"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"

"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"

არქიტექტორი გურამ გურამიშვილი საკუთარი სახლიდან 2008 წელს გამოასახლეს, 2010 წელს კი საჯარო რეესტრის ამონაწერით გაარკვია, რომ ვერაზე, გოგებაშვილის მესამე შესახვევში მდებარე სახლი, სადაც გაიზარდა, კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის სახელზე იყო გადაფორმებული.

- ბატონო გურამ, რატომ დარჩით უსახლკაროდ?

- 2000 წელს ბიზნესის წამოსაწყებად თანხა დამჭირდა, მივმართე შპს "ჯულის" (მისი ხელმძღვანელი ჯული ბაიდოშვილი ამჟამად გაქცეულია) და მისი მეშვეობით 5 იპოთეკარისგან ვისესხე 26 ათასი დოლარი. ხელზე ავიღე 21 ათასი დოლარი და ეს თანხა წელიწად-ნახევარში დავფარე. 5 იპოთეკარიდან ერთ-ერთი, ვინმე ნამი გოჩელაშვილი, რომელიც მას შემდეგ არ მინახავს, მითითებულ ნომერზე ზარს არ პასუხობდა, ჯულიც ამბობდა, ნამის კოორდინატები არ ვიციო. ხელშეკრულებაში ჩავიხედე, იქნებ მისამართით ვიპოვო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაგრაში იყო რეგისტრირებული. რაღას ვიზამდი, ჯულის მივეცი ნამისთვის გადასაცემი 10 ათასი დოლარი... 2003 წელს ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა სააკაშვილი. ამასობაში ავაწყვე ბიზნესი, პროექტები მქონდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, შევირთე ცოლი, შეგვეძინა შვილები. ეტყობა, იფიქრეს, ფული აქვს და მოდი "გავწეწოთო" და გამოჩნდა ნამი გოჩელაშვილი...

- თქვენ ხომ ჯული ბაიდოშვილს გადაეცით ნამის კუთვნილი თანხა?

- დიახ, მაგრამ გაირკვა, რომ ჯულიმ ეს თანხა გოჩელაშვილს არ გადასცა. სამ წელიწადში ნამი გოჩელაშვილისგან ნასესხები 10 ათასი დოლარი თავის პროცენტებიანად და საურავებიანად 155 ათასი დოლარი გახდა. ვინაიდან ჩემი სახლი მილიონ-ნახევრად იყო შეფასებული, გოჩელაშვილი და ბაიდოშვილი დაუკავშირდნენ დანარჩენ იპოთეკარებს და გაურიგდნენ, ვითომ თქვენთვისაც არ გადაუხდია ფული და ვუჩივლოთო. მხოლოდ ერთმა იპოთეკარმა თქვა ამ გარიგებაზე უარი.

- როდის გამოგასახლეს?

- 2008 წელს გამოგვასახლეს ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არც შეტყობინება მოსულა. მე უკრაინაში ვიყავი სამუშაოდ წასული, როცა ჩემი ოჯახის წევრები სახლიდან გამოყარეს.

თიკო გურამიშვილი, გურამ გურამიშვილის მეუღლე: - ბავშვები დავაძინე და დედამთილ-მამამთილთან ერთად ვსადილობდი, როდესაც შინ შემოგვივარდა ექვსი შეიარაღებული მამაკაცი სააღსრულებო ბიუროდან. მათ ხელმძღვანელობდა ადვოკატი გიორგი ბიძიშვილი. გვიყვიროდნენ, დროზე გადით სახლიდანო, ტომრები ჰქონდათ მოტანილი, აცვივდნენ მეორე სართულზე, გააღეს კარადები და ამ ტომრებში ყრიდნენ ყველაფერს. ვეუბნებოდი, ბავშვებს სძინავთ, ნუ შემიშინებთ-მეთქი და ამანაც არ გაჭრა. დაშალეს ბავშვების საწოლები. ერთმა მათგანმა მითხრა, ეს საწოლი მაინც აღარ დაგჭირდებათ და ჩემს შვილიშვილებს წავუღებო. ჩემს დედამთილს შაქრიანი დიაბეტი აქვს და ნერვიულობისგან შაქარმა აუწია. გამოვიძახეთ სასწრაფო, გადაუღეს კარდიოგრამა, ექიმმა თქვა, ამ ქალბატონის განძრევა არ შეიძლება და დასვენების საშუალება მიეცითო. ექიმს აუყვირდნენ, მოსყიდული ხარ და ამას სპეციალურად ამბობო. ყველაფერი დაამტვრიეს, დაშალეს და ერთ ოთახში შეყარეს. ტელევიზორიც კი მოიპარეს. ჩემს შვილებს დღემდე მტკივნეულად ახსოვთ ის დღე...

გურამ გურამიშვილი: - როცა შევიტყვე, რომ ჩემი ოჯახი ქუჩაში გამოყარეს, დავბრუნდი უკრაინიდან და ვიჩივლე სასამართლოში. მეგონა, სამართალს ვიპოვიდი, მაგრამ... სააკაშვილის სასამართლომ ათასი ლარი შემატანინა იმისთვის, რომ საკუთარი სახლიდან გამოგდებულ ადამიანს ჩივილის უფლება მომეპოვებინა. როგორც კი მივმართე პროკურატურას, ოპერატიულად მივიღე პასუხი, თქვენი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებულიო. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერში გიორგი ღვინიაშვილის ხელი ერია?!

- კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე როგორ ჩაერია ამ საქმეში?

- სოსო თოფურიძემ მარტყოფში სახლის დაპროექტება მთხოვა, ძმაკაცურად გვერდით დამიდექიო. ვუთხარი, მუშებს თავზე ვერ დავადგები, რადგან სხვა საქმეებიც მაქვს და კიდევ, სახლის პრობლემას ვაგვარებ-მეთქი. დაინტერესდა, როგორ მოხდა ჩემი გამოსახლება. მითხრა, შენ სახლის აშენებაში დამეხმარე და მაგას მე მოგიგვარებო. დაავალა ეს საქმე ვიღაცას და დაიწყო გამოძიება. მე ვუშენებდი თოფურიძეს სახლს მარტყოფში, დამირეკავდა და მეტყოდა, გურამ, ერთი მანქანა ქვიშა არის საჭიროო და მეც ვგზავნიდი, ბუნებრივია, ამ ყველაფერში ფულს ვიხდიდი... გამოძიებისას გაირკვა, რომ იმხანად ჩემი სახლი 80 წლის მარტოხელა პედაგოგის, ნათელა შერაზადიშვილის სახელზე იყო გაფორმებული. ყველაფერი ამტკიცებდა იმას, რომ სახლი უკანონოდ წამართვეს, მაგრამ პროკურატურაში საქმე იბლოკებოდა და გამომძიებელი ამის გამო გაოცებული იყო. ერთ დღესაც დამირეკა სოსო თოფურიძემ და მითხრა, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება, გადაიხადე 155 ათასი დოლარი და ეგ სახლი დაგიბრუნდებაო. რა თქმა უნდა, ვიუარე და შევუჩერე სახლის მშენებლობაც. ვუთხარი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ხომ მეტყვიან, მამა ჩვენ უსახლკაროდ დაგვტოვე და ვიღაცას სახლი აუშენეო? ეტყობა ამან გააღიზიანა და დამემუქრა, დაასრულე მშნებლობა, თორემ დაგიჭერო. რაღა მექნა,შვილები უსახლკაროდ დამრჩნენ და მამის გარეშეც ხომ არ დავტოვებდი? მოკლედ, მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და გავჩუმდი. ამას მალე მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა და თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი. 2010 წელს შემთხვევით ჩავიხედე რეესტრის ამონაწერში და ვნახე, რომ ჩემი სახლი უშუალოდ გიორგი სიბაშვილზეა გადაფორმებული. იმხანად სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის ღვინიაშვილის მოადგილე იყო. თვითონაც გოგებაშვილის მესამე შესახვევში ცხოვრობს წართმეულ ბინაში. სიბაშვილს გიორგი ღვინიაშვილი მფარველობს მათ კი - ზურაბ ადეიშვილი. მოვამზადე სარჩელი გენერალური პროკურორის სახელზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს მივაღწევ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ