კაცი სიცოცხლეში ბევრ რამეს ნახავს, კარგსაც და ავსაც. ზოგჯერ უარესსაც, მაგრამ რაც დედა-შვილი, ნატალია კობიაშვილი და მაია ხარაზიშვილი ვნახე, ყველაფერი დამავიწყდა და თავზარდაცემულს თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ამ სახლიდან უნდა წავიდე, რადგან ვეღარ გავუძლებ-მეთქი... ნეტავ, ისინი როგორღა უძლებენ, თანაც 28 წელიწადი! დედა - ჩვილის საბანში გახვეული 28 წლის შვილის ტანჯვას, შვილი კი საკუთარი ძვლების მტვრევას. თანაც უსიტყვოდ - ტკივილისგან მხოლოდ ქვედა ტუჩი აქვს შეჭმული.
- როცა რომელიმე ძვალი ტყდება, ტუჩს სიმწრით კბილებში მოიქცევს და იჭამს. მერე ტირის. იტირებს, იტირებს ასე ერთი კვირა და მერე გაჩუმდება. მზად ხართ, საბანი გადავხადო და მისი დამტვრეული ძვლები გაჩვენოთ?
- არა, დაიცადეთ! ეს ის საბანია, თქვენს შვილს ჩვილობაშიც რომ ეფარა?
- ჰო. სამი თვის რომ იყო, მაშინ ვუყიდე. მას შემდეგ ყიდვა აღარ დამჭირვებია, გონებაც სამი თვის ბავშვისა აქვს. თერთმეტ წლამდე საწოვარათი ვაჭმევდი, შემდეგ კოვზით, დაბლენდერებულს. თერთმეტი წლიდან ძვლები ემტვრევა. თაბაშირს ვერ ვადებ, აზრი არ აქვს.
- მოდი ორივე დავმშვიდდეთ და ყველაფერი მომიყევით.
- მერე რა გამოვა! წლები ვწერდი და დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ რა, ჩემს შვილს დღე-ღამეში 6-7 პამპერსი სჭირდება, ამის ფულსაც სისხლის ჩაბარებით ვშოულობდი. ახლა ამასაც ვერ ვაკეთებ, - დიაბეტი დამემართა, ვის უნდა დიაბეტიანი სისხლი?!
არადა, ჩემი გოგო ჯანმრთელი დაიბადა. სამი თვისა ბებიასთან წავიყვანე ველისციხეში, ექიმმა - ძუძუ აღარ ჰყოფნის და ხელოვნური საკვები გაიყოლეო. შეჭამა თუ არა, ფაღარათი დაეწყო, სიცხე 40-ზე აუვარდა. იმავე დღეს თბილისში დავბრუნდით და ბავშვი ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურში დავაწვინეთ. მაღალი სიცხე ჰქონდა და ექიმმა აუცილებლად ზურგის ტვინიდან უნდა ავუღოთ სინჯიო! რომ აუღეს, ბავშვს რამდენიმე წუთში ხელზე ვაკოცე და როცა გავუშვი, მოწყვეტით დაუვარდა საწოლზე. ექიმთან შეშლილი გავვარდი. იმან - ნუ გეშინია, ბევრი წამალი რომ მიიღო, იმიტომ არის მოთენთილი, გაუვლისო. მაგრამ მარტო კუჭის აშლამ გაუარა. ბოლოს, ფურცელი შემომიტანეს, - ხელი მოაწერე, რომ ბავშვი მძიმედ ავადმყოფი შემოიყვანე და ჯანმრთელი გაგყავსო. არა-მეთქი! მაშინ არ გაგიშვებთო. ნუ გამიშვებთ-მეთქი! ერთი თვე მამყოფეს და ვერაფერს გავხდი, - 1985 წელი იყო. მერე ბავშვიც შემეცოდა და წამოვედი. თანაც რაღაც იმედი მქონდა... დრო რომ გავიდა, ისევ მივედი იმ ექიმთან - ბავშვს სიკეთის არაფერი ეტყობა-მეთქი. იმან - დამიმტკიცე, რომ ეს ჩემი ბრალიაო!