რატომ იწერდა საკუთარ სიზმრებს პაატა ზაქარეიშვილი

რატომ იწერდა საკუთარ სიზმრებს პაატა ზაქარეიშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში სამუშაო კაბინეტში ვესტუმრეთ. იმას, რაზეც პაატა ზაქარეიშვილს მეუღლე შენიშვნას აძლევს, ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, საინტერესო ინტერვიუ ჩაგვეწერა. როგორც საუბრიდან გავარკვიეთ, მინისტრი სწორედ იქაა, სადაც ნამდვილად მისი ადგილია. წლებია, იმ საკითხებზე მუშაობს, რომელთა გადაწყვეტაც ქვეყნისთვის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

- როგორ გრძნობთ თავს ამ კაბინეტში, მინისტრის სავარძელში? რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ამაზე არ მიფიქრია. არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ მეძლევა საშუალება ვაკეთო ის, რაზეც ამდენი ხანი ვლაპარაკობდი. ხელისუფლებებს ვაკრიტიკებდი, ვეუბნებოდი, რა არ უნდა გაეკეთებინათ და რა უნდა გაეკეთებინათ, უცებ ვხედავ, რომ თურმე შეიძლება ამის გაკეთება. ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს მოქცევა. ისეთი ხალხი გამოჩნდა წინ, რომელიც ამდენ ხანს უკან იყო და შენი იმედი არ ჰქონდა. ზოგიერთმა კი უკან დაიხია, ეს მართლა იმის გამკეთებელია, რასაც ამდენ ხანს ლაპარაკობდაო. მე კი გამიჩნდა უნიკალური შანსი, შევამოწმო ჩემი თავი, რამდენად ვარ მზად იმის გასაკეთებლად, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდი. მხარში ამომიდგა ადამიანი, რომელსაც ჩემი სჯერა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. მასთან ერთად მხარში მიდგას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელსაც ასევე სჯერა ჩემი. მრავალი წელია, მასთან ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ, ივანიშვილი კი არ მიცნობდა, ალბათ, მხოლოდ წერილებიდან, მაგრამ უცებ მენდო და მომცა ასეთი სერიოზული მიმართულება. რაღაცებში არ მეთანხმება, მაგრამ ესმის ჩემი და კარგად ხვდება, რა მინდა. მშვიდად ვარ და ვიცი, რომ მივიღებ სერიოზულ, კომპეტენტურ რეაგირებას, თუგინდ უარყოფითს, ჩემს პოზიციებზე. ვხედავ, სად შეიძლება მოძრაობა და სად - არა, სად უნდა გავაჩერო პროცესები და სად უნდა წავწიო წინ. ასე რომ, დინამიკაში ვარ და ყველა მხრიდან ვგრძნობ რეაგირებას, დასავლეთიდან, ევროკავშირიდან, საელჩოებიდან. ყველას გაუჩნდა მოლოდინი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

- ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სამინისტროს ხელმძღვანელობთ. არ გინანიათ, რომ ამ პოსტს დათანხმდით?

- არა, ჩემი მხრიდან არდათანხმება ფარისევლობა იქნებოდა, ზოგჯერ მიფიქრია, ხომ არ ჯობდა, არ შემოეთავაზებინათ-მეთქი (იღიმის). ამ შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებოდი, სამართლიანი იქნებოდა შეკითხვა - მაშინ ამდენს რას ყბედობდიო (იცინის). ამ თემას პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩემი ამოცანაა, აფხაზებმა და ოსებმა იგრძნონ, რომ საქართველო მათთვისაც არსებობს, მინდა, მათი ლობისტი ვიყო საქართველოში და მათი ინტერესები დავიცვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაგრძნობინო, რომ ეს ქვეყანა სულ სხვანაირი იქნება და ამ ქვეყანაში მათ ღირსეული ადგილი აქვთ. რადგან 20 წელი სამოქალაქო სექტორში ვმუშაობდი, იქ რესურსები მაქსიმალურად ამოვწურე, უცბად კი გამიჩნდა შანსი, სახელმწიფოს სახელით გავაკეთო ბევრი რამ. ახლა ახალ გამოწვევებს შევეჭიდე. მარტო მე ოქროს კაცი რომ ვიყო და იდეალურად ვაკეთებდე ყველაფერს, არაფერი გამოვა, ახალი ხელისუფლების მოსვლით გაჩნდა შანსი, რომ ყველაფრიდან გამოვიდეთ მეტ-ნაკლები მშვიდი, ნორმალური დინამიკით, განსაკუთრებით კონფლიქტებიდან. კონფლიქტები ადრე თუ გვიან მთავრდება. ჩვენ და აფხაზებს, ჩვენ და ოსებს არ გვაქვს სხვა შანსი იმის გარდა, რომ ოდესმე უნდა შევრიგდეთ და ეს ოდესმე დღეს დადგა!.. უნდა დავანახვოთ, რომ არ გვიხარია მათი პრობლემები. ჩვენ არ გვიხარია ის, რომ საკუთარ თავს ვერ შველიან და იძულებული არიან, რუსეთს მიეკედლონ. გვინდა, შევთავაზოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მათთვის ღირსეული იქნება.

- პირველ ღონისძიებად ამისთვის რა გესახებათ?

- სააკაშვილის აგრესიის გაჩერება და ეს უკვე დავიწყეთ. შემიძლია, ასეთი შედარება გავაკეთო - სახლში დაბრუნებულს ონკანი რომ გხვდება გაფუჭებული და მუხლებამდე წყალში დგახარ, მეზობელი კი ჩარეცხილია, იმაზე ხომ არ იწყებ ფიქრს, რომ რემონტი გააკეთო, პირველ რიგში, როგორმე უნდა გადაკეტო ონკანი. ჩვენ ჩავკეტეთ სააკაშვილი, ის მიუღებლობის, შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების ნიაღვარი, რომელიც მისგან მოდიოდა. დადგა სიმშვიდის პერიოდი, გარკვეული პაუზა. აფხაზებმა და ოსებმა იციან, რომ დღევანდელ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ებრძოდნენ ომს. აფხაზებმა იციან, რომ ჩვ­ენ პირდაპირ ვერ დაგვარტყამენ, რადგან მთავრობაში ვართ მე, გურამ ოდიშარია, ირაკლი ალასანია, მათთვის ნაცნობი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მშვიდობის მომხრეები ვიყავით. ჩვენ თუ შეცდომები არ დავუშვით, სააკაშვილთან ვერ გაგვაიგივებენ. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, ჩვენგან აგრესია შეწყდა, იქიდან სიჩუმეა, ისინი მოლოდინში არიან. ახლა უნდა დავგეგმოთ ნაბიჯები და შევთავაზოთ. ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ, თუმცა ბევრი რამის თქმა პრესით არ გვინდა. სააკაშვილი ყოველთვის ასე აკეთებდა, პრესის საშუალებით სთავაზობდა მათ თუნდაც კარგ წინადადებებს, ეს კი მიუღებელი იყო, ჯერ ქვევიდან უნდა შეემზადებინა პროცესი და მერე შეეთავაზებინა. ჩვენ მუდმივად ვცვლით ინფორმაციას, ვდგამთ ნაბიჯებს, თუმცა ჩემი მთავარი პრობლემა ე.წ. კოაბიტაციაა. სააკაშვილთან თვეზე მეტია დევს ჩემი განცხადება, რომ სამინისტროს შეეცვალოს სახელი, მაგრამ ხელს არ აწერს. არ ვიცი, რა დავარქვა ამას, გარდა მავნებლობისა. რა სიჯიუტეა ეს? და რა აქვს ჩაფიქრებული? სახელი ხომ შეიცვლება, მაშინ მაინც, როცა სააკაშვილი წავა პრეზიდენტის პოსტიდან? ამას მხოლოდ ჩემი სამინისტროს წინააღმდეგ არ აკეთებს. აფხაზებსა და ოსებს შევპირდი, სამი თვის წინ, როგორც კი დავინიშნე, რომ სამინისტროს სახელს შევუცვლიდი.

- როგორც ვიცი, ახალ სახელს ჯერ არ ამჟღავნებთ.

- თავს ვიკავებ, რადგან ეს გამოიწვევს მსჯელობას საზოგადოებაში და შესაძლოა, მანამდე გახდეს მიუღებელი, სანამ დამტკიცდება. ამიტომ მირჩევნია, დამტკიცდეს და მერე ვეტყვი - თქვენ არ გინდოდათ რეინტეგრაცია, არ გითქვამთ, რა გინდოდათ, ინტეგრაცია კარგი სიტყვაა, მაგრამ რე-ს დამატებამ ყველაფერი გააფუჭა. ინტეგრაციის დატოვება უკვე წუწაობა იქნებოდა, ამიტომ საერთოდ

მოვაცილებთ ამ სიტყვას. ის, რაც მათთვის მიუღებელია, ვხსნით.

- რაც აქამდე თქვით, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრესასთან თქვენი სამინისტრო ჩაკეტილი იქნება?

- არც ერთი ნაბიჯი არ იქნება საიდუმლო, მაგრამ მირჩევნია, ნაბიჯი გადავდგა, საქმე გავაკეთო და მერე ვილაპარაკო, რატომ გავაკეთე. მთავრობა არის პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი გუნდი და ჩვენი მთავარი ამოცანაა საქმის კეთება. არ ვართ ვალდებული, ყველა შეკითხვაზე ვუპასუხოთ ჟურნალისტებს. ეს ვალდებულება პარლამენტის წინაშე გვაქვს. ჟურნალისტებთან წინასწარ კარგ რაღაცებზე რომ ვილაპარაკო, აფხაზებისთვის მიუღებელი იქნება, ეს პროპაგანდაა, შენ თავს იწონებ იმით, რაც ჯერ არ გაგიკეთებია.

- ცოტა უკან რომ გადავინაცვლოთ, საერთოდ რატომ დაინტერესდით ამ რთული საკითხებით...

- ამაზე ზუსტი პასუხი მაქვს - ყაზანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც აფხაზები გავიცანი და მათთან ვმეგობრობდი. თბილისში დაბრუნებულმა ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. ამის პარალელურად დავიწყე მუშაობა სანდრო კავსაძესთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სადაც ჩამაბარეს რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილება, რასაც არანაირი საერთო არ ჰქონია კონფლიქტებთან, მაგრამ დაიწყო ომი, რომელიც ყველას რომანტიკა ეგონა, ამას მოჰყვა გაგრის აღება, ტყვეები... მთელი მოსახლეობა, ვისაც ახლობელი დაეკარგა, ტყვეობაში ჩაუვარდა, ან დაეღუპა და გვამი იქით დარჩა, მოდიოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რადგან სხვა შესაბამისი უწყება არ არსებობდა. მქონდა კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, დავურეკე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ ომში ჩართულები აღმოჩნდნენ და მათ მითხრეს, თუკი ჩამოხვალ, დავილაპარაკოთო. ასე გავემგზავრე მივლინებით სოხუმში, გაგრის აღებიდან ძალიან მალე. 1992 წლის ოქტომბერში, სოხუმში ჩასულმა, სტალინის აგარაკზე პატარა მანდარინები დავინახე, გული დამწყდა, რომ დამწიფებული არ იყო, რა დროს ჩამოვედი, მანდარინს გავსინჯავდი-მეთქი. ასეთი განწყობა მქონდა, მაგრამ შემდეგი თვეები, როდესაც იქ ჩავრჩი, მანდარინის მეტი არაფერი იყო საჭმელი (იღიმის). დავიწყე ტყვეების გაცვლა, დაღუპულების გადმოცემაზე მუშაობა. ფულს არ ვიღებდი და ხმა გავარდა, რომ გულწრფელად ვმუშაობდი. ბევრი ფული და ათასი რაღაც კეთდებოდა ომის დროს. იმით, რომ მე აფხაზებზე შემტკიოდა გული, ვაიძულებდი აფხაზურ მხარეს, იქ ჩარჩენილ ქართველებზე ეზრუნათ.

- არ გინდოდათ, გარიდებოდით ამ სიტუაციას?

- არა. ეს ჩვეულებრივი ინსტინქტია, იყო იქ, სადაც შენს ადგილს ხედავ. მივხვდი, მე რომ წამოვსულიყავი, საქმე გაფუჭდებოდა, ის ნდობა, რომელიც მაშინ დავიმსახურე აფხაზებისგან, დღემდე მომყვება მიუხედავად იმისა, რომ ახლა მინისტრი გავხდი და უნდობლობის გარკვეული მომენტი ექნებათ.

მახსოვს ერთი საინტერესო ამბავი - გია ყარყარაშვილმა რამდენიმე ტყვე აფხაზებს გაცვლის გარეშე გადასცა. იქითა მხრიდან იყო ანქვაბი, აფხაზების შინაგან საქმეთა მინისტრი. მე უნდა დავსწრებოდი ამ პროცესს, გია ყარყარაშვილმა გამაგზავნა და ეს იყო ჩემი პირველი ნათლობა ომში, სროლა ატყდა და ჩვენი რამდენიმე ბიჭი დაიღუპა. ანქვაბი თავისი ფეხით გადმოვიდა, თქვა, ჩემი პირობები არ შევასრულეო და ჩაბარდა ყარყარაშვილს. ეს ძალიან სერიოზული ჟესტი იყო. წავიყვანეთ ყარყარაშვილის შტაბში, ყველა გაოგნდა მისი ვაჟკაცური საქციელით. ვიცი, რომ ყარყარაშვილს დიდი ბუნტი მოუხდა ამის გამო იქ, მაგრამ ანქვაბი მაინც გავუშვით, აბა, რა უნდა გვექნა? მაშინ მივხვდი, რომ ომი ან ნაძირლებისაა, ან ვაჟკაცების. ასეთი ეპიზოდი ბევრი იყო, აფხაზები ჰყვებოდნენ ქართველების ვაჟკაცობის ამბებს და პირიქით.

- ეს კოშმარები ღამე არ დაგსიზმრებიათ?

- მე ჩემს სიზმრებს ვაკონტროლებ. ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოანალიზი. რა არის სიზმარი? შენს ქვეცნობიერში გადაყრილი ბევრი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა არ გინდა, ეს ერთგვარი ნაგვის ყუთია. სიზმარი მუდმივად იმას გახსენებს, რაზეც ფიქრი არ გინდა. სიზმრების გაკონტროლების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ სიზმრების ჩაწერა. თავის დროზე მეც ვიწერდი, სტუდენტობის ჟამს. ამით მუდმივად ვასუფთავებდი ჩემს ნაგვის ყუთს უსიამოვნო ფიქრებისგან, ამიტომაც კოშმარები არასდროს და­მსიზმრებია. ომში შეგნებულად ჩავედი. ფილოსოფია-ფსიქოლოგია ჩემთვის საყრდენი მეცნიერებებია. მე ჩემი ფილოსოფიით ვცხოვრობ და ვცდილობ, რაციონალურში გადავიტანო ყველაფერი და არა ემოციებში. შეიძლება ახლა ემოციურად ვლაპარაკობ, მაგრამ საკმაოდ რაციონალურად ვუყურებ ცხოვრებას. ამ მეთოდით ვცდილობ, არ დავაზარალო ჩემი ფსიქიკა და ეს გამომდის კიდეც.

- ძლიერი ადამიანი ყოფილხართ...

- არ ვიცი, თქვენ რას გულისხმობთ, მაგრამ ჩემი გაგებით ძლიერი ადამიანი ვარ. 54 წლის გახლავართ და მგონი, კარგი ცხოვრება გავიარე. ციხეში არ ვმჯდარვარ, მაგრამ ციხეებთან ახლოს ვიყავი, სააკაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში წამიყვანა. სულ იქ ვიჯექი, რადგან პატიმრების ბედი მაინტერესებდა, იქაც ბევრი თავგადასავალი მინახავს. ომში ვიყავი, ციხეები შიგნიდან ვიცი, რა არის, უცხოეთში ვცხოვრობდი დიდხანს, ახალგაზრდობაში რუსეთში. ბევრი რამ გავიარე და პირადი გამოცდილება არა წიგნებიდან, არამედ უშუალოდ ცხოვრებისგან მივიღე.

- შეცდომებს თუ აანალიზებთ? არის რაიმე, რასაც ძალიან ნანობთ?

- ძნელი სათქმელია. ამ წუთას ვერ ვიხსენებ. ესეც ფსიქოანალიზის მომენტია, თუკი იმავე მომენტში ვერ იხსენებ, ე.ი. არ არის არაფერი გასახსენებელი. ალბათ შეცდომები იქნებოდა, მაგრამ თუკი გაკვეთილი გამოგაქვს, მაშინ შეცდომად აღარ მიიჩნევა. შენს თავთან თუ აღიარე გულწრფელად შეცდომა და მომავალში აღარ დაუშვებ, ეს არ არის შეცდომა, ამიტომაც გლობალური შეცდომები არ მახსენდება. მტრები, პრაქტიკულად, არ მყავს, და მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. ადამიანებს ჩემი სითამამე და შეუპოვარი პოზიცია უფრო აღიზიანებთ. ცდილობენ დამაბრალონ ის, რაც არასდროს მითქვამს. მაგალითად, თითქოს სადღაც ვთქვი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ვარ, როცა პირიქით, ჩემი საქმიანობა იქით არის მიმართული, რომ აფხაზები ქართულ სივრცეში შემოვიყვანო. ისეთ დათმობებზე უნდა წავიდეთ, რომ მათ დაკარგონ ყოველგვარი შანსი, დამოუკიდებლები იყვნენ. არდათმობების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა.

- თქვენ პირადი გამოცდილება ახსენეთ და ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი გამოცდილების მიღების ახალ ეტაპს? ალბათ თქვენ მიმართ ბევრ ცუდს მოისმენენ...

- ამას უკვე მიეჩვივნენ, რადგან ორგზის სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა სააკაშვილმა (იცინის). 2007 წელს სტუდენტები რომ დააპატიმრეს გალში, მაშინ ვთქვი, რომ ეს ჩვენი ბრალი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტზე ბავშვები წაიყვანეს იქ, რომ კოცონი დაენთოთ და მიტინგები გაემართათ, მე კი ვთქვი, კოცონი კი არ უნდა დავანთოთ, სტუდენტები უნდა გამოვიყვანოთ-მეთქი. მეორედ 2009 წელს კოკოითისთან ჩავედი, რადგან იქ ოთხი ბიჭი იყო დატყვევებული. ესეც ჩვენი ბრალი იყო, რადგან ჩვენს პოლიციას სარდაფში ხუთი კაცი ჰყავდა დამალული. მაშინ იქ ჩავედი კოკოითისთან და ვუთხარი, რომ ამ ხუთ კაცზე მეტი არავინ გვყავდა დამალული. თავიდან მხოლოდ ორი სტუდენტი გაათავისუფლეს და ჩემი ჩასვლის შემდეგ დანარჩენი ორი.

ასე რომ, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, ჩემი ოჯახი მიჩვეულია ამ ყველაფერს - მართალი გითხრათ, ჩემი მინისტრობა სასაცილოდ არ ჰყოფნით.

რა თქმა უნდა, თავისუფალი დრო ნაკლებია და ოჯახს მოვწყდი. მეუღლე, ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს. ჩემზე ბედნიერი არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში არ მეგულება (იღიმება). არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ, რაც გადამიდგამს.

- მეუღლე შენიშვნებს გაძლევთ?

- კი, მეუბნება, ასე ჩქარა ნუ ლაპარაკობ, მე არ მესმის შენი და სხვა როგორ გაიგებსო (იცინის). ელისო ზაქარეიშვილი დიასახლისია. ზოგადად ლიბერალური ადამიანი ვარ და ოჯახშიც ასეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შევქმენი ძალიან საინტერესო პატრიარქალური ოჯახი. ყველა ჩემთან არის - ოთხივე შვილი ჩემთან ცხოვრობს, გოგონა გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა და ჩემს სიძესთან ერთად ჩვენთან ცხოვრობს, რაც ძალიან მახარებს. ასევე დედაჩემიც. ხომ არის ოჯახები, ვიწროდ ცხოვრობენ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს და გვიხარია. მიუხედავად ამისა, შვილების საქმეში არასდროს ჩავრეულვარ, არასდროს მისწავლებია მათთვის ჭკუა და ამიტომაც მგონია, რომ სამაგალითო შვილები მყავს. ჩემი შვილები მენდობიან და ამით ბედნიერი ვარ. 27 წლის არის უფროსი, 26-ის მეორე, 24-ის მესამე და 18-ის მეოთხე.

- ბატონო პაატა, ფსიქოანალიზის გარდა კიდევ რით ხართ გატაცებული?

- მუსიკითა და პოეზიით. ჯერ ჯაზს ვუსმენდი, მერე კლასიკაზე გადავინაცვლე, ძალიან მიყვარს ფოლკლორი, რის მოსმენაზეც ყველაზე გვიან გადავედი. თუ მაქვს საშუალება, პირველ რიგში, მოცარტსა და შოპენს ვუსმენ, ასევე მალერს, მისით აღტაცებული ვარ. თუკი ჯაზის მოსმენის სურვილი მაქვს, ბლუზს ვრთავ და კომპიუტერში ჩაწერილი მაქვს ბევრი კომპოზიცია, ჯაზში ყველაფერი მისაღებია, მთავარია, გულწრფელად იყოს დაკრული. 25 წლამდე ჯაზმენი ვერ წარმომიდგენია (იღიმის).

რაც შეეხება პოეზიას, თავად ლექსების დაწერა არასდროს მიცდია, მაგრამ ძალიან მიყვარს როგორც ქართული, ასევე რუსული პოეზია. ქართველებს კარგი ლიტერატურა გვაქვს, თუმცა ძალიან ცოტაა. ვაჟა-ფშაველა, ვთქვათ, ფრანგი რომ ყოფილიყო, მსოფლიო დონის პოეტი იქნებოდა, ახლაც არის, თუმცა მსოფლიო არ იცნობს. ვაჟა ჩემთვის თერგია, რაც წლები გემატება, უფრო უღრმავდები ვაჟას. ასევე მიყვარს გალაკტიონი, რომლის წაკითხვა მუდმივად მსურს, ზეპირად ვიცი მისი ბევრი ლექსი. რუსული პოეზიის დიდი მოტრფიალე ვარ - მანდელშტამი, ბროდსკი, ეს არის მწვერვალების მწვერვალები. პროზაში ძალიან მიყვარს ბუნინი. ის პირველი ნობელიანტი რუსი მწერალია. სხვათა შორის, მისი წიგნი სოხუმში ვიყიდე. ჩვენს დროს აკრძალული იყო. რუსებმა მცირე ტირაჟით გამოსცეს, რომ მთლად აკრძალვაში არ ჩათვლოდათ. რომ წავიკითხე, შიგნით ჩავრჩი (იცინის). დოსტოევსკი გადავიკითხე, ცოტა სასაცილოა ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ვიცი, რა არ მომწონს დოსტოევსკის, მაგრამ ბუნინი ჩემთვის უნაკლოა, ვერაფერი აღმოვუჩინე. ასევე ტოლსტოის "ანა კარენინაც" უნაკლოა. ბუნინი ისეთია, ოკეანეში რომ მოხვდები და აცნობიერებ, რომ ეს შავი ზღვა არ არის (იცინის).

- განტვირთვისთვის რას ანიჭებთ უპირატესობას, მეგობრებთან გართობას, სმას?

- მეგობრებთან შეკრება და მათთან ინტელექტუალური საუბრები ძალიან მიყვარს, ზომიერი დალევაც კარგია, ერთი-ორი ჭიქა წითელი ან თეთრი ღვინო, მაგრამ არ მახსოვს, როდის დავთვერი ბოლოს.

- მოკლედ, სრულიად ფხიზელი მინისტრი გვყავს...

- დიახ, ნამდვილად (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"