"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"

"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებსა და განათლების სისტემის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო მაია, თუ გადაწყდა საბოლოოდ, რა სისტემით ჩატარდება მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები?

- არსებული სასწავლო გეგმით მოსწავლეები 4 ძირითადი საგნის - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის - სწავლას ამთავრებენ მე-11 კლასში; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გამოცდები ამ საგნებში სწორედ მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ ჩატარდეს. მე-12 კლასის ბოლოს კი დარჩენილ 4 საგანში ჩატარდება - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.

- რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გასულ წელს იყო საუბარი მისი 8+1 სისტემით ჩატარებაზე; ამ თვალსაზრისით თუ იგეგმება ცვლილებები?

- წელს მისაღები გამოცდები ისე ჩატარდება, როგორც ადრე; აბიტურიენტისთვის 4 საგნის ჩაბარება იქნება სავალდებულო. 8+1 სისტემის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ; ის სისტემა, რომლის დანერგვა 2011 წლიდან დავიწყეთ - კომპიუტერზე ადაპტირებული-კატ-ის სისტემა - ურთულესი ალგორითმია, თუმცა ძალზე ეფექტიანი, რადგან შეუძლია მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობა; შემდგომ კი დაიწყეს საუბარი, ეს ფორმატი უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვისაც გამოვიყენოთო. ამგვარი გამოცდის დროს მოსწავლეს ეძლევა მხოლოდ არჩევითპასუხიანი დავალებები. არ ეძლევა ღია დავალებები, სადაც მას რამეს დაწერა უწევს. ჩემი აზრით, არ შეიძლება უმაღლეს სასწავლებელში მიიღო ახალგაზრდა ისე, რომ არ შეამოწმო, შეუძლია თუ არა მას ერთი წინადადების დაწერა მაინც. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, თუმცა, მშობლიური ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია. იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით ნებისმიერ საგანში. მაგალითად, არჩევითპასუხიანი დავალების შესრულებით შეუძლებელია შეამოწმო მომავალი მათემატიკოსის მათემატიკური მსჯელობის უნარი, სწორედ ირჩევს თუ არა ამოცანის ამოხსნის გზას და ა.შ. როცა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე საუბარიც არ იყო - იგეგმებოდა ტესტირება კომპიუტერის მეშვეობით, რაც სულ სხვა რამ არის. ასე რომ, სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასში 8 გამოცდის ნაცვლად 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

- თუმცა, ამ სისტემით ჩატარებულ საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეებს ხშირად უმარტივეს კითხვებს აძლევენ, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო სა­გ­ნებში, როგორც ამბობენ, ამ საგნებში მათი ცოდნის არასახარბიელო დონის გათვალისწინებით. მაგალითად, ფიზიკის გამოცდაზე იყო კითხვა: წყლით სავსე ჭიქა მეტი ძალით აწვება მაგიდას თუ ცარიელი?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებისას ყოველი მომდევნო დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ უპასუხე წინა დავალებას; თუ კითხვას სწორ პასუხს გასცემ, მომდევნო დავალება რთულდება და პირიქით; ამასთანავე, ყველა საგანი დაყოფილია სფეროებად, თითოეულ სფეროში ხვდება ყველა ტიპის დავალება, ხოლო დავალება დავალებათა ბანკში რომ მოხვდეს, ამას რამდენჯერმე გამოცდა, ე.წ. კალიბრაცია სჭირდება. ალგორითმი კითხვების მონაცვლეობით ცდილობს დაადგინოს ის დიაპაზონი, რომლის ზემოთ რთულ კითხვებს მოსწავლე ვეღარ პასუხობს, მასზე მარტივს კი ყველა შემთხვევაში სძლევს. სისტემა ამ დიაპაზონის დადგენას ცდილობს და როგორც კი ის კონკრეტულ წინასწარ დადგენილ შუალედს აღარ სცილდება, მთავრდება გამოცდა. ასე რომ, ერთი მოსწავლის შესაფასებლად შეიძლება 25 დავალება იყოს საკმარისი, მეორესი კი - 40 და მეტი. აღმოჩნდა, რომ 2011 წლის გამოცდებზე, ისედაც მწირი დავალებათა ბანკის პირობებში, ხშირად მარტივი დავალებების ბლოკს ვერ ვცდებოდით. იყო შემთხვევები, როცა დავალებები მეორდებოდა კიდეც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მხრივ პრობლემებია, მეორე მხრივ კი ამგვარი რთული სისტემის სრულყოფას გარკვეული დრო სჭირდება.

- ხომ არ იცვლება გრანტების გაცემის, დაფინანსების წესი? კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ მიმართულებებზე აბარებენ?

- საბუნებისმეტყველო საგნებს ისედაც მიენიჭება უპირატესობა, რადგან კანონში შევა ცვლილება სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამების შესახებ და რამდენიმე სპეციალობაზე სწავლება უფასო იქნება, მათ შორის არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, აგრარული ფაკულტეტი და სხვა. რაც შეეხება სამართალმცოდნეობისა და სამედიცინო მიმართულებებს, სადაც ტრადიციულად მაღალი კონკურსია, აქ მოიხსნება შეზღუდვა, რომლითაც ამ სპეციალობებზე მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტი გაიცემოდა და რაც უსამართლო გადაწყვეტილება იყო - ახლა ამ სპეციალობებზე, ისევე როგორც სხვაგან, იქნება 70%-იანი და 50%-იანი გრანტები, სიახლეა ისიც, რომ 30-პროცენტიანი გრანტი უქმდება.

- რა სიახლეები იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში და როდის დაიწყება რეგისტრაცია?

- აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მარტის დასაწყისში დაიწყება. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, ფაკულტეტები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ვცდილობთ, პროცესი აბიტურიენტების ინტერესის გათვალისწინებით უფრო მოქნილი გავხადოთ. სასურველი პროგრამების, სპეციალობების რაოდენობა შეზღუდული აღარ იქნება (გასულ წელს აბიტურიენტებს 20 სპეციალობის არჩევა შეეძლოთ), რაც მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აბიტურიენტს გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგაც ექნება, ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებისთანავე შეწყდება.

- როდის დაიწყება და რა ცვლილებებია დაგეგმილი პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესში?

- მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისთვის. მასწავლებლებს ხელფასი სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით ეზრდებოდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო, როცა სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში, პედაგოგს 75 ლარით ეზრდებოდა ხელფასი, ხოლო ინგლისური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარით, ბუნებრივია, ინგლისური ენის მასწავლებლები პრივილეგიურ მდგომარეობაში იყვ­ნენ. რატომ ინგლისური ენისა და კომპიუტერის და არა უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდა? რატომ ვაკეთებთ აქცენტს ერთ კონკრეტულ ენაზე? ხომ შეიძლება პედაგოგმა სხვა უცხო ენა იცოდეს? მეორე მხრივ, არავინ არის იმ პედაგოგების წახალისების წინააღმდეგი, ვინც უცხო ენას ფლობს. ასე რომ, პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესი, მათ შორის, თანხების გადანაწილების პრინციპი თანდათან დაიხვეწება.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"