მერმა "იცის"!

მერმა "იცის"!

შესავლის ნაცვლად

ძალიან აირია გასულ დღეებში ამინდიც და ქვეყანაც. ამინდი ჯანდაბას - ზამთარია და ხან დარი იქნება და ხან ავდარი, დარია თუ ავდარიააააა, მიშა მაგარიააააა!!! ა, ჰო... ეს მაშინ... ისა... წამომცდა... ჰოდა, ამინდმა აურია - აურია, მაგრამ ხალხი და ქვეყანაც "აიჭრა" რაღაცნაირად...

აგე, რუსებმა, საქართველოსთან ესენგეში მის დაბრუნებაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებაო! სანამ არ დაიგინა ევროინტეგრაციის მინისტრმა ცალკე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცალკე და პრემიერის სპეც-წარმომადგენელმა ცალკე, მართლა შემეშინდა, ისე დაბეჯითებით გამოაცხადა ეს ვიღაც დიდჩინოსანმა რუსმა მინსკში.

თუმცა ეგენი ეგრე არიან - მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო... მელაზე გამახსენდა: ედუარდ შევარდნაძე 85 წლის გახდა 25 იანვარს, რამდენიმე კადრი აჩვენეს ტელეარხებმა, ძალიან მოტეხილა, მაგრამ არც ისე, რომ ერთი ქართული ზღაპრის ცნობილი ფრაზა არ გამხსენებოდა, როდესაც "ნაციონალების" ფიასკოზე შევარდნაძის რეაქცია წარმოვიდგინე: "მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით!" - გახსოვთ "მელია და მწყერჩიტა"?

საქართველოს ორი თეატრის მმართველი გადააყენა კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან და, ცხადია, მოჰყვა ამ ამბავს დიდი გნიასი "ნაცმოს" მხრიდან. ისე, რა მიკვირს იცით? ამ ახალ მთავრობას რატომ ჰკიდია ბევრი რამ, რამაც შეიძლება მის იმიჯზე არცთუ კარგად იმოქმედოს? კარგი, "რუსთაველში" სტურუა დააბრუნეს, შეუვალი ავტორიტეტია და თუკი ულტიმატუმი დააყენა - მე უნდა ვიყო მთავარი რეჟისორიც და მმართველიცო, უნდა დააკმაყოფილო, სტურუაა ბოლოს და ბოლოს, ასაკშიც არის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, კარგი იქნება, თუკი კიდევ შექმნის იქ რამეს; მაგრამ ოპერაში იმ კაცს რას ერჩოდნენ? ან თუ ერჩოდნენ, იქნებ ჩვენ - საზოგადოება, ჟურნალისტები, ადამიანები, როგორც იტყვიან, "ძაღლად ჩაგვაგდონ" და აგვიხსნან?

თბილისის ერთი სკოლის დირექტორისა არ იყოს - მე თუ მკითხავს კაცი, საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს მინისტრის ბრძანება ათასიდან ერთი დირექტორის გადაყენებას, მაგრამ როდესაც ამ დირექტორს 2012 წლის დეკემბერში "წლის საუკეთესო დირექტორის" წოდებას ანიჭებ, ხოლო 2013 წლის იანვარში დარღვევებისთვის ხსნი, მინისტრი რო ხარ და პროფესორი, სანამ ხელს მოაწერ ბრძანებას, უნდა დაფიქრდე, იქნებ ჩემნაირ პროვოკატორს რამე უხერხული კითხვა გაუჩნდეს?

ამასობაში, თბილისელი "მარშრუტკის" მძღოლებიც გაიფიცნენ - ამ წუთებშიც მოლაპარაკებაზე არიან მერიაში და ღმერთმა ნუ ქნას, თქვენ რომ ამ "პროვოკაციას" წაიკითხავთ, ისევ ავტობუსებისა და მეტროს ამარა იყოს მილიონნახევრიანი ქალაქი, მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს: რაც უფრო დათბება (დარია თუ ავდარიაააა...), კიდევ უფრო მოიმატებს გაფიცვების რაოდენობა - რა ჯობია კარგ თბილისურ საღამოს ქუჩაში დგომას, მუშაობის დედა არ ვატირე?!

თბილისი თბილისად, მაგრამ მეორე დედაქალაქიც ხომ გვაქვს? ქუთაისში ყასბები გაიფიცნენ და დარჩა, "სავარდო და სამაისო" "ბიკენტიას ქაბაბის" გარეშე. ამასაც გაუძლებდა კაცი, მაგრამ ცეზარ ჩოჩელი რომ დაიჭირეს და მისი ძმის "ბარამბოც" რომ დააყადაღეს?! კარგი, რა!!! - არც ლუდი, არც ხორცი და აღარც "შიკოლათი" ბავშვებს?! გაფიცვები ვჭამოთ?!

თან ზედაც ეს ამნისტია... ის ხალხი რომ გამოდის ციხეებიდან, მოსაპარავი არაფერი უნდა დახვდეთ (ეს "ნაცების" "დეჟურნი შუტკაა")?! როგორც მიხეილ ცოტაპრეზიდენტობადარჩენილი ამბობს, - ეს ამნისტია ბებიამის მზიას კი არ მიუღია, "ოცნებამ" მიიღო და თუ "გააჩინა", კიდეც "არჩინოს".

სხვათა შორის, ბებიები მეც მიყვარდა, მაგრამ ამდენი პატივი ვერ ვეცი. და თუკი რამე მომწონს სააკაშვილში, ის არის, რომ დუბაიდან და კისლოვოდსკიდან დაწყებული, არც სტრასბურგს აკლებს - ევროსაბჭოს ყველა თანამშრომელი იცნობს მზია ბებიას.

P.S. მთავარი საპროვოკაციო გასულ კვირაში მაინც თბილისის მერის ახალი "მარგალიტი" იყო: მთავრობა ჩუკენობას შეეშვას და საქმეს მიხედოსო! მერე წულუკიანის განცხადებამაც არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია: მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიციო!.. ლამის ჩაიფსა სიცილით სრულიად "ნაცფეისბუკსაზოგადოებამ"!

ერთი გამაგებინეთ, რა გაცინებთ, თქვე ჩემისებო?! დედაქალაქის მერი რომ საბოლოოდ შეუდგა გამოქლიავების გზას და სააკაშვილს ემსგავსება?! თუ იმ სკვერში, სადაც ეს უმსგავსობა თქვა, იქვე რომ დააყოლა: აი, ბავშვები თამაშობენ ახლა აქო და ის ბავშვები რომ დედებს ეკითხებოდნენ, რა თქვაო? რომელი უფრო სამარცხვინოა, წულუკიანმა რომ "არ იცის", თუ უგულავამ რომ "იცის"?

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"