რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები

რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები

"ჩემი მთავარი პროფესია ტურიზმისა და სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების ექსპერტ-კანდიდატია, მაგრამ ეს ძირითად სპეციალობად დამრჩა. ამ მიმართულებით გარკვეული დროის განმავლობაში ვიმუშავე თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ანიმატორად... მერე კი, რაღაც დროის შემდეგ, მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება მინდოდა, რათა იქ მიღებული გამოცდილება გამომეყენებინა, მაგრამ არ გამომივიდა", - ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა გიორგი გიორგაძემ, რომელსაც უკვე მეექვსე წელია სხვა პროფესია - პროგრამისტობა აქვს არჩეული.

-  გიორგი, თურქეთში როგორ მოხვდით და რა გევალებოდათ?

-  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სავაჭრო პალატასთან არსებული ტრენინგ-ცენტრი გავიარე - 6-თვიანი გადამზადება, და იქიდან გამიშვეს პრაქტიკაზე. ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო და თეატრალური ნიჭი. არსებობს ასეთი სასტუმროებს ქსელი, "ლარისა-ინი" და მის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ვმუშაობდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ უცხო გარემოში ვიყავი, მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი დაკვალიანება ევალებოდა, ძალიან დამეხმარა და კვალიფიციური რჩევებიც მომცა. ჩემთან ერთად ბევრი უცხოელი იყო, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულები. ძირითადად, სტუმრების გართობა გვევალებოდა, მუსიკალურად გაფორმებულ პროგრამებს ვაწყობდით, გასართობ და თეატრალურ ღონისძიებებს ვმართავდით. სასტუმროს კლიენტებს ექსკურსიებზე დავყვებოდით, ანუ მომსახურების ფართო სპექტრი იყო. ძალიან მაღალი დონის მოთხოვნა იყო და საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გვქონდა. სამუშაო დრო განსაზღვრული არ გვქონდა. დილას რომ დავიწყებდით, მეორე დილამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ფიტნესვარჯიშებს ვატარებდით, ზოგჯერ ბავშვების დაბადების დღის მოწყობა გვევალებოდა. ექსკურსიაზე, თუ სტუმრებს დიდი მანძილის გავლა უწევდათ, ჩვენ გვევალებოდა, ისინი არ დაღლილიყვნენ და გზაში სიმღერებითა და კონკურსებით ვართობდით. კიდევ კარგი, გარკვეული გამოცდილება მქონდა ხელოვნების სფეროში - რვა წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, როკჯგუფში გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმშიც მითამაშია, ასე რომ, ეს გამოცდილება დიდად დამეხმარა. იქაური ამბები უამრავი მაქვს, კურიოზულიც, ნაკლებად სახალისოც, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა...

-  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ პროფესიას არ გაჰყოლიხართ?

-  თბილისში დაბრუნების შემდეგ, მეგონა, ამ სფეროში საკუთარი თავის რეალიზაციას მოვახდენდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. რამდენიმე კომპანიაში ვცადე მუშაობა, ერთ-ორ სასტუმროშიც, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სფერო ჩვენთან ჩანასახის დონეზეც არ არის განვითარებული და შევეშვი. პროფესიონალებს ნაკლებად ეძებენ და არც სათანადოდ აფასებენ... რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სხვა საქმეში ვცადე ბედი, უფრო სწორად, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. კომპიუტერი მქონდა, რომელიც სასწაულებრივად ვაყიდინე მშობლებს ჯერ კიდევ ანტალიაში წასვლამდე - ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და სერიოზული მკურნალობა მჭირდებოდა. ის პერიოდი იყო უკვე, როდესაც კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გარეშე წინ ვერ წახვიდოდი. ავიკვიატე, თუ კომპიუტერს არ მიყიდით, ოპერაციას არ გავიკეთებ-მეთქი. არადა, ქირურგიული ჩარევა აუცილებლად მჭირდებოდა. ქირურგი ჩემი ოჯახის წევრებს ეხვეწებოდა, როგორმე უყიდეთო. დიდი ძალისხმევით ვიყიდე კომპიუტერი და სამოყვარულო დონეზე "ვორდი", "ექსელი" და კიდევ რამდენიმე პროგრამა შევისწავლე. ერთ დღესაც გამიფუჭდა კომპიუტერი და მეგობარს ვთხოვე შველა, ასე გამეორდა ზედიზედ და მივხვდი, ეს საქმე თვითონ უნდა მესწავლა. სწავლა-სწავლაში რამდენიმე ნაწილი გავაფუჭე, დავწვი, მაგრამ ბოლოს ვისწავლე. ინტერნეტიდან ვიწერდი ვიდეოფაილებს და იქიდან ვსწავლობდი, როგორ უნდა მემუშავა. ძალიან დავინტერესდი და ჩხირკედელაობაში ავითვისე. ცოტა ხნის წინ სერიოზული სპეციალიზაციაც გავიარე - ინტერნეტ-ტექნოლოგიები, კომპიუტერული ინჟინერია ავითვისე და უკვე სერტიფიცირებული სპეციალისტი ვარ, ე.წ. აიტიშნიკი (იცინის).

-  და დადიხართ შეკვეთებზე, აყენებთ პროგრამებს, წმენდთ ვირუსებისგან?

-  დიახ... თავიდან მეგობრები აძლევდნენ სხვებს ჩემს ნომერს, მერე იმათ სხვებს მისცეს და ასე დავაგროვე რამდენიმე კატეგორიად დაყოფილი კლიენტურა - რთულები, შედარებით რთულები, ადვილები და კარგები (იცინის).

-  ყველაზე ხშირად რა პრობლემები აქვთ?

-  პირველი შეკითხვაა, კომპიუტერის გაკეთების შემდეგ სოციალური ქსელი ხომ არ გამიქრება? კლიენტთა უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს პროგრამის "გადამყენებელს", ეშინია, "ოდნოები" და "ფეისბუქი" არ წაეშალოს. ბევრს ხომ საერთოდაც მხოლოდ მაგისთვის აქვს კომპიუტერი, რომ სოციალური ქსელებით "გაიმრავალფეროვნოს" ცხოვრება. არის ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად ჩახედულია, მაგრამ უმეტესობას უბრალოდ რაღაც გაუგია და იმაზე გეკამათება. ასეთ დროს ვეუბნები, შენ თუ იცი, მე რაში გჭირდები და რისთვის მიძახებ-მეთქი. ბევრს ეშინია, მუსიკა, ფოტოები და ფილმები არ წაეშალოს. ხშირად ყოფილა, გამოვუძახივარ, კომპიუტერი ან პრინტერი არ ირთვებაო, მივსულვარ და დენშიც არ ჰქონდათ შეერთებული... ყველაზე ხშირად, როდესაც გაიგებენ, რომ პროგრამისტი ვარ, მეკითხებიან, სოციალური ქსელის "გატეხვა" შემიძლია თუ არა?..

-  რისთვის სჭირდებათ?

-  ეს უფრო მეტად მაშინ ხდება, როდესაც ცოლ-ქმარს საერთო კომპიუტერი აქვს. ცოლი აკონტროლებს ქმარს და უნდა, მისი პაროლი იცოდეს, ან პირიქით, ქმარი აკონტროლებს ცოლს და მისი მიმოწერა აინტერესებს. საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ სოციალური ქსელით ბევრ ოჯახს ექმნება პრობლემა, რადგან ვირტუალური ურთიერთობები ადამიანების განუყოფელი ნაწილი ხდება. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმართან მივედი, ყველაფერი გავასწორე, ქსელი გავმართე. მამაკაცმა მთხოვა, აუ, ძმურად რა, "ფეისბუქზე" პაროლი შემიცვალე, არ მინდა, ცოლმა ჩემი მიმოწერა წაიკითხოსო... საყვარელი ჰყავდა... ის რომ ოთახიდან გავიდა, გოგონა შემოვარდა და მანაც იგივე მთხოვა... გავოგნდი, ორივეს ცალკე ჰქონდა რომანი გაბმული... ასეთი რამ არც ისე იშვიათია და ამიტომაც ვსაუბრობ ვირტუალური ურთიერთობების საფრთხეებზე.

-  ცნობილია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ უფროსი თაობის უმეტესობა თანამედროვე ტექნიკის წინაშე უსუსური იყო. ამ მხრივ შეიცვალა რამე?

-  არც ისე. ხშირად მეკითხებიან, რა განსხვავებაა "კუდიან" და "უკუდო" მონიტორებს შორის. ის თაობა, რომელიც წიგნის ეპოქაში გაიზარდა, დღემდე იბნევა კომპიუტერთან ურთიერთობისას. როდესაც რამეს ვასწავლი, გულდასმით იწერენ, მნიშვნელობა არ აქვს, ფოლდერის გახსნა იქნება თუ "ვორდის" ფაილის. მაგრამ სადარბაზოდან არ ვარ გასული, მირეკავენ, იცით, თქვენ რომ მასწავლეთ, ისე არ კეთდება, ანუ ფოლდერი არ იხსნება, სახელი არ ერქმევა. თან აუცილებლად ამბობენ, რომ არ კეთდება, ანუ შენ ვერ მასწავლე კარგად, თორემ მე ვერ დავიმახსოვრეო, თითქმის არასდროს აღიარებენ. მეც შუა ქუჩაში ვდგავარ და ვკარნახობ, როგორ უნდა დააჭიროს მარჯვენა ღილაკს, რათა ის ჯადოსნური ფანჯარა გამოვიდეს და ასე შემდეგ... თავიდან ასეთ წვრილმანებზე ვღიზიანდებოდი, ახლა ძალიან ვხალისობ. ხშირად, როდესაც ერთის კომპიუტერს შევამოწმებ, მისი მეზობელიც აუცილებლად მთხოვს, მისი კომპიუტერიც შევათვალიერო, რათა შევაფასო, რომელი უფრო მაგარია, მისი თუ მეზობლის? არადა, ხშირად არც ერთი არ არის აზრზე, სინამდვილეში რა მონაცემები აქვს კომპიუტერს. ძვირიანი კომპიუტერის შეძენის ჟინი ბევრს აქვს და როდესაც ვეუბნები, აუ, ნამდვილი რაკეტა გაქვს-მეთქი, ბედნიერია. მერე რა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რაში უნდა გამოიყენოს მისი მონაცემები... ისეც ხდება, მივდივარ და ვხედავ, "ვინდოუსი" არაფერ შუაშია, რომელიმე ნაწილია მწყობრიდან გამოსული. ასეთ შემთხვევაში ტყუილად, მარტო ფულის ასაღებად, დროებით არ გავაკეთებ, მაშინვე ვეუბნები, რომ ეს უკვე ხელოსნის საქმეა და გადავამისამართებ. მარტო ფულის გამო რაღაცის გაკეთება არ მინდა, თუ ვხედავ, რომ გაჭირვებული ადამიანია, იმას ფულსაც არ ვართმევ. უბრალოდ, თვითონ მაქვს ხოლმე ჟინი, ბოლომდე გავაკეთო, რაც შემიძლია ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო და თუ ხელი მოვკიდე საქმეს, დავასრულო კიდეც. მირჩევნია, მადლიერი კლიენტები მყავდეს, ვიდრე მერე ზურგსუკან მლანძღონ და მთათხონ (იცინის)... კიდევ ერთი რამ, რაზეც ადრე ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე და ვხალისობ, - როდესაც ბინაში შევდივარ, ზოგიერთი კლიენტი მეკითხება, სათვალე რატომ არ გიკეთიაო?

-  რატომ უნდა გეკეთოთ?

-  არ ვიცი, რადგან პროგრამისტი ვარ, აუცილებლად სათვალიანი უნდა ვიყო, ლურჯი ფერი მედოს სახეზე (იცინის)... ზოგი კომპიუტერის ექიმს მეძახის, ზოგი - ქირურგს... მეც, როდესაც ბინაში შევდივარ, ვკითხულობ, პაციენტი სად არის-მეთქი და ბევრი გაოცებული მიყურებს, ჩვენ ავადმყოფი არ გვყავსო (იცინის).

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვებზე, რომლებიც კომპიუტერს არიან მიჯაჭვული. ეს ეხება როგორც სკოლის ასაკის, ისე სკოლამდელ პატარებსაც. ამაზე ზოგჯერ მშობლები ზრუნავენ, უფრო მეტად - დედა. ოღონდ შვილმა არ შეაწუხოს და თანახმაა, დილიდან საღამომდე კომპიუტერთან იჯდეს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ დედა არ არის "გადავარდნილი" სოციალურ ქსელებში. არადა, თვალების პრობლემის გარდა, მათ ფსიქოლოგიური პრობლემებიც ექმნებათ, რადგან აგრესიულ თამაშებს თამაშობენ და ხასიათიც აგრესიული უყალიბდებათ.

-  თამაშებით დიდებიც კარგად ერთობიან...

-  დიახ, მაგრამ მე მინახავს სოციალურ ქსელზე დამოკიდებული ახალგაზრდები. თქვენ უფროსი თაობა ახსენეთ, მაგრამ ამ სფეროში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც სრულიად გაუთვითცნობიერებელია. მაგალითად, არ ესმით, რომ რაღაც ვიდეო შეიძლება ვერ გახსნან სათანადო პროგრამის მხარდაჭერის გარეშე და ამ დროს იწყება პროგრამისტის ლანძღვა, აუ, ეს რა "გუგლი" ჩამიწერაო... ერთხელ ვიღაც ბიჭმა დამირეკა ღამის ორ საათზე, ძმა, რაღაც დახმარება მჭირდება, "ოდნოკლასნიკებში" ამა და ამ გოგოს ეს კომენტარი როგორ უნდა დავუდოო?.. არის ბიჭების კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ მეორე ნახევარი კომპიუტერით უნდა იპოვოს. ძალიან განიცდიან, რომ საწინააღმდეგო სქესისგან სასურველ პასუხს ვერ იღებენ. რამდენჯერმე მკითხეს კიდეც, რამე პროგრამა თუ არსებობს ინტერნეტში, რომლითაც გოგოს შებმას შევძლებო.

-  რას პასუხობთ ასეთ რთულ შემთხვევებში?

-  ბარში ან კლუბში უნდა წახვიდე, ან დაბადების დღეებზე იარე და იქ გაიცნობ ვინმეს-მეთქი (იცინის).

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"