ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"

ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"

სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავასა" და სააქციო საზოგადოება "პირიმზის" ერთ-ერთი მფლობელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში "ქართუ ბანკის" გარშემო დატრიალებული მოვლენების გამო მოექცა: შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ბანკის გაკოტრების სქემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული და ამ საქმეში ის ბიზნესმენები გამოიყენეს, რომლებსაც "ქართუს" წინაშე საკრედიტო დავალიანება ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე ხშირად ლაურა ღაჭავას სახელი მოიხსენიება, ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ლაურა ღაჭავა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას დედაა. ქალბატონი ლაურა დღეს ჩვენი სტუმარია. როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს და თავისი გულისტკივილი ყველას გაუზიაროს:

- უკვე დავიღალე ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემი სახელი და გვარი ეწეროს?! მარტო მე მაქვს "ქართუ ბანკის" ვალი? ასზე მეტ კაცს აქვს დავალიანება და მარტო ჩემი სახელი და გვარი იცით?! როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა, გადავიხდი ჩემს ვალს. წესით, თებერვლის ბოლოს ყველაფერი უნდა გაირკვეს და იქნებ დამაცადოთ იქამდე! ბიზნესმენი ვარ და არ მინდა, ჩემი ავტორიტეტი ილახებოდეს, წამდაუწუმ ჩემი სახელი და გვარი იბეჭდებოდეს ყველა გაზეთში. ყოველდღე ხომ არ შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანზე იწერებოდეს?

- მაინც რამდენი გაქვთ ვალი, ქალბატონო ლაურა?

- დამერწმუნეთ, იმდენი ვალი ნამდვილად არა მაქვს, რამდენიც სხვებს. ზოგს 30-40 მილიონის დავალიანება აქვს და რატომ არ წერენ მათზე წამდაუწუმ? მეც ხომ ადამიანი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩემი უფლებები მაქვს, ასე ხომ არ შეიძლება? უკვე რამდენჯერმე ვთქვი - კი ბატონო, თანახმა ვარ გადავიხადო, ოღონდ ჯერ სასამართლო პროცესი დამთავრდეს-მეთქი, არც არავინ მისმენს და არც არავინ მიჯერებს! ერთ-ერთ გაზეთში ისიც კი დაიბეჭდა, ლაურა ღაჭავამ სააქციო საზოგადოება "პირიმზე" ერთ ლარად იყიდაო. მიბრძანდით და წაიკითხეთ კონტრაქტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში ინახება, ვინ რას მომცემდა ერთ ლარად? ასეთი რამის თქმა შეიძლება? ამდენი წელია ბიზნესში ვარ და არავის მოუცია ჩემთვის ერთ ლარად არაფერი. ჩუქება კი არა, საკუთარ ქონებას ხელახლა ვყიდულობ და ასეთი განცხადებები, უბრალოდ, გულსატკენია. უკვე რამდენი თვეა ვითმენ და ხმას არ ვიღებ, ხომ არ შეიძლება ამით ისარგებლონ?!

- ესე იგი, გაქვთ იმის სახსრები, რომ "ქართუს" წინაშე არსებული დავალიანება დაფაროთ?

- როცა ბანკის ვალი გაქვს, უნდა გადაიხადო-მეთქი, სულ ვამბობ და მაინც ყველა მე მაკრიტიკებს, განსაკუთრებით კი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი. მეც კარგად ვიცი - სესხი თუ გაქვს, ვალდებული ხარ, გადაიხადო. აბა სხვა ბანკებს ჰკითხეთ, როგორი კლიენტი ვარ? ოდესმე თუ დამიბრკოლებია რომელიმე მათგანი, ან თანხის შეტანა თუ დამიგვიანია? ამდენი ხანია ბიზნესში ვარ და ნამდვილად არ მიყვარს გადაუხდელი ვალები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება. სხვანაირად ვერ იარსებებ, ვის აქვს ახლა საქართველოში იმდენი ფული, რომ სესხის გარეშე ბიზნესი აკეთოს? როგორც ყველა ბიზნესმენი, მეც ვიღებ სესხს და ვიხდი ნორმალურად. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ ბანკის ვალი არ დამიგროვდეს.

- აბა რის გამო გსაყვედურობენ?

- ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი მე იმის გამოც მსაყვედურობს, ტელეეკრანიდან გველაპარაკება ლაურა ღაჭავაო. არავის არ ველაპარაკები ტელევიზიით - მე მივდივარ "ქართუ ბანკში", მაქვს ურთიერთობა ზურაბ გოგავასთან, ეს არის ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც ჩემი იურისტი მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩვენ უკვე გადახდის რეჟიმში ვიმყოფებით. როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება, "ქართუ ბანკსა" და ჩემს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება და ყველაფერს გავისტუმრებთ. სხვათა შორის, მე ამ ბანკთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა, კრედიტებს ჩვეულებრივ რეჟიმში ვისტუმრებდი და არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველაზე მეტად, იცით, რა მაწუხებს? - მე ბიზნესმენი ვარ, ურთიერთობა მაქვს უცხოელ ინვესტორებთან, ცნობილ იტალიურ ფირმებთან. მათ შორის არის "მონკლერი", რომელიც ჩვენი დამკვეთია. ამ ფირმის შეკვეთებს ვასრულებთ და შემდეგ ჩვენი შეკერილი სამოსი მიდის იტალიაში. ჩვენი დამკვეთია კიდევ რამდენიმე იტალიური ბრენდი. ლილოში, ჩვენს ფაბრიკაში ოთხი იტალიელი სპეციალისტი მუშაობს, ისინი ჩვენი ნაწარმის ხარისხს ამოწმებენ. 200 ადამიანი უკვე დასაქმებულია ჩემს ფაბრიკაში, მომავალში კიდევ ორასის დასაქმებას ვაპირებთ. ვგეგმავ ჩემი ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ უცხოელი პარტნიორების თვალში ხომ ილახება ჩემი, როგორც ბიზნესმენის ავტორიტეტი? ისინიც ხომ კითხულობენ ყველაფერს, რაც ჩემზე იწერება? ამიტომაც არ მინდა, რომ ჩემი სახელი წამდაუწუმ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიონ.

- ქალბატონო ლაურა, რას უპასუხებდით ბრალდებას, რომ "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ მოქმედებდა სქემა, რომელიც ამ ბანკის გაკოტრებას ისახავდა მიზნად და თქვენც მონაწილეობდით ამ სქემაში?

- ერთი მიპასუხეთ, ჩვენ ვინ ვიყავით, რომ ბანკის წინააღმდეგ გვებრძოლა, ან მე რატომ უნდა მებრძოლა რომელიმე ბანკთან?! ამ კითხვის დასმაც კი არ მიმაჩნია გამართლებულად. უკვე ყველამ აღიარა სიმართლე, ჩვენც ვიყავით დაკითხვაზე და ყველაფერი ვთქვით, რა იყო და როგორ. აბა რა გითხრათ? - ყველანი გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ რატომ არავინ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დაზარალებულები ჩვენც ვართ? ყველამ კარგად იცის, რა დღეში იყო ქართული ბიზნესი და რა წნეხის ქვეშ ვიყავით. არ მინდა ახლა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო და დრამატული სურათი შევქმნა, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეს ვინმე?!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა