ცეზარ ჩოჩელი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

ცეზარ ჩოჩელი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

არანაირად არ ვცნობ თავს დამნაშავედ. ამას ალბათ, გამოძიება შემდგომში დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა. მისივე თქმით, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ამასთან, ჩოჩელის ახლობლის, ილია შიხაშვილის თქმით, ცეზარ ჩოჩელი უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ ბრალდებები აბსურდულია.

"ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი იზეიმებს", - აღნიშნა ილია შიხაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. ციხესთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცეზარ ჩოჩელს აღკვეთის ღონისძიებად 200 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას იმ მოტივით მოითხოვდა, რომ არსებობს მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, ცეზარ ჩოჩელი მიმალვას რომ ფიქრობდეს, საგამოძიებო პერიოდში დატოვებდა საქართველოს. ამასთან, ჩოჩელის ადვოკატების განცხადებით, მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია და იგი ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მოწმეებზე.

ამასთან, გუშინდელ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ცეზარ ჩოჩელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

"თუ ჩემი მხრიდან რომელიმე მოწმესთან კონტაქტი დამყარდება გათავისუფლების შემთხვევაში, თანახმა ვარ, რომ ბრალი დამიმძიმდეს. არც ერთ მოწმეს არ დავკავშირებივარ აქამდეც და არც შემდგომში ვაპირებ. სამი ბიჭის მამა ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილები სახელოვანი მამის შვილები იყვნენ და არ მინდა გაქცეულის სახელი დამერქვას", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ამასთან, მან განცხადება გააკეთა მის წინააღმდეგ მთავარი მოწმის, ნიკოლოზ შაქარაშვილის შესახებ. როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, მასთან კონტაქტი 2010 წლიდან აღარ ჰქონია.

"შაქარაშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ ჯანმრთელად არის", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მცხეთა - მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი 337 - ე და 194 - ე მუხლის მესამე ნაწილით 25 იანვარს წაუყენეს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ