"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში კოჰაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, ოპონენტებზე ისე ისაუბრა, ყველას მკაფიო წარმოდგენა შეექმნა იმაზე, თუ რას გულისხმობს კოჰაბიტაცია ქართულად. ამ თემით დავიწყეთ საუბარი პოეტ დავით მაღრაძესთან:

- მოსახლეობამ ზნეობრივი გარდატეხა მოახდინა ქვეყანაში და ბიულეტენებით, კენჭისყრით მოუგო არჩევნები იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვებს ესროდა. ლოგიკური იყო, რომ ქართველ ხალხს გაემარჯვა იმ უზნეობასა და ძალადობაზე, რომელიც "ნაცმოძრაობამ" დაამკვიდრა ქვეყანაში.

სააკაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან თქვა, რომ კოჰაბიტაცია საჭიროა, მაგრამ ამის მერე რაც ილაპარაკა, სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ კოჰაბიტაცია ჩაშლილიყო. თუმცა, ეს პროცესი ვერ ჩაიშლება, რადგან თანაცხოვრებასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას საქართველოში საუკუნეების ისტორია აქვს. ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებასა და წინაპრის შეურაცხყოფას არასოდეს შეიწყნარებს...

ადამიანების ჩეხა და ცოცხებით წამება პოლიტიკა აღარ არის. არ ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ერთნაირად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე, რადგან იქაც არიან ადამიანები, რომელთაც გააცნობიერეს, რომ სააკაშვილი მათთვისაც ზედმეტია. ამ კაცს გამეტებული ჰყავს თავისი მომხრეების მცირე ჯგუფი. ურჩევნია, ციხეში გაგზავნოს ისინი, რომ მერე კომენტარები გააკეთოს. სააკაშვილი თავის მომხრეებს უშლის ხელს ცხოვრებაში, თორემ ის საქართველოსთვის პრობლემა აღარ არის. უნდა ზუგდიდში წავიდეს, უნდა ქუთაისში და უნდა ბებიას ჩაუჯდეს კალთაში.

- როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე ლაპარაკობს, ესეც არ არის პრობლემა?

- შეპყრობილი ადამიანის ასეთ უსუსურ და უმწეო გამოსვლას იუმორით უნდა შეხედო. სააკაშვილი ის ადამიანია, ვისაც არავინ მოუყვა, რა არის საქართველო, რომ საქართველო მოდის კოლხეთიდან, იბერიონიდან, რომ აქ მეოთხე საუკუნეში მოციქულთა სწორი წმინდა ნინო შემოვიდა და მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მოქცევით დაიწყო ქრისტიანობა. ეს ყველაფერი დაუმალეს ამ კაცს და მანაც არაფერი იცის. გენიალურმა მოაზროვნემ და პოეტმა შოთა რუსთაველმა ოროსან სააკაშვილს რაბათის ციხესთან საქვეყნოდ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა და ქართულ კულტურაზე საუბრის უფლება. ეს კაცი არც ქრისტიანობის ისტორიას იცნობს, არც კათალიკოსის ინსტიტუტს და არც ავტოკეფალიაზე აქვს წარმოდგენა. ყველამ დაინახა, რომ ეს კაცი მახათას მთაზე პირდაპირ პატრიარქის სავარძელში ჩავარდა და იქიდან გაღიმებული იყურებოდა.

- ახალ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებს. თქვენ თუ ხედავთ საგარეო ვექტორის რუსეთისკენ გადახრას?

- წინა ხელისუფლებას კურსი საერთოდ არ ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე არავის დავენახეთ. როდესაც ადამიანის უფლებებს სააკაშვილივით გათელავ, იქ ნატოსა და ევროპაზე აღარ არის ლაპარაკი. რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ეს სამუდამო მეზობლობაა. ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი პუტინის ლანძღვით საქართველოს აძლიერებდა? მან ჩვენი მიწა-წყალი დაკარგა და ხელი მოაწერა კაპიტულაციას.

ბოლო ათწლეულებში მოდაში იყო გაცხადებული პატრიოტიზმი, სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარული. ასეთ აღვირახსნილ სიყვარულში შემჩნეული ადამიანები აფხაზეთის ომის დროს სადღაც დაიმალნენ, გულწრფელი ხალხი კი ომში წავიდა და დაიღუპა. ეს ფიურერები კი კაბინეტებში დარჩნენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია განსწავლული ადამიანების საქმეა და, როგორც იქნა, სერიოზული ადამიანი მოვიდა ბიძIინა ივანიშვილის სახით.

კარგია, რომ საპატრიარქოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში მკაფიო პოზიცია აქვს, ინარჩუნებს ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან. პატრიოტიზმის მოტივით პატრიარქს ეს ურთიერთობა შუა გზაზე არ მიუგდია და დიდი სიბრძნით მოქმედებს. ეს ცრუპატრიოტები კი გამეცადინებული არიან, რუსეთთან რკინიგზა არ გაიხსნას, რომ იქიდან დოსტოევსკი არ შემოგვეპაროს ან ვიღაცამ რუსული წიგნი არ გადმოიტანოს. ვერც ერთი პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეძლებს, რომ კულტურის გზაზე ჩააყენოს მილიტარისტული ბლოკპოსტი. ვერასოდეს დავკარგავ ანა ახმატოვათი და მარინა ცვეტაევათი აღტაცებას. ეს რომ დავკარგო, მოვკვდები არა როგორც პოეტი, არამედ აღარ ვიარსებებ როგორც ადამიანი. თუმცა ერთი საფრთხე მაინც არის ჩვენს საზოგადოებაში. სააკაშვილისთვის რომ ესიამოვნებინათ, ხელოვანი ხალხი რუს კოლეგებს აღარ ესალმებოდა. ცოტა მაფრთხობს, რომ ახლა არ დაიწყოს ხბოს აღტაცების ენთუზიაზმი ამ ურთიერთობის გზაზე. ჩრდილი ადგება ქვეყნის ღირსებას, როდესაც ლაქიებივით გარბიან ვიღაცები, რომლებიც წინათაც იყვნენ რუსეთში სირბილს მიჩვეული. რაც იყო, ის აღარ იქნება, ახლა ღირსეულმა ადამიანებმა უნდა დაალაგონ ურთიერთობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა