შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელ ელენე თევდორაძისთვის უცნობია, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა კომისიაში დეპუტატები. მისი თქმით, რადგან კომისიის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების ყოფნის საკითხი ამოღებულია, ეს ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობაში ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ჩაერთვება.
"პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კომისიაში არ იყვნენ დეპუტატები, არც ოპოზიციიდან და არც - უმრავლესობიდან. რაკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ნიშნავს, რომ კომისიაში ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი შევა. რაც შეეხება კომისიის წინა შემადგენლობაში მთავრობის წარმომადგენლების ყოფნას, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავის დროზე კომისიაში დეპუტატის რანგში შევიდნენ და მოგვიანებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს", - განმარტავს ელენე თევდორაძე, რომელიც განახლებული შემადგენლობის კომისიის სხდომის ჩატარებას უახლოეს ერთ კვირაში გეგმავს.
შეწყალების საკითხთა კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა. პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. კომისიას კვლავ ელენე თევდორაძე უხელმძღვანელს და მის შემადგელობაში შედიან დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩევლები ნინო კალანდაძე, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, მიტროპოლიტი თეოდორე.
ამასთან, "შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, საზოგადოების წარმომადგენლები . პრეზიდენტმა შესაბამის პუნქტში ცვლილებები შეიტანა და ჩაწერა, რომ "კომისიის შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველი და სხვა წევრები".