კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

"არ მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გადაეყენებინა ვიცე-პრემიერი, მხოლოდ იმან განაპირობა, რომ ალასანია საკუთარ პარტიაში თავს განიხილავდა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს", - აცხადებს არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც ყველაზე სასურველ პარტნიორზე, ირაკლი ალასანიაზე გააკეთა აქცენტი. ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კონტექსტში და ზოგჯერ მინიშნებითაც არაერთხელ უთქვამს, რომ ირაკლი ალასანია იქნებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. კოალიციის სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ მათ შორის უკვე გადანაწილებული იყო უმაღლესი თანამდებობები და კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ხოლო ალასანია - საქართველოს პრეზიდენტი. ეს საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო და მას მერე, რაც კოალიციამ გაიმარჯვა, ვნახეთ, რომ საპარლამენტო ხელისუფლება, ძირითადად, რესპუბლიკელებმა (თავმჯდომარე და წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელები რესპუბლიკელები არიან) ჩაიბარეს, საჯარო ხელისუფლებაში კი უმაღლესი თანამდებობები, ძირითადად, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ქართული ოცნების" წევრებმა დაიკავეს. ამით კოალიციაში მეტ-ნაკლებად ბალანსი დაცული იყო და არ ვიცი, რა მოხდა შემდგომ. არა მგონია, "თავისუფალ დემოკრატებში" პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა იმის საფუძველი ყოფილიყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიშნებინა ალასანიასთვის, კოალიციაში ფავორიტი პოლიტიკოსის ადგილი დაკარგეო. ეს საკითხი უფრო ღრმად შესასწავლია.

- ალასანიას ამ ნაბიჯში გადაჭარბებული ამბიცია ხომ არ დაინახა ივანიშვილმა?

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში "თავისუფალ დემოკრატებს" მნიშვნელოვანი პოსტები უკავიათ და არ არის გამორიცხული, სადღაც რაღაც პრობლემა შეიქმნა ან ამ გუნდის წევრებმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად სცადეს პოზიციის გამაგრება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში თუ ძალოვან უწყებაში და შესაძლოა, ეს ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილმა. მხოლოდ ის, რომ ალასანიამ თავის გუნდში განაცხადა, პრეზიდენტობა მინდაო, არ იქნებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილების საფუძველი. თუ ამ ერთი განცხადების გამო დაატოვებინეს ალასანიას ვიცე-პრემიერის პორტფელი, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა პრემიერს რეაგირება რესპუბლიკელების დაუბალანსებელ განცხადებებზე. დრო და მოვლენების განვითარება აჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში კოალიციაში.

საქართველოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ამით ხაზს უსვამენ მინისტრთა კაბინეტში პიროვნების წონას. ალასანია ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო კანდიდატი იყო და ამიტომაც ჰქონდა მას ვიცე-პრემიერის რანგი.

- ითქვა, რომ ალასანიამ პირველობისთვის წამოიწყო ბრძოლა და ამიტომაც დაისაჯა.

- კოალიციაში თავიდანვე გარკვეული იყო, ვინც არის იქ პირველი და არა მგონია, ვინმეს საჯაროდ გამოეხატა თავისი პოზიცია, პირველობა მინდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პირობებშიო. კოალიციის ლიდერები ხელისუფლებაში იმიტომ არიან, რომ ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდნენ, თორემ ვერც ერთი ეს პოლიტიკური ძალა ვერ გადალახავდა 5%-იან ბარიერს. ამიტომაც ივანიშვილისთვის საკუთარი პირველობის აშკარად დამტკიცებას ვერავინ გაბედავს, თუმცა, შესაძლებელია, იმ ბერკეტებით, რაც აქვთ (ან რის მოპოვებასაც ლამობენ), ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას სამომავლოდ, იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან.

ჩანს, რომ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან თავის დამკვიდრებას განსაკუთრებით რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები" ცდილობენ. რესპუბლიკელებს თვითმმართველობებში დამკვიდრება სურთ, ალასანია კი საჯარო სექტორსა და ძალოვან უწყებებში იმკვიდრებდა თავს იქ თანაპარტიელების დანიშვნით. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები მრავლად არიან შს სამინისტროში, რაიონული პოლიციის უფროსებიც მისი გუნდის ხალხია. შესაძლებელია, ამ ეტაპზე ივანიშვილმა ამბიცია მოუთოკა ალასანიას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა