"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი

"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვის ჯგუფში" ფიქტიურად დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა. როგორც ქართულ ტელეკომპანიებს გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა, "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 70 ათასი ლარი მიიღეს.

"თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებული საქმის გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ფიქტიურად დასაქმებული იყვნენ ცნობილი პიროვნებები, კერძოდ "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები. ისინი გაფორმებულნი იყვნენ სამსახურში 2010 წლიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით, როგორც სპეც ალპინისტ-დამგველები და ხელფასის სახით ამ პერიოდის განმავლობაში დარიცხული აქვთ 70 ათასი ლარი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, გამომძიებლის ინფორმაციით, აღნიშნულ სამსახურში ფიქტიურად დასაქმებულ 700-ზე მეტ ადამიანს შორის, ამ ეტაპისთვის, გამოძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები არ გამოუვლენია.

"საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის"  საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ