მეუფე იაკობი - საზღვრები ღვთსმშობლისგან მოგვეცა და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება

მეუფე იაკობი - საზღვრები ღვთსმშობლისგან მოგვეცა და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება

საზღვრები, რაც ჩვენ ღვთსმშობლისგან მოგვეცა, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებში შედიოდეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სიონის საკათედრო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

მისი თქმით, ეს დრო შორს არ არის და მას ყველა თაობის ადამიანები მოესწრებიან. პატრიარქის ქორეპისკოპოსი უწმინდესის რუსეთში ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერთი ჩასვლით უცაბედი გადაწყვეტილებები არ მიიღება, თუმცა უფლის ნებით ყველაფერი შესაძლებელია.

"როგორც ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ ერი მძიმე სახადებისგან გავთავისუფლდებოდით, ახლაც ბევრი ფიქრობს, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თუ წინა საუკუნეებში წაიღეს ჩვენგან. თუ ვიქნებით ისევ ერთად, როგორც ვიყავით, ნახავთ, როგორ დაგვიბრუნებს უფალი იმას, რაც თვითონ მოგვცა, ხოლო შემდეგ უღირსი საქციელის გამო სხვისი ხელით წაგვართვა. ამის დროც მალე დადგება. უწმინდესი რუსეთში ბრძანდებოდა. ერთი ჩასვლით უცაბედი გადაწყვეტილებები არ ხდება, მაგრამ რაც ღმერთს შეუძლია, არ შეუძლია არც ერთ ადამიანს. უფალი უყურებს უწმინდესის თავდადებას, რომელსაც ამდენი ხანი ოდნავადაც არ დაუსვენია. საზღვრები, რაც ჩვენ ღვთსმშობლისგან მოგვეცა, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებში შედიოდეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენი ერი სულიერად მოძლიერდება და იმის ღირსი შეიქმნება, რაც დაკარგა, დაიბრუნოს. ეს დრო შორს არ არის და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამას მოესწრებით. იმედი გქონდეთ, ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, რადგან უფალი ჩვენთანაა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ნინოობის დღესასწაულის მნიშვნელობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა უძლური იყოს ადამიანი, თუ სულით მხნე დარჩება, უფალი ყოველთვის შეეწევა.

"ჩვენი ისტორიის მანძილზე თითქმის სულ დაპყრობილები ვიყავით, მაგრამ მონობას ყოველთვის გავურბოდით, ყოველთვის გვიყვარდა თავისუფლება, ყოველთვის ვაფასებდით დამოუკიდებლობას. ასევე, ქართველისთვის ძალიან ძვირფასი იყო სხვა აღმსარებლობის ერების თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რამდენი საუკუნე იყო გასული, როდესაც ჩვენ თავისუფლებისკენ სწრაფვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ ღვთის სასწაულით რამდენიმე თვის წინ მოგვეცა საშუალება, ვიყოთ თავისუფლები, დამოუკიდებლები. ამაში ახალგაზრდობის დიდი დამსახურებაა. ეს არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს. ქართულმა გენმა იქუხა, რადგან მას ვერავინ მოკლავს. ჩვენ უფლისგან მოვდივართ. უფალს ისე უყვარდა საქართველო, რომ დედას უძღვნა თავის წილად. არ შეგვშვენის, მოვიქცეთ ისე, რომ შევარცხვინოთ უფალი, დედა ღვთისმშობელი, წმინდა ნინო და წმინდა გიორგი. დიდი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს ერს და ამას არ გავურბით. მადლობა ღმერთს, ყოველ პერიოდში უფალი გვაძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც იტვირთებდნენ ამ ჯვარს და ერს უძღვებოდნენ", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ამ ათასწლეულის გარიჟრაჟზე უფალმა საქართველოს აჩუქა პატრიარქი და უამრავი ერის ადამიანი, რომ ეს მძიმე ჯვარი ეტვირთათ და ერი სამშვიდობოს გაეყვანათ. "როგორც ვნახეთ, ჩვენ შეგვიძლია უკვე თავისუფლებისკენ ვისწრაფოთ, ხელს ვერც ვერავინ შეგვიშლის და ამის ილუზიაც არავის ჰქონდეს. ჩვენ ალბათ შევეცდებით, ვიდრე მოთმენა შეიძლება, მოვითმინოთ, მაგრამ ერს არავის დავაჩაგვრინებთ, გარედან იქნება თუ შიგნიდან. ეკლესიაც და ერიც საკმაოდ ძლიერია და ის ყოველთვის დაგიცავთ. არ არის ერზე ძლიერი ძალა ჩვენს ქვეყანაში. ერი და ბერი ერთად არის. ჩვენ ერთმანეთს ვაჩვენებთ, როგორ უნდა გავხდეთ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრები. ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობაში ჩვენით უნდა შევიდეთ. ყველას ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, მათ შორის ჩვენს მთავრობას და მხედრობას და ვთხოვ, წყენები დავივიწყოთ, ერთი ქვეყანა გვაქვს, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ერთად ავაშენოთ. თორემ, ყველამ კარგად იცოდეს, საზღვარგარეთ იქნება თუ ქვეყნის შიგნით, ქვეყანას არავის ავარევინებთ და ბოლომდე დავიცავთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

სიონის ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ, წელიწადში ერთხელ ამ სიწმინდეს ემთხვიონ.

იხილეთ ვიდეო: წყენები დავივიწყოთ და ერთად ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ღმერთმა მოგვცა - მეუფე იაკობი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"