"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"

"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ფაცაციამ ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის, კობა სუბელიანისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ერთობლივ ფინანსურ მაქინაციებზე სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა.

- ცნობილია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების თუ გრანტების პროექტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, კობა სუბელიანის ხუთწლიანი მინისტრობის პერიოდში სამინისტრომ დაახლოებით 2 მილიარდამდე თანხა მიიღო. ეს იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ლტოლვილების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები, რაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არამიზნობრივად გახარჯეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი დახმარებით გამოეყო 4,5 მილიარდი ლარი. ამ თანხიდან დევნილებს უნდა მოხმარებოდა დაახლოებით მილიარდი ლარი. ნაციონალებმა კი დევნილების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, თანხა თავიანთი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს. ხოლო ლტოლვილებს, ნაცვლად სახლებისა, "გეტოები" აუშენეს. ცნობილია, რომ მშენებლობის საკითხის მოგვარება და კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაევალა. მშენებლობის პროცესში ჩართული იყო რამდენიმე სამშენებლო კომპანია და თანხების გაცემა ხშირად ლტოლვილთა სამინისტროდან ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშენებლო კომპანიებს ჯერ ააშენებია საცხოვრებელი სახლები ლტოლვილებისთვის და შემდეგ მშენებლობისთვის დახარჯული თანხები "შეაწერა". შედეგად ზოგი სამშენებლო კომპანია გაკოტრდა, ზოგის მეპატრონე კი ვანო მერაბიშვილმა დააპატიმრა. მერაბიშვილმა ბიზნესმენებს ფული "აახია", თავისი ჩადენილი დანაშაული მშენებლებს დააბრალა და ბინძური ხელები მათ შეაწმინდა. გარდა ამისა, ლტოლვილებს სახლების სანაცვლოდ, ქრთამიც გამოსძალეს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა ქრთამის გამოძალვაზეა ლაპარაკი?

- მოგახსენებთ. ფოთში ლტოლვი­ლებისთვის აშენდა საცხოვრებელი კორპუსი. ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე ლტოლვილს, ქრთამად, 3-3 ათასი დოლარი გამოსძალეს. ამის შესახებ რამდენიმე მათგანმა ჩემთან საუბარში განაცხადა. თუმცა, სამართალდამცავებს ოფიციალურად ვერ მიმართავენ, რადგან დანაშაულია ქრთამის გამოძალვაც და მიცემაც - კანონი დანაშაულის ჩამდენ ორივე მხარეს თანაბრად სჯის. ბინები ისეთ ადამიანებსაც კი მისცეს ფულის სანაცვლოდ, რომლებიც კარგა ხანია საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთმა ახლო ნათესავმა, რომელიც ათ წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობს, მითხრა, ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს გადავუხადე 3 ათასი დოლარი და ფოთში ლტოლვილებისთვის განკუთვნილ კორპუსში ბინა შევიძინეო. მსგავსი ფაქტები უამრავია. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან, ეს ინფორმაცია ფაქტებით დადასტურდება. როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა საახალწლოდ სახლებიდან გამოყარა ლტოლვილები და საბარგო მანქანებით ფოცხოს გზას გაუყენა, მაშინ დატრიალდნენ სწორედ ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლები, ისარგებლეს ლტოლვილთა გამოუვალი მდგომარეობით და მათ 3-3 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ფოთში ბინები დაუმტკიცეს. რამდენიმე მათგანს ვკითხე, თანხა რატომ გადაუხადეთ-მეთქი, მიპასუხეს - რა გვექნა, ფოცხოში საშინელ პირობებში ცხოვრებას, ასე ვარჩიეთ, ღია ცისქვეშ ვიყავით და დიდი განსჯის დროც არ გვქონდა, ახლა ჭერი მაინც გვაქვს თავზეო.

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი კი გამოდის და ისე გველაპარაკება, თითქოს ჭიანჭველასთვის არ დაედგას ფეხი. არადა, საინტერესოა იმ სახელფასო განაკვეთების და პრემიების ხილვა, კობა სუბელიანი თავისთვის რომ იწერდა. ლტოლვილთა და განსახლების ახლანდელმა მინისტრმა დავით დარახველიძემ გამოავლინა ის 5 საწყობი, სადაც სუბელიანს ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთები ჰქონდა. კი შეეცადა სუბელიანი თავის მართლებას, მაგრამ სინამდვილეში ეს ტვირთი გალის ბაზარში მიედინებოდა, სადაც თბილისიდან ტრანსპორტირებული ჰუმანიტარული პროდუქტი დღესაც უპრობლემოდ იყიდება. მარტო ამის გამო უნდა დაისაჯოს კობა სუბელიანი, რომელმაც მინისტრობისას ხელი ლტოლვილების ხარჯზე მოითბო. არსებობს მტკიცებულება, როგორ გაქრა ლტოლვილებისთვის გამოყოფილი მილიარდი ლარი. და ამ კორუფციულ სქემას ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, მივმართავ გენერალურ პროკურატურას და შს სამინისტროს, შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხის - 4, 5 მილიარდი ლარის განკარგვის კანონიერება.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა