"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა

"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რესტორანში მოქეიფე რიგითმა ქართველებმა თავიანთი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სადღეგრძელოთი გამოხატეს და საპარლამენტო არჩევნებში ერთი კვირის გამარჯვებულ ძალას წარმატება უსურვეს. ამის გამო მეზობელ მაგიდასთან მსხდომმა პოლიციელებმა ამ პათოსის გამზიარებელი არც კაცი დაინდეს, არც - ქალი და კახაბერ გიგუაშვილსა და მის ცოლისდას, თეა სარიშვილს სხეული მძიმედ დაუზიანეს. დაზარალებულებს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდათ. მართალია, მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ პოლიციელებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, გამოძიებას არც ბრალდებული ჰყავს, არც - დაზარალებული.

ლია სომხიშვილი, კახაბერ გიგუაშვილის მეუღლე: - 7 ოქტომბერს, თბილისობას, რესტორან "გაგრაში" ვიყავით მე და ჩემი და მეუღლეებითურთ, მეგობრებთან ერთად. მეზობელ სუფრასთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორც შემდგომ გაირკვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ. მათ მუსიკოსებს პოლიციის (პატრულის) ჰიმნი შეუკვეთეს, წრე შეკრეს და როკვა დაიწყეს. ცოტა ხანში ჩემმა მეუღლემ, კახამ ფეხზე წამოდგომით წარმოთქვა საქართველოს და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" სადღეგრძელო. ეს პოლიციელებმაც გაიგონეს და როცა გარეთ გამოვდიოდით, სცენა გაითამაშეს - თითქოს ვიღაც პატარა ბიჭს კლავდნენ, დანას უტრიალებდნენ. ჩემმა მეუღლემ მათ მიმართა, ქართველები არ ხართ, ქართველს რატომ კლავთ ამ თბილისობა დღესო! ვფიქრობ, მათ იცოდნენ მისი ხასიათი, ასეთ ინციდენტს გულგრილად რომ არ აუვლიდა გვერდს და ასეთი სცენაც ამიტომ გაითამაშეს.

- პოლიციელებს საიდან უნდა სცოდნოდათ თქვენი მეუღლის ხასიათი?

- პოლიციელებს ჩვენ შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ზემო ფონიჭალაში სამოთახიანი ბინა მაქვს დაკეტილი და "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვით ადრე გვთხოვა, მიგვექირავებინა, მაგრამ ნაციონალებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. გვემუქრებოდნენ, ეს არ გააკეთოთ, თორემ შენც და შენს მეუღლესაც ჭკუას გასწავლითო. ჩემთვის დღემდე უცნობია, ვის სცემდნენ პოლიციელები, ვინ იყო ის ბიჭი, რომელიც მაშინვე გაქრა, შემდეგ კი აგრესია ჩვენზე გადმოვიდა. ჩემს მეუღლეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანა მოუქნია. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ესენი იყვნენ: გიორგი ფუხაშვილი, გიორგი გუგეშაშვილი და ვინმე გასოევი. დარეკეს და რამდენიმე წუთში მოიყვანეს მეგობრები (17 პოლიციელი) ყველა ჩემს მეუღლეს, კახა გიგუაშვილს სცემდა. ფუხაშვილი გაიძახოდა - ეს არის, ამისი დედაც, მოკალითო. ამ ცემა-ტყეპაში ჩემი და გადაეფარა ჩემს ქმარს. თეას იმ ველურებმა ფეხი მოსტეხეს, ცხვირი გაუტეხეს. ყელიდან ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამოგლიჯეს... მეც გადავეფარე ჩემს ქმარს, ერთ-ერთი პოლიციელი თმაში მწვდა და ძალით გამომათრია. ქალები პატრულს ვუხმობდით. იქვე იყვნენ "ალგანის" (დაცვის სამსახური) თანამშრომლები, რომლებიც არც კი განძრეულან. თანაც, ეს ყველაფერი ხდებოდა ქალაქის პროკურატურის მოპირდაპირე მხარეს. გავიქეცი და ტრასაზე მომავალ პატრულის მანქანას გადავუდექი, მაგრამ რად გინდა, ადგილზე მოსულ პოლიციელებს არავინ გაუშველებიათ, პირიქით, ცინიკურად იქცეოდნენ, როცა შეიტყვეს, რომ თავდამსხმელები მათი თანამშრომლები იყვნენ. ჩანთაში ორი მობილური მქონდა, ამოვიღე, მინდოდა, საშველად დამერეკა ვინმესთვის, ორივე რიგ-რიგობით გამიტეხეს და მეუღლის ტელეფონიც ზედ მიაყოლეს. სასწრაფოს მოსვლას 45 წუთს ველოდით, ბოლოს პატრულის 4 ეკიპაჟი მოვიდა, მათ გააპარეს დამნაშავეები და როდესაც მივანიშნე ფუხაშვილზე, რომელიც ქმარს მიკლავდა, მითხრეს, უფლება არ გვაქვს, დავაკავოთ, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მათ სცემეს თქვენს ქმარს და მერე ავიყვანთო.

- მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა?

- იმ ღამესვე შევიტანე განცხადება პოლიციაში, რომელიც მეორე დღეს გადაეცა პროკურატურას. ჩემი მეუღლე სასტიკად იყო ნაცემი, ჰქონდა უამრავი დაზიანება, ნაავარიები იყო და ფეხში ჩადგმული ჰქონდა ლითონის ფირფიტა, ცემის დროს ფირფიტა ჩაემსხვრა, ფეხი მოტყდა, რის გამოც 4,5-საათიანი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, მიიღო ტვინის მძიმე შერყევა. ექსპერტიზამ მოგვიტანა პასუხი - ნახევრად მძიმე დაზიანებააო. პატრული გვირჩევდა, სასწრაფოდ ტაქსებში ჩასხედით და სახლებში გაიქეცითო. არ დავიბენი, ყველგან დავრეკე. ჩვენ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, ისინი გვიჩივლებდნენ, თავს დაგვესხნენო. ამ ცხოველებმა ქალიც არ დაინდეს... სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობდნენ, არ გადაეყვანათ ის საავადმყოფოში, გვეუბნებოდნენ - არ სჭირდება, თქვენი მანქანით წაიყვანეთო. ჩემს დას გაუკეთეს ცხვირის ოპერაცია და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ასეთი ავადმყოფი მაინც არ დატოვეს საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე მოდიოდა უამრავი ხალხი დაბურულმინებიანი მანქანებით, კითხულობდნენ მდგომარეობას, გვაკონტროლებდნენ და ცდილობდნენ, არ გვეჩივლა, გვითვლიდნენ - დროს გაძლევთ, თქვენთვისვე იქნება ცუდი, დაფიქრდით, თორემ ნახავთ, რას "გაგიჩალიჩებთო". მე ერთ-ერთი პოლიციელის ქურთუკის ნაგლეჯი წამოვიღე ნივთმტკიცებად. როცა ამას მიხვდნენ, მეორე დღეს თვითონ იმ პოლიციელმა მიიტანა და ჩააბარა ქურთუკი გამოძიებას - დაუწერია, თავს დამესხნენ და ქურთუკი დამიხიესო...

- გამოძიება როგორ წარიმართა?

- კრიმინალი პოლიციელები მეორე დღიდანვე გვირეკავდნენ, გვთავაზობდნენ თანხას, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ადამიანები მოსცილდნენ იმ თანამდებობებს, რომლებზეც ჯერ კიდევ არიან, არ მინდა, ეს ნაძირალები დღევანდელი ხელისუფლების სამსახურში დარჩნენ. ისინი თავიანთ თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. მათ სახლშიც მოგვაკითხეს: მოვიდა ვინმე თენგიზ ქავთარაძე, პოლიციელ გიორგი ფუხაშვილის დედის ძმა, რომელიც, როგორც შევიტყვე, ახლახან დაუწინაურებიათ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაუნიშნავთ. ჩემს დას რომ შეხედა, მის ნაოპერაციებ ცხვირზე ცინიკურად თქვა, რა გინდათ, მშვენიერი ცხვირი აქვსო. ჩემს სიძეს კი დაემუქრნენ, პრობაციონერი ხარ და დედას გიტირებთო. შემდეგ იყო ხვეწნა, მერე ისევ მუქარა და ა.შ. გვიგზავნიდნენ ადვოკატებსაც. როცა ჩვენმა ადვოკატმა მათ უთხრა, რა თანხაც დაჯდა ორი ადამიანის რამდენიმე ოპერაცია და ძვირად ღირებული წამლებით მკურნალობა (30 ათას ლარამდე), საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან კონტაქტი. ჩემი ქმარი დღესაც ყავარჯნებით დადის. სამი შვილი მყავს, კახა შრომისუუნარო შეიქნა, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ, ავიღეთ ვალები და ამ არაადამიანების წყალობით გავნადგურდით. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეწყდა. ახლა ხელმეორედ დავწერე განცხადება და იმედი მაქვს, საქმეს მსვლელობა მიეცემა და პოლიციელები დაისჯებიან სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. ამ სამი თვის განმავლობაში არც გამომძიებელი შეგვხმიანებია და არც დამნაშავეები. 10 დღის წინ კვლავ შევიტანე განცხადება პროკურატურაში. მოვითხოვ დამნაშავეების დასჯას და ზარალის ანაზღაურებას! აუცილებლად უნდა გამოაშკარავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თანამდებობას.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"