დასავლეთიდან ადეკვატური შეფასებები ისმის, ისინი ხედავენ, რომ გამოძიებები გამჭვირვალეა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლის ალასანიამ BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ალასანიას კითხვა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებებთან დაკავშირებით დაუსვა, რომელიც, მისი თქმით დასავლეთში პოლიტიკური ოპონენტების დევნად და პოლიტიკურ შურისძიებად აღიქვეს.
ჟურნალისტმა ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და განაცხადა, რომ არ ახსენდება, სააკაშვილის ხელისუფლებას რომელიმე მათგანი ციხეში ჩაესვა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამაგიეროდ განუსაზღვრელად დიდი პრობლემები ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც მათთან მუშაობდნენ.
"ისინი ისხდნენ ციხეებში. ჩვენც ანალოგიურად გვდევნიდნენ. თუმცა, ეს წარსულია. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ოპონენტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჰქონდეთ პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა. თავდაპირველად იყო კრიტიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, ეს მეგობრული კრიტიკა იყო. მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალმა მთავრობამ არ დაუშვას იგივე შეცდომები, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც დაიწყო დაპატიმრებები, ფულის წართმევა, ექსპროპრიაცია. ისინი ყოველთვის აცხადებენ, რომ ჩვენ უკრაინის გზით არ უნდა წავიდეთ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების გამო შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვს. ჩვენ ეს გავიგეთ. ახლა დასავლეთიდან ადეკვატური შეფასებები ისმის. ისინი ხედავენ, რომ გამოძიებები გამჭვირვალეა. იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ყველაფერს განმარტავენ, როგორც ხალხისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ამგვარი კითხვები აღარ არსებობს", - აღნიშნა ალასანიამ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.