"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"

"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"

ონკოლოგიურ საავადმყოფოსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი მეცნიერებათა დოქტორს, ამავე საავადმყოფოს ექიმ-ლაბორანტ ლია ვარაზს (ვარაზაშვილი) ვთხოვეთ:

- ქალბატონო ლია, დღეს იმდენს ლაპარაკობენ ონკოლოგიის ცენტრის პრობლემებზე, ძნელია მიხვდე, სად მთავრდება ჭორი და იწყება სიმართლე. თქვენ ოცდაათ წელზე მეტია, ამ კლინიკაში მუშაობთ და სხვებზე უკეთ ხედავთ ონკოლოგიური საავადმყოფოს შუქ-ჩრდილებს...

- ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი იყო სააქციო საზოგადოება, რომლის აქციების 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობდა.

2010 წლის ბოლოს კერძო ინვესტორმა, კანადურმა კომპანია "პეგასუსმა", შეიძლება ითქვას, ჩალის ფასად, სამ მილიონ დოლარად იყიდა ონკოლოგიის ცენტრის კუთვნილი შენობა-ნაგებობები და უზარმაზარი ტერიტორია. "პეგასუსს" 20 მლნ დოლარის საინვესტიციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა 30 თვეში, ანუ 2013 წლის მაისამდე. თუმცა იქ გაკეთებული არაფერია - მთელი შენობა გამოშიგნეს, მხოლოდ კარ-ფანჯარაა ჩასმული, გარედან რომ თვალი მოატყუოს. პერსონალი და პაციენტები კი ერთ ფლიგელში გადაგვისროლეს.

- თქვენ კანადური კომპანია ახსენეთ, მაგრამ ამბობენ, რომ ცენტრი ჩინელებს გადაეცათ.

- დიახ, ეს კანადელი ჩინელების მიერ კანადაში რეგისტრირებული კომპანიაა, ინტერნეტში მოვიძიე მასალა ამ ფირმის შესახებ. იქ წერია, რომ "პეგასუსს" კანადის სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ აქვს საინვესტიციო საქმიანობის უფლება. იქვე უფასო ტელეფონის ნომერია მითითებული. თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას თითქმის ყველა სფერო ასეთმა საეჭვო ინვესტორებმა ჩაიგდეს ხელში. "პეგასუსს" საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განუცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირებაზე "დოკუმენტაციის არალეგალიზების გამო". ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გაკოტრებულად გამოცხ­ადდა და დაიწყო მისი ლიკვიდაცია, სამაგიეროდ დაფუძნდა ახალი კლინიკა, შპს "საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი", სადაც ნაცების ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა იურიდიულ პირად დაამტკიცეს მათი ნდობით აღჭურვილი პირი, პროფესორი რევაზ გაგუა და მასთან გააფორმეს მართვის პრივატიზაციის ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობისთვის აუცილებელი შენობისა და აპარატურის იჯარით გადაცემის თაობაზე.

"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი პროფესორი გაგუა წერილს წერილზე გზავნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის სახელზე, ონკოლოგიის ცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.

- რატომ გადაწყვიტა ასე ბატონმა გაგუამ?

- ნაციონალებმა ონკოლოგიის ცენტრი ადვილად სამართავი დირექტორის ხელში მოაქციეს, იქიდან ყველაფერი რომ გაეტანათ, რისი გატანაც შეიძლებოდა. მიზანმიმართულად გააკოტრეს კლინიკა. გატანილია მთელი აპარატურა. ახლა გაგუას სურს, გაპარტახებული კლი­ნიკა ისევ სახელმწიფოს გადაულოცოს. ვფიქრობ, გაგუაც ამ რეჟიმის მსხვერპლია...

- აპარატურა კლინიკიდან ვინ ან როგორ გაიტანა?

- ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თავის დროზე ონკოლოგიის ცენტრს აჩუქა სხივური თერაპიის აპარატი, ე.წ. ხაზოვანი ამაჩქარებელი, რომელიც ერთ-ერთ კერძო კლინიკას "გადაულოცეს". მართალია, ჩვენთან დარჩა ჩეხური აპარატი, მაგრამ ის მას ხარისხით ჩამორჩება. გარდა ამისა, პირადად მე, ფიზიკის ინსტიტუტის დახმარებით აღვადგინე ატომურ-ადსორბციული სპექტრპოფოტომეტრი, რომლის უპირატესობა არის ის, რომ არ საჭიროებდა ყოველდღიურად რეაქტივების ხარჯვას, გაცილებით ეკონომიური იყო. როცა ინვესტორმა შენობაში რემონტი დაიწყო, ეს აპარატი ჩვენთვის გამოყოფილ ფლიგელში გადმოვიტანე, მაგრამ რადგან გაბარიტების გამო დიდი ადგილი სჭირდებოდა, საცავში შევინახეთ. რამდენიმე დღეში აპარატი გაქრა, არადა, შეუძლებელია უზარმაზარი აპარატი, რომლის ადგილიდან დაძვრას 4-5 კაცი სჭირდება, ვიდეოთვალითა და დაცვით აღჭურვილი ტერიტორიიდან გამქრალიყო. მთელი დირექცია ფეხზე დავაყენე, მაგრამ ამაოდ, ხან მის ჩამოწერას შეეცადნენ, ხანაც ქურდობის დაბრალებას ინვესტორზე, მართალია, არაფერი გამოუვიდათ, თუმცა საქმე დღემდე ძიებაშია. ვფიქრობ, იგი გაყიდეს და ფული მიითვისეს. ამას, რასაკვრიველია, რიგითი თანამშრომელი ვერ გააკეთებდა.

- ამბობენ, რომ თქვენს კლინიკაში მკურნალობა გაძვირდა...

- შემიძლია გითხრათ ლაბორატორიულ ანალიზებზე, ანუ იმაზე, რაც ჩემს კომპეტენციაშია. რასაკვირველია, გაძვირდა, თანაც წარმოუდგენელი პროპორციით - 200-250%-ით. მაგალითად, თუ კოაგულოგრამა ღირდა 15 ლარი, გახდა - 35. B, C ჰეპატიტის, შიდსისა და ვასერმანის ანალიზი - 9 ლარი ღირდა, გახდა - 15. მით უმეტეს, ეს ანალიზები ონკოლოგიის პროფილი არ არის და ასეთი ღრმა გამოკვლევა პაციენტებს არ სჭირდებათ. ეს კიდევ არაფერი, პაციენტებს არარსებულ ანალიზში ახდევინებდნენ ფულს. თვალსაჩინოებისთვის თან მაქვს უამრავი ქვითარი. მაგალითად, ერთ-ერთზე ჩამოწერილი საჭირო ანალიზებიდან მეორე, ანუ A-24 - ნარჩენი აზოტის განსაზღვრა, რაშიც პაციენტი 9 ლარს იხდის, არ კეთდება, ის თავისთავად შედის A-39 შარდოვანას (აზოტი) განსაზღვრაში, რაც 10 ლარი ღირს, ანუ პაციენტს (და დღეში რამდენს!) ზედმეტად ახდევინებენ 9 ლარს (სხვა შემთხვევებში კომბინაციები განსხვავებულია). სად მიდის ეს ფული, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის...

- თანამშრომლებს როგორი ანაზღაურება გაქვთ? მით უმეტეს, როგორც თქვენი ნაამბობიდან ჩანს, მძიმე პირობებში გიწევთ მუშაობა...

- ჩემი აზრით, ამას ტრეფიკინგი ჰქვია და არა ღირსეული შრომა. ვმუშაობთ ახალი ხელშეკრულების გარეშე. ძველი ხელშეკრულებით კი ჩვენი ანაზღაურება ნარდობრივია, ანუ გამომუშავების მიხედვით, თუმცა ეს პირობა ერთხელაც არ შესრულებულა. 2-3-ჯერ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ვიდრე გვეკუთვნის. გაპროტესტებისთანავე კი ხელმძღვანელობის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის.

- გამოსავალს ხედავთ?

- როგორც ექიმი და მეცნიერი, მივიჩნევ, რომ პაციენტის, აგრეთვე ჩვენი, ანუ დაქირავებულთა უფლებები სახელმწიფომ უნდა დაიცვას. თანამდებობაზე მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ "არასასურველი კოლეგა" დაბლოკოს (რაც პირადად ჩემ მიმართ ხდება), მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაასამაროს, პაციენტი, ანუ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანი მოატყუოს.

- არ შემიძლია თქვენ ბაბუის, წლების წინ ნობელის პრემიაზე წარდგენილი ვასილ ვარაზის შესახებ არ გკითხოთ...

- ვასილ ვარაზი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. დღეს ეს დეპარტამენტი მისი სახელობისაა. ამდენად, ჩემი პროფესიული არჩევანიც ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. იგი ბაბუაჩემის, ივანე ვარაზის ძმა გახლდათ. ივანე ვარაზი კომუნისტურმა რეჟიმმა სამშობლოდან გააძევა, იგი ირანში გარდაიცვალა და თეირანშია დაკრძალული.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"