რამ შეზარა აკაკი ბობოხიძე და რის იმედს უცრუებს მას ზურაბ აბაშიძე

რამ შეზარა აკაკი ბობოხიძე და რის იმედს უცრუებს მას ზურაბ აბაშიძე

პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო "ნაციონალი" აკაკი ბობოხიძე და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს უპირისპირდებიან. აკაკი ბობოხიძე ირწმუნება, რომ პრემიერი ქვეყანას არცხვენს. "საქართველოს ჰყავს პრემიერი, რომელიც გადაწყვეტილებებს ქუჩის ჭორების დონეზე იღებს", - ამბობს ის.

ზურაბ აბაშიძის აზრით კი - ქვეყანას პრემიერი კი არა, პრეზიდენტი არცხვენს, რომელიც საკუთარი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე მიზანმიმართულად ლახავს.

- ბატონო აკაკი, რას გულისხმობდით, როდესაც განაცხადეთ, რომ პრემიერი გადაწყვეტილებებს ქუჩის ჭორებზე დაყრდნობით იღებს?

აკაკი ბობოხიძე:

- გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი, თუ როგორ აცნობა მას თანაკურსელმა დავით დარჩიამ, პოლიციის უფროსი, ირაკლი ალასანიას პარტიაში მეპატიჟებაო. ის ტელეეკრანებიდან გვიყვებოდა, როგორ უთხრა პოლიციის უფროსმა დარჩიას, რაღა გინდა "ოცნებაში", როცა პრეზიდენტი ალასანია ხდება, ჯობია "თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრდეო.

- ბატონო ზურა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა?

ზურაბ აბაშიძე:

- ირაკლის მოუვიდა შეცდომა. "თავისუფალი დემოკრატების" პარტია ვითვალისწინებთ შეცდომას და ვაგრძელებთ მუშაობას. წესით, თემა დახურული უნდა იყოს.

- ბატონი ირაკლი საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად, მართლაც პრემიერთან შეთანხმების გარეშე განიხილავდა?

- ეს იყო გუნდის შიგნით საუბარი. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება ისაუბროს გუნდის შიგნით და პოზიციები გაცვალოს. ამ ყველაფრის მერე როგორ განვითარდება მოვლენები ირაკლისა და ბატონ ბიძინას შორის, ეს უკვე მათი საქმეა და თავადვე გაარკვევენ. პარტია აგრძელებს მუშაობას კოალიციის ფარგლებში და მათ ერთსულოვნებას წინ არაფერი უდგას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ჭორაობა უყვართ. პრემიერს არასწორად მიუტანეს ამბავი, თუმცა ჩვენ მის შენიშვნას ვიღებთ და ვითვალისწინებთ.

- როგორ გგონიათ, ამბის სხვაგვარი ინტერპრეტაციით მიტანა ვის ინტერესებში შედიოდა?

- არ ვიცი, ძნელი სათქმელია, ამის ქექვას აზრი არა აქვს. ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ქვეყანას სჭირდება. კოალიცია "ქართული ოცნება" ერთიანი გუნდია, რომელიც პირადი მოსაზრებების მიხედვით კი არა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სწორედ ამიტომაც ვსარგებლობთ საზოგადოების მაღალი ნდობით. რაც უნდა ეცადონ "ნაციონალები", ხალხს ვეღარ მოატყუებენ და შეცდომაში ვერ შეიყვანენ, ამის საშუალებას არ მივცემთ. მინდა ამ ადამიანებს მოლოდინი გავუწბილო და მათ გასაგონად ვთქვა, რომ კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

აკაკი ბობოხიძე:

- მე მზარავს კოალიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ცალსახად ამბობენ, რომ თურმე ბატონ ბიძინას უფლება აქვს, დატუქსოს ყველა, ვინც შეცდომას დაუშვებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამწყდა გული იმის გამო, ალასანიასა და ივანიშვილს შორის უთანხმოების მიზეზი ევროატლანტიკური სტრატეგია რომ არ გახდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის ჩვეულებრივი ბანალური პრობლემებია. როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის წინაშე თავიანთ პოლიტიკურ პრინციპს ვერ იცავენ. ივანიშვილმა თავადვე თქვა, - მივესალმები, თუ კოალიციის შიგნით კონკურენტული გარემო შეიქმნებაო, მაგრამ როგორც კი ვიღაცამ დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა მოინდომა, მაშინვე მკაცრი რეაგირება მოახდინა. ამ კაცმა ყველას, პირველ რიგში, კოალიციის წევრებს მიანიშნა, ვინ არის კოალიციაში უფროსი და რას წარმოადგენენ დანარჩენები. ბატონი ბიძინა, ირაკლი ალასანიასა და დანარჩენებსაც კლერკებად მიიჩნევს, ისინიც უპრობლემოდ იფერებენ ამას.

- ალასანიასა და ივანიშვილს შორის ევროატლანტიკური სტრატეგია მათი უთანხმოების საგანი რატომ უნდა გამხდარიყო?

- ბატონი ალასანია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან ერთადერთია, რომელიც მკაფიოდ აფიქსირებს, რომ შეუცვლელია პროდასავლური ორიენტაცია და ის პოზიციები, რომელიც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მოიპოვა რუსეთთან მიმართებაში, არ არის დასათმობი. აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა, რომ ის ევროპული ღირებულებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებდა და პრინციპულ პოზიციას დაიკავებდა.

- ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროპულ ღირებულებებზე უარს ამბობს?

- მართალია, პრემიერი საჯაროდ ამბობს, რომ ევროატლანტიკური კურსიდან არ გადაუხვევს, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ თავადვე თქვას უარი ჩვენთან მეგობრობაზე.

- ასეთს რას აკეთებს?

- თუნდაც იმას, რომ ივანიშვილმა რუს ბიზნესმენებთან სიამაყით განაცხადა, - საქართველო ინვესტიციების მისაღებად მომხიბვლელი ქვეყანა სულაც არ არისო. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთანო. მანვე აღნიშნა, - ევროპა და ამერიკა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობენ და მე მათ ამის საშუალებას არ მივცემო. ჩვენს საქმეებში ჩარევას არავინ ცდილობს, უბრალოდ, თუ გვინდა, რომ საერთაშორისო გაერთიანების წევრი ვიყოთ, ამ გაერთიანებისთვის მისაღები წესებით უნდა ვითამაშოთ.

ზურაბ აბაშიძე:

- "ნაციონალების" ფანტაზია უსაზღვროა. მართლაც, რომ "ენას ძვალი არა აქვს". "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში იმიტომ გავერთიანდით, რომ ჩვენ შორის იდეოლოგიური თანხვედრაა. კოალიციაში შემავალი ყველა ადამიანი მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა, ქართველი ხალხის სურვილია. მინდა, "ნაციონალები" კიდევ ერთხელ გავაწბილო და ვუთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, პრემიერმა თქვა, რომ სომხეთს აქვს კარგი ურთიერთობა როგორც რუსეთთან, ისე ამერიკასთან და ეს ძალიან კარგი მაგალითია. რა არის ამაში ცუდი? ჩვენგან საზოგადოება სწორედ იმას ელის, რომ ურთიერთობა მოვაგვაროთ რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ ამერიკასთან.

- ბატონო ზურაბ, რატომ გახდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" უთანხმოების საგანი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი?

- არ ვიცი. ეს კანონპროექტი პრეზიდენტს უუქმებს უფლებამოსილებას, პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ გადააყენოს მთავრობა და მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, თუმცა უფლებას აძლევს, დაითხოვოს პარლამენტი საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან არა 6 თვის (როგორც ეს დღეს არის), არამედ 3 თვის შემდეგ, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არა 6, არამედ 3 თვით ადრე. ძნელი სათქმელია, როგორ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებს "ნაციონალები". მე მგონია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი მაინც აზროვნებს ჯანსაღად და ხვდება, რომ ეს კანონპროექტი სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა სააკაშვილის მხრიდან ზეწოლას ვერ უძლებენ.

აკაკი ბობოხიძე:

- რომელ ზეწოლაზეა საუბარი? სააკაშვილი ივანიშვილისგან განსხვავებით, განსხვავებული აზრის გამო არავის სჯის. საკანონმდებლო ინიციატივას მხარს იმიტომ არ ვუჭერთ, რომ სამ თვეში ერთხელ კრიზისს ხელოვნურად შექმნის.

- მაინც რამ უნდა შექმნას კრიზისი სამ თვეში ერთხელ?

- "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ თეორიულად, დღევანდელი კონსტიტუციით (ხაზს ვუსვამ სიტყვას "თეორიულად", იმიტომ, რომ პრაქტიკაში ამის გამოყენებას არავინ აპირებს), 12-დღიანი პრობლემა არსებობსო. ე.ი. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, მაგრამ ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს იყო და საპრეზიდენტო - ოქტომბრის ბოლოს იქნება, ჩნდება მეშვიდე თვე - აპრილის ბოლო და მაისის პირველი ნახევარი, როცა პრეზიდენტს უფლება აქვს, პარლამენტი დაითხოვოს და შექმნას პოლიტიკური კრიზისი. ამის მაგივრად გვთავაზობენ, რომ პრეზიდენტს მივცეთ უფლება, ყოველ სამ თვეში ერთხელ შექმნას პოლიტიკური კრიზისი. გამოდის, რომ მათთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, არამედ ის, კრიზისის დროს ქვეყნის სათავეში პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა იქნება თუ - პრემიერის. ჩვენთვის კი მთავარია, ქვეყანაში კრიზისი არ იყოს და არა ის, თუ ვინ იქნება ამ დროს ქვეყნის სათავეში.

"ქართული ოცნება" ამბობს, - კრიზისები საერთოდ რომ ავიცილოთ თავიდან, ამისთვის კონსტიტუციის ძირეული ცვლილებაა საჭირო, რომელიც დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვსო. თუ ეს მართლაც ასეა, მოვუწოდებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას, დღესვე დაიწყოს ამაზე მუშაობა და მეორეხარისხოვანი ინტრიგების მოწყობას თავი დაანებოს. "ქართული ოცნება" ფიქრობს, თავისი პრობლემებიდან (რომლის წინაშეც ისინი აუცილებლად დადგებიან) ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. მათ უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, თითქოს "ქართული ოცნება" იმიტომ ვერ მუშაობს, რომ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა უშლიან ხელს. ბიძინა ივანიშვილმა დავოსში გააკეთა განცხადება, ვითომ ევროსაბჭოში სახელი ჩვენ გავუფუჭეთ. ეს ხომ სისულელეა?! ნუთუ ვინმეს სჯერა, ევროსტრუქტურების წარმომადგენლების ერთადერთ საინფორმაციო წყაროს ჩვენ წარმოვადგენთ და მხოლოდ ჩვენი ინფორმაციების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს?

ზურაბ აბაშიძე:

- არ მესმის, რა კრიზისზე ლაპარაკობენ, ეს ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ევროსტრუქტურებში გაკეთებულ განცხადებებს, - ის მართლა ცდილობს, თავის ქვეყანას მსოფლიო საზოგადოების წინაშე სახელი გაუფუჭოს. ის პრეზიდენტის შესაფერისად არ იქცევა, ოპოზიციონერივით ლაპარაკობს, რაც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ძალზე სახიფათოა. თუმცა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას სახელს უტეხს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე უარს ვიტყვით. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს. უბრალოდ, ამას გარკვეული დრო და ბევრი მუშაობა სჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა