არც ჩოჩელი, არც პატარიძე და არც ქელბაქიანი პოლიტიკური ნიშნით დევნილები არ არიან, სასამართლო კი, ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ზემოხსენებული პირების პატიმრობაში ყოფნის შესახებ და ისინი გირაოთი გამოუშვა.
"დღეისათვის სასამართლო არის ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში. მას ადრე მსგავსი პოზიცია არ ჰქონდა და გირაოთი ბრალდებულებს არ უშვებდა. არც ჩოჩელი, არც პატარიძე, არც ქელბაქიანი ან სხვა ვინმე არ არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ასევე ისაუბრა სასამართლო რეფორმაზე და მოსამართლეებს მოუწოდა, რომ გათავისუფლდნენ და მოემზადონ იმ დიდი ცვლილებებისთვის, რასაც პარლამენტში შესული კანონპროექტი ითვალისწინებს.
"უახლოეს პერიოდში შევხდებით ვენეციის კომისიას და ავუხსნით, თუ როგორ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ეს რეფორმა ჩატარდება და მოსამართლეები გახდებიან დამოუკიდებლები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.