსახურები. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვლინდება დანაშაული. ეს შეჩერდება მაშინ, როცა ყველა, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, პასუხს აგებს. დღეს ციხის საავადმყოფო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. შეიქმნება ელექტრონული სისტემა, ყველა დაავადებული პატიმრის სამედიცინო ისტორია ერთიან ბაზაში იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო პერსონალი უკვე არის ავტონომიური და არავინ ერევა მათ საქმიანობაში.

- რას ამბობენ ექიმები პირად საუბრებში, რატომ ემორჩილებოდნენ ასეთ უკანონო მოთხოვნებს? ისინი ხომ დანაშაულს სჩადიოდნენ.

- არ ვინტერესდები ამ დეტალებით, ამას სხვა ორგანო იკვლევს. ერთი რამ ფაქტია, ესენი ემორჩილებოდნენ უკანონო მოთხოვნებს. ჩვენი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შარშან, იანვარში 10 გარდაცვლილი იყო. ზოგჯერ თვეში 20-მდე პატიმარი იღუპებოდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში 3-ზე ჩამოვიდა და გვინდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.

- თუმცა, იანვარში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა. რა იყო მათი გარდაცვალების მიზეზი და კომისიამ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება ვერ მოასწრო?

- იანვარში ორი მსჯავრდადებული გარდაიცვალა. აქედან, ერთი შეწყალებული იყო, მაგრამ მას არ უნდოდა შეწყალებით დაეტოვებინა სასჯელაღსრულების სისტემა. სამწუხაროდ, მისი გათავისუფლების სხვა შანსი არ იყო. აივინფიცირებული იყო. შემდეგ ამ ადამიანის პრობლემა ის გახლდათ, რომ ბოლო სამი თვე თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან სარისკოა. ექიმებმა აუხსნეს, რომ მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლებოდა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა, მაგრამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და გარდაიცვალა. კიდევ არის აქ ერთი პრობლემა - არიან ადამიანები, რომლებსაც გარეთ არ ელოდებიან ახლობლები და ამ მიზეზითაც უარს ამბობენ თავისუფლებაზე. როგორც აღმოვაჩინე, იმ გარდაცვლილსაც გარეთ არავინ ელოდა. არის ისეთი შემთხვევები, როცა გარეთ გასულები უარეს მდგომარეობაში ვარდებიან, ვერ მიდიან საავადმყოფოში სამკურნალოდ, არადა, ხშირად დაავადების ისეთი ფორმები აქვთ, რაც საშიშია საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში ვთავაზობთ, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ ბევრი არ აგრძელებს და მათი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ დგებიან. ჩვენ ვდგებით დილემის წინაშე, ასეთი ადამიანი გავათავისუფლოთ თუ - არა.

- და საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას იღებთ?

- ყოველთვის ვცდილობთ, გავათავისუფლოთ და გარეთ უზრუნველვყოთ მათთვის ადეკვატური მკურნალობა, მაგრამ ძალით ვერავის უმკურნალებ.

- ძირითადად, რა დაავადებები ჭარბობს?

- გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური დაავადებები, შიდსი, ტუბერკულოზი...

- პატიმრების საავადმყოფოებში გადაყვანის დროს სამწუხარო ფაქტი მოხდა, ბადრაგის სიცოცხლე ემსხვერპლა საავადმყოფოში ატეხილ ბუნტს. კანონის დარღვევა ხომ არ იყო, 3 უმძიმესი ბრალდებით დაკავებული პატიმრის ერთ პალატაში ყოფნა?

- ამ საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული. ეს მართლაც კარგი მაგალითია, რომ სასჯელაღსრულებას სჭირდება თავისი სერვისი, რომელიც უფრო მეტად მორგებული იქნება უსაფრთხოების ზომებთან, ვიდრე სამოქალაქო სექტორი. სამი პატიმარი ერთად იყო, მათი შერევა სხვა პაციენტებთან არ ხდება. იმ საავადმყოფოებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, პატიმრებს გამოყოფილი აქვთ სპეციალური ფლიგელები. სამწუხაროდ, ყველა პატიმარი სინამდვილეში არ არის ორიენტირებული გამოჯანმრთელებაზე. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ექიმს სხვა მიზნით მიმართავენ. პირიქით, უნდათ, გაუარესდეს მდგომარეობა, რომ შემდეგ მსჯავრდადებულს ჰქონდეს საშუალება და არგუმენტი, რომ სისტემასთან იჭიდაოს. შენ ვერ მმკურნალობ, ვერ გამომაჯანმრთელებ და შესაბამისად - გამიშვი სახლში. ამას განსაკუთრებით აკეთებენ ის მსჯავრდადებულები, რომლებსაც დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი. ზუსტად ასეთი 3 პაციენტი მოხვდა ღუდუშაურის კლინიკაში, მათ არეულობა შეიტანეს პალატაში, დაამსხვრიეს ინვენტარი, ემუქრებოდნენ ექიმებს, ბადრაგმა მოახდინა ადეკვატური რეაგირება და შემდეგ ვეღარაფერი რომ ვერ მოახერხეს, თვითდაზიანებები მიიყენეს. როცა მათ ექიმები ნაკვეთ ჭრილობებს უკერავდნენ, ბადრაგის თანამშრომელი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

- ბატონო არჩილ, მარტო გულის შეტევასთან არ გვქონდა საქმე, ბადრაგს პატიმრებმა დაზიანებებიც მიაყენეს, ექსპერტიზის დასკვნით, მას ნეკნებიც დამსხვრეული აღმოაჩნდა. უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული იყო?

- ვერ დაგიდასტურებთ, რომ ნეკნები დამსხვრეული ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხარო ფაქტია და ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს. სამედიცინო მომსახურება უნდა განვითარდეს და მიეწოდოს პატიმარს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ დანაშაულები, ხშირად - ძალიან მძიმე და საზოგადოებისთვის საშიშებიც არიან. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოება იყოს დაცული.

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორც ექიმს: რა შეფასებას გაუკეთებთ ციხის ექიმების ქმედებებს?

- რადგან პრეტენზიები არსებობს, ეს პრობლემებიც, დარწმუნებული ვარ, არსებობს. ამიერიდან აქ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. არც იმის მოგვერიდება, თუ ექიმი არის გულცივი, ის გავუშვათ სამსახურიდან. გულისხმიერება სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი შემადგენელი და აუცილებელი ნაწილია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის არ გადაუხდია 50 ათა­სი ევ­რო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ქალს სცემა - პოლიციამ მოძალადე დააკავა