ეს ამნისტია ბებიაჩემი მზია წერეთლის მიღებული არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც, რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება და მისი მიღებული არ არის. ეს არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტია, რომელზეც ჩვენ ცალკე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. გიგა ბოკერია ამ თემაზე კვირაობით ელაპარაკებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილს, მე ველაპარაკე ამ თემაზე ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით, არ გაუშვათ შკლინიკოვი და ძმანი მისნი, არ გაუშვათ გარეთ ჩახალიანი",-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, "დანარჩენები ბანდიტები, ოთანაძე და მისთანები" პრობლემაა, მაგრამ მოგვარებადი. "აგერ, გატეხილია აგარაკები და ჯიხურები და ეს არის დასტური, მაგრამ ეს მოვლადი პრობლემაა. ახლა რომ იძახიან ჩახალიანზე, რამე ხმას ამოიღებს და უკან შევკეტავთო, ვერაფერს ვერ შეკეტავთ. დიდი ხნის წინ იყო, როდესაც ჯავახეთში ვერც ერთი ქართველი პოლიციელი ვერ შედიოდა?! ეს იყო "ვარდების რევოლუციამდე". მე დამჭირდა ორი წელი, "ვარდების რევოლუციიდან", რომ აქ დამემყარებინა წესრიგი",-დასძინა სააკაშვილმა.