"მოძრავი კარვები" და "უძრავი პრეზიდენტი"

"მოძრავი კარვები" და "უძრავი პრეზიდენტი"

მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაშლილ კარვებში ყოველდღე უამრავი ადამიანი მიდის. როგორც მოძრაობა "ერთსულოვნების" წევრებმა განაცხადეს, სააკაშვილს უფლებამოსილება 20 იანვარს ამოეწურა და ისინი რეზიდენციასთან იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობაზე უარს იტყვის. აქციაზე მისული ადამიანები მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ტოვებდნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ავლაბრის რეზიდენციასთან "ღირსების შეკრების" ინიციატორი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, თუკი თბილისიდან განდევნილმა სააკაშვილმა ზუგდიდს მიაშურა, ისინი იქაც დასცემენ კარავს და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი "სახლში არ წავა"...

- ამას არც მიტინგს ვუწოდებთ და არც აქციას, ეს არის "ღირსების შეკრება" და აქ რომ არ შევკრებილიყავით, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი იქნებოდა. ამ დღეებში იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი პაატა ცნობილაძე თავის ამერიკელ კოლეგებს ესაუბრა. მათ არ დაიჯერეს, როგორ, პრეზიდენტს კონსტიტუციაში 5 წელი უწერია, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა და ის არღვევსო?.. ამიტომაც ვუთხარით ყველას ასე ხმამაღლა, რომ არ ვართ ის ხალხი, ვისაც შეიძლება, თავზე ვიღაც დააჯდეს. ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე სერიოზულ ინტერესს იჩენენ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიომ გაიგო, რა ხდება საქართველოში. ჩვენ პარლამენტში შევედით წინადადებით და გადაწყვეტილების პროექტი წარმოვადგინეთ, რომლის მიღებასაც არც იმპიჩმენტი სჭირდება და არც ხმათა უმრავლესობა, უბრალოდ, უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია 5 წლის ვადით და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს სახლში.

- თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდში გადადის...

- ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, თუ მან მართლა დააპირა წასვლა, აუცილებლად ზუგდიდშიც ჩავალთ და "ღირსების შეკრება" იქაც გაგრძელდება. სააკაშვილი ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რათა რეგიონები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ქვეყნის მომავლისთვის ცუდია. სხვათა შორის, მე ვთქვი თავის დროზე, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არ იქნება უბედურება, მაგრამ როდესაც თბილისში დააბრუნებენ, მაშინ დაიწყება უბედურება-მეთქი... მე, როგორც ქუთაისელს, მიმაჩნია, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. ახლა, როდესაც მისი თბილისში დაბრუნების პროცესი იწყება, წინა ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები და ვიღაცები აყვირდნენ, რომ ეს ქუთაისის უარყოფის ტოლფასია. ცხადია, საპარლამენტო ქალაქობა პრესტიჟია, მაგრამ პარლამენტი დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს... თუ მაინცდამაინც ქუთაისის აღმშენებლობა უნდოდათ ამ ოჯახაშენებულებს, გადაეტანათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნახავდნენ, როგორ აისახებოდა ქალაქის განვითარებაზე. არანორმალურია, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, პარლამენტის თბილისში გადმოტანით ქუთაისი მკვდარი ქალაქი გახდებაო. მაინტერესებს, მას წაუკითხავს ბერლინის ისტორია? მაშინაც კი, როდესაც ის ქალაქი დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს, არც ერთ გერმანელს არ წამოსცდენია, ბერლინი მკვდარი ქალაქიაო. მეტიც, ყველა ამბობდა, ბერლინი დამატოვებინეს, ახლა ჩემი ქალაქი მხოლოდ ფურცელზე დარჩა, მაგრამ ჩემი ბერლინი იქ, ქაღალდზე ცხოვრობსო... საქართველოს ვადაგასულ პრეზიდენტს ნაფიქრი აქვს იმაზე, რასაც ამბობს?.. ბათუმი, ზუგდიდი, თელავი და სხვა ქალაქები, სადაც პარლამენტი არ არის, მკვდარი ქალაქებია?.. ასე უაზროდ წამოსროლილმა სიტყვებმა ბევრჯერ მიგვიყვანა დაპირისპირებამდე... წლებია გვიკიჟინებენ, რუსეთს ვებრძვითო და იმას აკეთებენ, რაც მას აძლევს ხელს. ახლა ამ პროცესებში ზუგდიდი ჩაერთო.

- მიგაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის გახლეჩას ემსახურება?

- რა თქმა უნდა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ჩემთან რუსი გენერალი გერასიმოვი მოვიდა. ის მაშინ ქუთაისში XXI ბრიგადის, შემდგომში კი გარნიზონის ხელმძღვანელი იყო, მისგან მოვისმინე, რომ ასლან აბაშიძის ინიციატივით, თედო ნინიძე მიიწვიეს და რუს გენერლებს შეახვედრეს, რომელთაც მას წინადადება წაუყენეს, მთელი დასავლეთი საქართველო ცალკე ყოფილიყო და დედაქალაქი ქუთაისი იქნებოდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქი კი - თბილისი... რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ უფრო ადრე, როდესაც თბილისს სომხები ხელმძღვანელობდნენ, მათაც უნდოდათ მმართველობის ქუთაისში გადატანა, რათა თბილისი მთლიანად მათ ხელში დარჩენილიყო...

აი, ასეთი მძიმე მაგალითები გვაქვს ისტორიიდან და ძნელი მისახვედრია, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი ქართული საქმე არ არის?!. ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს იმდენი რეზიდენცია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს და ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მზაკვრულად გათვლილი. ეს არის სეპარატიზმის გაღვივების ყველაზე დიდი ბიძგი და ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომელსაც აღმშენებლობაზე აქვს პრეტენზია. თუ ასე ძალიან უყვარს ზუგდიდი ამ ვაჟბატონს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გადაეტანა და ნახავდა, როგორ წაადგებოდა რაიონს.

- ამ საკითხში თქვენთან ერთად არის მოძრაობა "ლაზარე", თუ დამოუკიდებლად აპირებთ ამის მიღწევას?

- არა, დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, "ლაზარე" ძალიან სერიოზული და ძლიერი მოძრაობაა, ბატონი რეზო ამაშუკელის ორგანიზატორობით, ჩვენ ამას მივესალმებით და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობას შევძლებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ცალ-ცალკე ვმოქმედებთ... როგორ უნდა მიიყვანო ხალხი იქამდე, რა შედეგიც მისმა პრეზიდენტობამ მოიტანა. ყოველდღე ასობით ათასი ხელმოწერა მოდის. ჩვენთან ერთად იდგნენ ცოცხალი ლეგენდა მანუჩარ მაჩაიძე, რეზო ძოძუაშვილი და ომარ მხეიძე, ჩვენთან ერთად აგროვებდნენ ხელმოწერებს. მათ შორის იყო 86 წლის რეზო ჩხეიძეც...

- ბატონო თემურ, თქვენს ადგილს რა სფეროში ხედავთ ახალ ხელისუფლებაში?

- ვერსად, ეს არ არის ჩემი მოწოდება. ჩვენ გვინდა, "ნაციონალური მოძრაობა" და პრეზიდენტი, როგორც ჩასაფრებული ლიდერი, ჩამოშორდნენ საქართველოს და ამას როგორღაც უნდა მივაღწიოთ, რათა "ქართულმა ოცნებამ" თავისუფლად იმუშაოს. პროგრამა, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, მე, როგორც მასზე ნაწყენი და გულნატკენი ადამიანი (არ დავაკონკრეტებ, რატომ) ვამბობ, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა არის, თუმცა, "ნაციონალების" დაუნდობელი ბრძოლის შედეგად ის ინგრევა, ამიტომაც გვინდა მათი მოცილება. ივანიშვილი კიდევ ერთხელ თუ არ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ ის "გარედან", დასავლეთიდან შეაშინეს, ეტყობა უნდათ, კუდი მოაქნევინონ და უკან მოაბრუნონ. თუ ძლიერი პრემიერ-მინისტრი ხარ, ხომ ხედავ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტს უძრაობა დაემართა, არსადაც არ მიდის და უნდა აიძულო. ამიტომაც ვამბობ, დიახ, სააკაშვილმა გორში კი დაიჩოქა, მაგრამ ახლა პარლამენტიც დაჩოქებულია, რადგან ამბობს, "ერთსულოვნება" სამართლებრივად მართალიაო, მაგრამ ამის დასამტკიცებლად არაფერს აკეთებს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილს მოვაცილებთ, პრემიერ-მინისტრს ვეტყვით, ჩვენ მოგაცილეთ ამ ქვეყნის მტრები, ახლა კი შეასრულეთ დაპირებები. მე "ქართული ოცნების" წევრი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები.

- რა გაძლევთ ასეთი კატეგორიულობის საფუძველს?

- განსხვავებული ხედვები. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია "რესპუბლიკური პარტია" და მათ გვერდით ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. არ ვამბობ, რომ ჩემი ხედვა ჯობს ან იმათი, ეს ხალხმა გაარკვიოს, მაგრამ მე მზად ვარ, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მათ მიერ შემუშავებული პროგრამის კონტროლი ვაწარმოო. რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივი ინტერნეტპარლამენტის შექმნას ვაპირებდი, რომელიც თეორიულად ისეთივე იქნებოდა, როგორიც ჩვეულებრივი პარლამენტია. მისი ამოქმედების შემთხვევაში ნახავდა ბიძინა ივანიშვილი, რას ნიშნავს საზოგადოებრივი კონტროლი, მაგრამ ბატონმა რეზო ჩხეიძემ, მიხეილ ანდღულაძემ და სხვებმა მთხოვეს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები შემეგროვებინა და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო.

ამ დღეებში თქვა, ქართული პოლიტიკის ჭორვილიზაციას არ დავუშვებო. როგორც უნდა სძულდეს ივანიშვილი, სოფელს რატომ აყენებს შეურაცხყოფას?!. ან ბიძინა ივანიშვილი რატომ ითმენს მის ასეთ გამოხდომებს? ერთხელ თქვა და კიდევ თუ არ იტყვის, რომ მისი ვადა ამოიწურა, ხოლო პარლამენტი შესაბამის დადგენილებას არ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი სააკაშვილის ქმედებებზე აგებენ პასუხს. არადა, იმერეთიდან ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი ძლიერი პიროვნებაა და ისეთი უბრალო ადამიანი არ არის, როგორიც წარმოედგინათ. მიკვირს, ასე შეაშინეს გარედან?.. არადა, სააკაშვილმა ივანიშვილს რამდენჯერმე მიანიშნა, რომ მისი აზრები არ აღელვებს.

ეტყობა, სააკაშვილი ვიღაცას გაურიგდა უცხოეთში, რომელსაც ასეთი პირობა წაუყენა - ჩვენ მას არჩევნებს მოვაგებინებთ, მაგრამ შემდეგ ისევ დავბრუნდებიო, ამიტომაც იქნევს კუდს. ან შეიძლება უთხრეს, არ გააყალბო არჩევნები, ძალაც არ გამოიყენო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისევ დაგაბრუნოთო... აბა, სხვა რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ მის ქმედებებს, თუ ამერიკაში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან ერთი საათის შემდეგ ის ადამიანი წასულად ითვლება, საქართველოში რატომ არ ხდება ასე?.. დამარწმუნოს ვინმემ, რომ ვცდები. ივანიშვილი ალბათ შეწუხებულია მისი თავზეხელაღებულობით, მაგრამ ნეტავ თუ ესმის, რომ ასეთ კაცთან თამაში არ შეიძლება? ასე მცირე დროის განმავლობაში ამდენი რამ შეძლო და ახლა რატომ იხევს უკან, გვაჩოქებენ? ჩემთვის დაჩოქებული არც პრეზიდენტი ვარგა და არც პარლამენტი. რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ამდენი რამის გადატანამ მოგვიწია... 4-ათასწლოვანი არსებობის განმავლობაში საქართველოს არც ერთი მმართველისთვის არ დაუჩოქია. XXI საუკუნის საქართველოს პრეზიდენტმა მიწაზე იფორთხა, მაგრამ შევარჩინეთ. ახლახან ბელგიაში ყოფნისას თქვა, საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ჩამორჩენილი საქართველო იყოო, გამოდის, რომ ტაჯიკეთი და თურქმენეთი, უზბეკეთი ჩვენზე განვითარებული ყოფილა? საინტერესოა, რამდენჯერ უნდა დაგვასხას ამ კაცმა თავს ლაფი, რომ მოვიშოროთ?..

- ამ დროისთვის დაახლოებით რამდენი ხელმოწერაა?

- ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვიცი, რომ ერთ მილიონს ბევრად გადასცდა. საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან დაგვირეკეს, უამრავი ადამიანი ითხოვს ხელმოწერას, მაგრამ ფინანსური საშუალება არ გვაქვს, ჩვენი ხალხი გავგზავნოთ, ამიტომ ხელმოწერის ბლანკებს სამარშრუტო ტაქსებით ვაგზავნით. ერთ-ერთმა სახალხო არტისტმა, რომლის გვარსაც არ დავაკონკრეტებ, თავის მეზობლებში 500-მდე ხელმოწერა შეაგროვა. ეს პროცესი იმდენ დღეს, კვირას, თუ თვეს გაგრძელდება, სანამ რეალურ შედეგს არ მივიღებთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა