თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და თეა წულუკიანს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. "ინტერპრესნიუსი" სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ქალბატონი თეა წულუკიანი სასამართლოს რეფორმირების მისეული გეგმის საფარქვეშ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე. მინისტრი, რომლის ყოველი საჯარო გამოსვლა, ერთის მხრივ, სამართლიანი სასამართლოსა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოთხოვნითაა გამსჭვალული, უკმაყოფილოა პროკურატურის რიგი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით. სასამართლოს დაკნინება და მის საქმიანობაში ჩარევა, არა მარტო კანონისა და კონსტიტუციის, არამედ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაც გახლავთ.
სასამართლო ხელისუფლება კვლავაც განურჩევლად დაიცავს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს და ვერანაირი მცდელობა მისი დისკრედიტაციისა ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს საქმიანობაზე.
სასამართლოს აღნიშნული განმარტება კი განპირობებულია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიაში, საქმეების ოპერატიულად განხილვის მიზნით, 2007 წლიდან მათი განხილვა წარმოებს სამი მიმართულებით: საგამოძიებო, წინასასამართლო და საქმის არსებითად განმხილვა. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე, განიხილავენ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს, ასევე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იხილავენ შუამდგომლობებს საგამოძიებო მოქმედებების ( ჩხრეკა, ფარული მიყურადება, თვალთვალი და სხვა ..) წარმოებასთან დაკავშირებით.
სატელევიზიო გადაცემაში დასახელებული კონკრეტული მოსამართლეები (მათ შორის ერთ-ერთი საერთოდ არ გახლავთ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) განიხილავენ ბრალდების მხარის შუამდგომლობებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების საგამოძიებო ეტაპზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ ერთი და იგივე მოსამართლეები.
სასამართლო განმარტავს, რომ გირაო არის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე, რომელიც წარმოადგენს ბრალდებულის სათანადო ქცევის გარანტს - განაჩენის გამოტანამდე და არ ნიშნავს პირის უდანაშაულობასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპით, მხარეთა დასაბუთებულობისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისად პროკურორის პოზიცია არ წარმოადგენს ვალდებულებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე. საქმეზე პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა ხდება მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელსაც იღებს საქმის არსებითად გამნმხილველი მოსამართლე.
აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის - გირაოს გამოყენება ხდება არამხოლოდ ე.წ "პოლიტიზირებულ", არამედ ნაკლებად გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებზეც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნაწილ საქმეებზე ბრალდებულების მიმართ ა/ღონისძიების- პატიმრობის- შეცვლას გირაოთი ბრალდების მხარე უპირობოდ დაეთანხმა.
მხარე უფლებამოსილია ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლებით, თუმცა დასახელებულ საქმეთა უმეტესობა არ გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში, ან გასაჩივრდა ვადის დარღვევით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მინისტრის პოზიციას მოსამართლეთა ოპოზიციონერობის შესახებ.
მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს გამოძიებისა და ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეებზე თავი შეიკავონ წინასწარი საჯარო შეფასებებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებასთან ერთად მის მიერ აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნისა და გამოყენების თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს. ოფიციალური ცნობით, 1-ელი დეკემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 289 შემთხვევაში მოითხოვა, მათგან 202 შემთხვევაში სრულად დაკმაყოფილდა, 83 შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა, 4 საქმე კი დატოვებულია განუხილველად. ამავე პერიოდში პროკურატურამ ასევე 289 საქმესთან მიმართებაში დააყენა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა, მათგან 100 შემთხვევაში სასამართლომ ის სრულად, 131 შემთხვევაში ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 6 საქმეზე კი ის გათვალისწინებული არ იქნა, 52 საქმე განუხილველადაა დატოვებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, საერთო ჯამში, სასამართლომ პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობები აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საქმეთა 11,2 %-ში, პატიმრობის შესახებ კი 28,7 %-ში არ დააკმაყოფილა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ როცა პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, კოტე კუბლაშვილის სასამართლო მათ ათავისუფლებს.