საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მინსკში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა განუცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.
"საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან აღნიშნულ საკითხზე კონტაქტები უკვე დაწყებულია. ევდოკიმოვის აზრით, დსთ-ს წევრი არც ერთი ქვეყანა არ იქნება წინააღმდეგი, რომ საქართველო თანამეგობრობაში დაბრუნდეს.
საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.