თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში ჟურნალისტ დავით პაიჭაძის სახლი გაქურდეს. როგორც პაიჭაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წაღებულია სხვადასხვა სახის ნივთები. მისივე თქმით, მას მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.
"მე მქონდა სიგნალი, რომ სამეზობლოში რამდენიმე სახლი იყო გატეხილი, რამაც დამაეჭვა და ამოვედი სანახავად. წაღებულია რაღაც ნივთები. რაღაც ნივთები გამზადებულია წასაღებად. სამეზობლოში სულ 5 სახლია გატეხილი და გაქურდული. ამჟამად ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ. მე მქონდა სიგნალი. საქმე, სავარაუდოდ, დღეს აღიძვრება", - აღნიშნა პაიჭაძემ.
მისივე თქმით, მიყენებული ზარალი მისთვის მნიშვნელოვანია. "ეს არის ჩემთვის მატერიალური და მორალური ზიანიც. მომხდარს პირადად ჩემთან დაკავშირებულს არაფერს ვუკავშირებ. პირადად ჩემი ჯინი არავის ჭირს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს არ მომხდარა. მეშვიდე წელია ეს აგარაკი მაქვს და არა თუ გაქურდვა, არამედ მცდელობაც არ ყოფილა ამის", - აღნიშნა ჟურნალისტმა.