ვანო მერაბიშვილი - "მოვუწოდებ მთავრობას, არ დაუშვას "კანონიერი ქურდების" ბატონობის დაბრუნება"

ვანო მერაბიშვილი - "მოვუწოდებ მთავრობას, არ დაუშვას "კანონიერი ქურდების" ბატონობის დაბრუნება"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, "კანონიერმა ქურდებმა" ციხეებიდან გამოსვლა დაიწყეს.

"მინდა ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ციხეებიდან უკვე დაიწყეს გამოსვლა "კანონიერმა ქურდებმა". იმ ფონზე, როცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მკვეთრად გაუარესდა საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა და ამას თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ, "კანონიერი ქურდების" გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერაბიშვილმა მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს "კანონიერი ქურდების" ბატონობა.

"მე ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველომ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელსაც მან წლების განმავლობაში მიაღწია _ საქართველო იყო თავისუფალი "კანონიერი ქურდებისგან" და იყო უსაფრთხო ქვეყანა. არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს, ძველ, ბნელ დროში, როცა ჩვენი შვილების და ჩვენს საქმეებს არჩევდნენ კანონიერი ქურდები, იკრიბებოდა "ობშიაკი" და ისინი მართავდნენ არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არამედ ეკონომიკას და ხშირად პოლიტიკაშიც ერთვებოდნენ.

იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს დამსახურებული პოლიციელების გაშვება პოლიციიდან, ეს ფაქტი არის ძალიან საგანგაშო. ამიტომ მე მოვუწოდებ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს "კანონიერი ქურდების" ბატონობა და მათ არ განსაზღვრონ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, მით უმეტეს იმ დიდი შეცდომების ფონზე, რომელიც ამ თვეებში დაუშვა, როცა უამრავი დამნაშავე გამოუშვა ციხიდან", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის აზრით, "კანონიერი ქურდების" გამოშვება არის ბოლო წვეთი, რომელმაც შესაძლოა, ვითარების გაუარესება გამოიწვიოს და უსაფრთხოების განცდას წერტილი დაუსვას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა