კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი

კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი

პოლიტპატიმრები რეაბილიტაციასა და საქმეების გადასინჯვას ითხოვენ. თითქმის ყველა მათგანი სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებს და უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება. სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ. აისახება თუ არა ეს ქვეყნის ბიუჯეტზე და რა თანხებს გადაუხდიან მათ, ეს მომავალში გამოჩნდება. დღეს პროკურატურაში მათი საქმეების გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათ რიგშია ე.წ. "მუხროვანის ამბოხი". ამ საქმის მთავარი ბრალდებული - კობა ოთანაძე, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. ის ირწმუნება, - არანაირი ამბოხი არ ყოფილა და ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით დადგმული სცენარი იყოო.

მივყვეთ ქრონოლოგიას:

2009 წლის 5 მაისს, სამართალდამცავებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა და ამაში მუხროვანში ბაზირებული სატანკო ბატალიონი მონაწილეობდა. იმავე დღეს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვნებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი ძებნა გამოცხადდა. ხელისუფლების მტკიცებით, გახსნილი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. ძალოვნები ამ ბრალდებას ვინმე გია ღვალაძის ფარული ჩანაწერით ამყარებდნენ. იმავე დღეს სამხედრო ჩინოსნები: კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე ძებნილებად გამოცხადდნენ. ითქვა, რომ ისინი ამბოხს ხელმძღვანელობდნენ და მაშინ მუხროვანში იმყოფებოდნენ. მთელი ტერიტორია ოპერატიულად, ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა, მაგრამ დასახელებული პირების ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს.

მეორე დღეს უკვე საქართველოს ქალაქები და ქუჩები აჭრელდა ძებნილთა ფოტოებით. ძალოვნები ინფორმაციის მიმწოდებლებს სოლიდურ ჯილდოს სთავაზობდნენ - კობა ოთანაძე 200 ათას ლარად შეფასდა, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე 50.000 ლარად. ორი კვირის შემდეგ ძებნილთა კვალს მიაგნეს და თიანეთის გზატკეცილზე 10 საათზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცრაზმელებმა ადგილზე მოკლეს გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კობა ოთანაძე:

- არანაირი ამბოხი არ ყოფილა. იმ დღეს მე და გია კრიალაშვილმა ლევან ამირიძე მუხროვანში ავიყვანეთ. მიზეზი ის იყო, რომ წინადღეს ლევანის ოფიცრები და შტაბის უფროსი დაიჭირეს. ვიცოდით, თანამშრომლებს ეს უნდა გაეპროტესტებინათ. სიტუაციის გარკვევასა და უკან დაბრუნებას ვაპირებდით. ლევანს აინტერესებდა, რისთვის დაიჭირეს ბიჭები. ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ "თამაშს" წამოვეგეთ. მუხროვანში ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ტერიტორიას ალყა შემოარტყეს და გამოაცხადეს, თითქოს ამბოხი იყო. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. ტელევიზიებს ჩვენამდე მოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ბუნებრივია, არ მოგვეცა განცხადების გაკეთების საშუალება. მივხვდით, იქაურობას უნდა გავცლოდით და მერე უნდა გვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. მთელი ბრიგადა დაჰკითხეს; ამბობდნენ, ტელევიზიით გავიგეთ, მუხროვანში ამბოხი რომ მოხდაო.

- თუ უდანაშაულოები იყავით, რატომ არ ჩაჰბარდით, რატომ გადაწყვიტეთ მიმალვა?

- პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ჩვენი ლიკვიდაცია გამოაცხადა. რა უნდა გვექნა? გადარჩენის ერთადერთი გზა, მიმალვა იყო. ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით. არ ვიცოდით, საით წავიდოდით, მთავარი იყო, აქედან გაგვეღწია და შემდეგ გვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. მერწმუნეთ, მიშას გამოგონილი იყო ეს ამბოხი. მაშინ ქვეყანაში აქციები იმართებოდა, ხელისუფლებას წყალი ჰქონდა შემდგარი და ყურადღების გადატანა სხვა საქმეზე უნდოდათ. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყო და გამოიყენა. იცით, ამბოხი რას ჰქვია? რაც თავად სააკაშვილმა გაუკეთა შევარდნაძეს - აუჯანყდა და მერე "გადააგდო". "ვარდების რევოლუცია" უწოდეს ამას. სინამდვილეში იარაღიც ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუჩენიათ... ამის შემდეგ 400 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. ყველანი მოიშორეს და იქ მოიყვანეს პატარა ბიჭები, რომლებსაც საერთოდ არ გაეგებათ, რა არის ჯარი. ფაქტობრივად, მთელი შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ პოლიციურ ქვედანაყოფად გადააკეთეს. სხვა გზით, არასასურველი ხალხის გათავისუფლება გაუჭირდებოდათ, რადგან ისინი იჩივლებდნენ სასამართლოში.

- ოპერატიულად მოხდა ყველანაირი გზის გადაკეტვა; თუ მუხროვანში იყავით, იქიდან მიმალვა როგორ შეძელით?

- წლების მანძილზე იქ მეთაური ვიყავი და ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდი. იმის მიუხედავად, რომ უამრავი სპეცრაზმელი იყო და ვერტმფრენებით გვეძებდნენ, ეს ჩვენ მოვახერხეთ. პროფესიონალები ვართ და ვიცით, როგორ უნდა გადავაადგილდეთ. სამივე ერთად გამოვედით, რადგან აზრი არ ჰქონდა განცხადების გაკეთებას. მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით და იქ ვიმალებოდით. პერიოდულად გამოვდიოდით მაღაზიაში და ვყიდულობდით საჭმელს. ხშირად, არც საკვები გვქონია და არც წყალი.

- თქვენს ახლობელს უნდა გაეყვანეთ საზღვარზე. მან გიღალატათ?

- ჩვენთან მანქანა უნდა მოსულიყო და იქიდან უნდა გავეყვანეთ. მესიჯებს ვწერდით ახლობელს და მაშინ გავიშიფრეთ. ყურადღება არ მივაქციეთ ბევრ დეტალს, არ ვიცოდით, ამ დონეზე რომ იყო კონტროლი. ორი კვირა ტყეში ნამყოფებს ტვინიც გადაღლილი გვქონდა. ვისთანაც გვქონდა კონტაქტი, იმას ათქმევინეს, ვეღარ გაუძლო წნეხს. მიკროავტობუსი მოვიდა, სამივე ავედით. მანქანა შუაში გადატიხრული იყო, როგორც სატვირთო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, მძღოლმა გვითხრა, - ხახვი და პროდუქტი დამაქვს სავაჭროდ და უკან ტომრები ყრიაო. ჩვენც დავუჯერეთ. რეალურად კი ძალოვნების შემოგზავნილი აღმოჩნდა. გადატიხრულში სამი სპეცრაზმელი იჯდა. 5 წუთი ვიარეთ, მერე პატრულმა გადაგვიკეტა გზა. ამ დროს მანქანაში მყოფმა სპეცრაზმელებმა ტყვიები შიგნიდან დაგვიშინეს. არ მახსოვს, რამდენი გასროლა იყო. ფაქტობრივად, სამივე ლიკვიდირებული ვეგონეთ. მერე გადმოგვყარეს მანქანიდან. უნდოდათ, მორგში წავეყვანეთ, მაგრამ ნახეს, რომ მე და ლევანი ცოცხლები ვიყავით. გია ადგილზევე დაიღუპა. მძიმედ დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ყურში ახლაც ჩამესმის ვიღაცის ხმა, - მხოლოდ ერთი დაიღუპაო. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ, მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩი. 14 ჭრილობა მქონდა. 9 ტყვია მომხვდა გულმკერდის არეში. მანქანიდან რომ ჩამოგვყარეს, იქ უამრავი ადამიანი იყო. მერაბიშვილი და უგულავა დავინახე, ბოკერია კი ღუდუშაურის საავადმყოფოში ვნახე, - საოპერაციოში შემოვიდა. ახალაია არ მახსოვს.

- გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი იქ რას აკეთებდნენ?

- ისინი სპეცოპერაციის ადგილიდან 2-3 მეტრში იდგნენ. შეიძლება, მერე ახლოსაც მოვიდნენ, არ მახსოვს. სასიკვდილოდ განწირულები ვეყარეთ; ხალხი რომ არ მოსულიყო, ალბათ საკონტროლო გასროლებსაც მოახდენდნენ, მაგრამ ამას გადავურჩით. სპეცრაზმელები, რომლებიც ტყვიებს გვიშენდნენ, ნიღბებით იყვნენ, ფაქტობრივად - მიშას დაქირავებული მკვლელები. ტყვიები რომ დაუმთავრდათ, წიხლებით შეგვდგნენ. ძირს დაყრილებს ზოგი გვაგინებდა, ზოგი წიხლს გვირტყამდა. საკმაოდ ძლიერი ვარ და ხელით მონეტის გაღუნვა შემიძლია. ვიღაცამ თქვა, - ეს ის არის, ფულს თითებით რომ ღუნავსო, - თან ხელებზე ბორკილის დადება უნდოდა. წინააღმდეგობა გავუწიე. მაშინ დამიცხრილეს ხელები. ამას ვანო მერაბიშვილი და სხვა ადამიანებიც უყურებდნენ. სხეულზე იმდენი ჭრილობა მქონდა, ვეღარ ვმოძრაობდი. წიხლებით შეგვდგნენ მე და ჩემს მეგობრებს. ღუდუშაურის საავადმყოფოში რამდენიმე დღე გავატარე, შემდეგ ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს. იქაც გრძელდებოდა ზეწოლები და მუქარები.

- რატომ?

- მოჰქონდათ დაწერილი ქაღალდი და მეუბნებოდნენ, - ეს უნდა აღიარო, თუ აღიარებ, ცოტა წლებს მოგცემთ, თუ არა და, სამუდამოდ ციხეში გამოგკეტავთო. მართლაც, 30 წელი მომისაჯეს. მეუბნებოდნენ, ყველამ იცის, დაჭრილი ხარ, შენი მოკვლა პრობლემას აღარ წარმოადგენსო. მართლაც იყო ამის მცდელობა: წვეთოვანები მეყენა და უცებ მომიხსნეს. ამ დროს საავადმყოფოდან ერთი კვირის გადასული ვიყავი "რეზბალნიცაზე". გონება დავკარგე და რა მოხდა, არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, აპარატზე ვიყავი შეერთებული. ჩემი საქმე გახმაურებული იყო და ექიმები კარგად მექცეოდნენ, მაგრამ ძალიან შეშინებულები იყვნენ და კონტაქტში ვერ შემოდიოდნენ. ჭრილობები მოუშუშებელი მქონდა, საკანში რომ გადამიყვანეს.

- იქ მარტო იყავით?

- სამარტოო საკანში 2 წელზე მეტი გავატარე. ძალიან ძნელი იყო იქ ყოფნა. 5-6 თვე არც პრესა მქონდა, არც რადიო. ციხის თანამშრომლები ცუდად არ მექცეოდნენ, მაგრამ გარედან შემოსულები ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას - კუდ-ისა თუ სოდ-ის თანამშრომლები. მათი ზეწოლა სასამართლო პროცესების დაწყებამდე გრძელდებოდა. მოითხოვდნენ, ბრალი მეღიარებინა. გლდანის ციხეში 2 წელი და 4 თვე სამარტოო საკანში ვიყავი, თან - უმძიმეს მდგომარეობაში. თავიდან გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, ვერც ვჭამდი, რადგან ხელები დაცხრილული მქონდა. საკანში მხოლოდ სანიტარი თუ შემოვიდოდა. უნდოდათ, დავეთრგუნე, მორალურად გავენადგურებინე, მაგრამ არ გამოუვიდათ, ადამიანებს ბევრის ატანა შეგვიძლია. სარდაფივით იყო ის საკანი, ზევით პატარა ფანჯარა ჰქონდა. ხმის გამცემი არავინ მყავდა, ადვოკატს თუ შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. ცოტათი რომ მოვმჯობინდი და წამოდგომა მოვახერხე, ფანჯარასთან მივდიოდი და იქ კატებსა და ჩიტებს პურს ვუყრიდი, მათ ვესაუბრებოდი, აბა, რა მექნა?! ახლა თავიდან ვსწავლობ ლაპარაკს. სასამართლო რეფორმა რომ ჩატარდება, რეაბილიტაციას აუცილებლად მოვითხოვ.

- პრეზიდენტი სამშობლოს მოღალატეს გიწოდებთ და აპროტესტებს თქვენს გათავისუფლებას.

- მიშა თვითონ არის სამშობლოს მოღალატე, თავისი "ნაცბანდით". რასაც ის ამბობს, ცილისწამებაა.

- ამბობენ, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუხროვანის ამბოხის საქმეში გარეულ პირებს სამსახურებში არ აღადგენსო, ამაზე რას იტყვით?

- არც ვაპირებდი შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას, მაგრამ პატრიოტი ადამიანები, ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც უკანონოდ დაიჭირეს, რატომ არ უნდა დააბრუნონ? მე მაშინაც არ ვმუშაობდი, თადარიგის ოფიცერი ვიყავი. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, მხოლოდ მაშინ დავბრუნდები, მაგრამ მშვიდობიან ვითარებაში ჯარში ყოფნას მართლა არ ვაპირებ. ე.წ. "მუხროვანის საქმეზე" 41 ადამიანი გაასამართლეს. მათგან ძალიან ბევრს არანაირი შეხება ჯართან არ ჰქონდა. ისინი სხვადასხვა ადგილას, გზაზე "აკრიფეს". კობა კობალაძე 10 წელი ნანახი არ მყავდა და ციხეში გავიგე, რომ ისიც ჩვენს საქმეზე იჯდა. სრულიად უდანაშაულო ხალხი გაასამართლეს, ძალიან ბევრს პირადად არც ვიცნობდი...

სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული გია კრიალაშვილი ამ ფაქტამდე კიევში მსახურობდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იყო საქართველოში ჩამოსული, ოჯახის მოსანახულებლად. შემდეგ იგი ამბოხში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. იმ მძიმე წუთებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიკვიდირებული სამხედროს შვილებს ხატი გამოუგზავნა და სამძიმარიც გამოუცხადა.

გია კრიალაშვილის დაც ყოფილი სამხედრო პირი იყო და ახლახან დაბრუნდა ჯარში. ამბობს, რომ სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ლია კრიალაშვილი:

- ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახის თითოეული წევრისთვის ეს დღეები. ფაქტობრივად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების დღეს ხელმეორედ "დავკრძალე" ჩემი ძმა. მის მეგობრებს - მადლობა, ისინი ციხიდან პირდაპირ გიას სასაფლაოზე მოვიდნენ. იმედია, ჩემი ძმის სახელის რეაბილიტაცია მოხდება. 15 ნოემბერს პროკურატურაში სარჩელი შევიტანე და ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებას ვითხოვ. დავასახელე ის ადამიანები, ვინც ესწრებოდა გიას ლიკვიდაციას: გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია. უდავოა, ჩემი ძმა სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს. მოვითხოვ ამ პირების დაკითხვას და გაოგნებული ვარ, რომ ისინი ჯერაც არ დაუკითხავთ. გამაცნონ ჩემი ძმის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები! დღემდე არ მქონია მასალების გაცნობის საშუალება. გიას ორი შვილი დარჩა. მისი 23 წლის ვაჟი ჩემთან ერთად იბრძვის სიმართლისთვის. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გიას მკვლელობაში მონაწილეობდა, "ვადაგასული" პრეზიდენტიდან დაწყებული. დაუსჯელები რომ დარჩნენ, შეიძლება, ბენზინი გადავისხა და საჯაროდ თავი დავიწვა.

- თქვენ გათავისუფლებული იყავით ჯარიდან, ახლა აღდგენა მოახერხეთ?

- 2010 წლის მარტში გამათავისუფლეს, ასაკის გამო. შეიძლებოდა, სამოქალაქო შტატზე გადავეყვანე, მაგრამ ბაჩანა ახალაიასთან მაინც ვერ ვიმუშავებდი. ჩემი ძმის მკვლელობის მოტივი იყო - ბაჩანა ახალაია გამხდარიყო მინისტრი და მაშინდელი აქციებისკენ მიმართული ხალხის ყურადღება სხვა თემაზე უნდა გადაეტანათ. როგორც გავიგე, ერეკლე კოდუასაც მიუძღვის ამაში წვლილი - თურმე მის კაბინეტში იგეგმებოდა ყველაფერი. ჩემი ძმის ცხედარს უამრავი დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, იღლიის ქვეშ ჰქონდა ერთი ჭრილობა, ფეხები, ხელები დაჩეხილი აქვს, თავი - გადახსნილი, მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და გვამური ლაქები იყო. ექსპერტმა მითხრა, ამდენი ლაქა იმიტომ აქვს, როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგ ტანსაცმლით დიდი ხანი იწვაო... როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, გადავწყვიტე, სამართალი მეპოვა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ ფორმულირებას არ ვეთანხმები. ჩემი ძმა ქუჩაში გამვლელ პოლიციელს არ მოუკლავს, მიზანმიმართულად მოკლეს. გვარებს ვასახელებ და მათ პასუხი უნდა აგებინონ. 12 იანვრის მთელი დღე სასაფლაოზე გავატარე, 13-ში ბიჭები რომ მოვიდნენ, სასაფლაოზე დავხვდი. "ვადაგასულმა" პრეზიდენტმა ჩემს ძმას სამშობლოს მოღალატე უწოდა. მაინტერესებს, რომელია მოღალატე - ჩემი ძმა, რომელიც ამ წლების მანძილზე სამშობლოსთვის იბრძოდა, თუ მიშა, რომელმაც მთელ ერს შეულახა ღირსება? ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩემი ძმის მკვლელობისთვის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ