გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის, ჯამბულ (ჯაბა) ხოშურაულის ოჯახი დამნაშავეების დასჯას კატეგორიულად მოითხოვს. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს 3 პატიმარი გამოსაკვლევად, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, ერთ პალატაში მოთავსდა და მათ უსაფრთხოებას საბადრაგო სამსახური იცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ექიმთან კონფლიქტი მოუხდათ და დებოში ატყდა. ხელბორკილების გარეშე მყოფმა პატიმრებმა ოთახის ინვენტარი დააზიანეს, მინები ჩაამსხვრიეს და შუშის ნამსხვრევებით ხელებიც დაისერეს... საბოლოოდ, შეხლა-შემოხლას ბადრაგ ჯაბა ხოშურაულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილის ოჯახი საქმის გამოძიების დასრულებას ელოდება. ხოშურაულის და - მარინა ჟღენტი პირველ რიგში, იმ პატიმრების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ბუნტი მოაწყვეს, ასევე - გაირკვეს, თუ რატომ იმყოფებოდა ერთ პალატაში უმძიმესი ბრალდებით დაკავებული სამი პატიმარი და თუ ამით შინაგანაწესი დაირღვა, პასუხი აგონ იმ პირებმაც, ვინც ამისთვის პასუხისმგებელი იყო.

მარინა ჟღენტი:

"როგორ შეიძლებოდა, ერთ პალატაში მათი მოთავსება?! ბადრაგების სიცოცხლეზეც ხომ უნდა ზრუნავდნენ! ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, დაისჯებიან თუ არა კონკრეტული პირები. როგორც გავიგე, არც ერთი პირი აქამდე პასუხისგებაში მიცემული არ არის. მითხარით, რას ნიშნავს ეს? უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ბადრაგის თანამშრომლებმა, რომლებიც იქ იყვნენ, გამოძიებასთან სიმართლე დამალეს. აშკარაა, განაწესი დარღვეული იყო და ვიღაცამ თავიდანვე დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. სხვა ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ბადრაგები პირად საუბრებში ერთს ამბობენ და გამოძიებაში - სულ სხვას? ეტყობა, დაკითხვამდე დირექტივები მიიღეს. როცა ვკითხეთ, ასე რატომ მოიქცნენ, პატარა ბავშვებივით აიტუზნენ და ხმა არ ამოუღიათ. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თალაკვაძეც ამბობს, რომ ხოშურაულის გარდაცვალება მათთვის კარგი მაგალითი იყო და თურმე ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ, რამდენიმე კლინიკასთან დამატებით გააფორმეს ხელშეკრულებები, საავადმყოფოების პატიმრებით გადატვირთვა რომ არ მოხდეს. ეს ერთგვარი აღიარებაა იმის, რომ სამი პატიმარი ერთად არ უნდა ყოფილიყო. მართალია, ჩემს ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მოვითხოვ, დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. იმ დღეს ჯაბა მორიგეობიდან სახლში დაბრუნებული იყო და სასწრაფო წესით, ისევ გამოიძახეს. საშინელი რეჟიმით მუშაობდნენ ბოლო პერიოდში - დღეში 40 პატიმარი გადაჰყავდათ საავადმყოფოებში და მათ იცავდნენ. მისმა თანამშრომელმა მითხრა, სხვა პატიმარს "ვამაგრებდი" და დავინახე, ერთმა პატიმარმა ჯაბას დედა შეაგინა და მოისროლა; ის წაიქცა, მაგრამ იმწუთას არაფერი დამართვია, უცებ წამოდგაო. ის პატიმარი გვარად მაზნიაშვილია; ჩემი ინფორმაციით, გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს. თურმე სპორტსმენი ყოფილა და ეტყობა, არ გაუჭირდა ჩემი ძმის წაქცევა. იქ თურმე დაამსხვრიეს ინვენტარი, სკამებიც უსვრიათ, პატიმრები ოთახშიც დარბოდნენ, მათ დაშოშმინებას კი ბადრაგები ცდილობდნენ. მერე თითქოს სიტუაცია განიმუხტა. ბადრაგი ამბობს, ჯაბა მოკუნტული იდგა და სველი ტილოთი თითები გადახვეული რომ დავუნახე, ვკითხე, რა სჭირდა? მიპასუხა, - არ ვიცი, ბიჭო, მომტყდა თუ არა ეს თითები, ძალიან მტკივა და სველი ტილო დავიდეო. ჯაბას მგონი, ის ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, რადგან სილურჯე აშკარად ეტყობოდა. ასევე დალურჯებული ჰქონდა ტუჩი, სილურჯე აღენიშნებოდა კისერზეც, თავი მთლიანად გაკერილი ჰქონდა. მაშინ მითხრეს, რომ თავი ექსპერტიზის დროს იყო გაჭრილი. ისიც ფაქტია, ნეკნებიც დამტვრეული ჰქონდა. ალბათ, რომ მოისროლა პატიმარმა, მაშინ მიიღო ეს დაზიანება. ამბობენ, ჯაბა გულის შეტევით გარდაიცვალაო. შეიძლება, ნერვიულობის გამო ცუდად გახდა, მაგრამ იმის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რომ იქ ჩემს ძმას სცემეს. ამიხსნან, რატომ ჰქონდა მას ამდენი დაზიანება. ეს არ იყო პატარა ინციდენტი, ღამის პირველ საათზე დაწყებული ინციდენტი დილამდე გაგრძელდა... ჩემი ძმა დილით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მთელი ღამე მათ დაცვას შეალია თავისი ჯანმრთელობა, ისინიც ამის შემდეგ დამშვიდდნენ. შეიწირეს ჯაბა ხოშურაული. მას პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. ყოველთვის გულით ეკიდებოდა თავის საქმეს. პატიმრების სიცოცხლე ევალებოდა და ბუნებრივია, ინერვიულებდა იმაზეც, რომ მათ რაიმე არ მოსვლოდათ".

ექსპერტიზის დასკვნით, ხოშურაულის გარდაცვალების მიზეზი გულის ქრონიკული დაავადება იყო. ამ დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება დაზარალებული.

მარინა ჟღენტი:

"არანაირი დაავადება ჯაბას არ აწუხებდა. არასოდეს დაუჩივლია, გული რომ სტკიოდა. არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის. სრულიად ჯანმრთელი იყო. შეიძლება, ისე ინერვიულა, რომ გულმაც უღალატა, მაგრამ პატიმრებმა ხომ მიიყვანეს ის ამ მდგომარეობამდე! ხომ უნდა აგონ პასუხი?! ახლა ბადრაგები ჩვენთან ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ არა აქვთ რეალური ჩვენება მიცემული. ეს არ არის გამოსავალი. მოვითხოვ, თქვან სიმართლე... როგორც მითხრეს, იმ ბუნტის დროს იქ ვიღაც ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდა. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ამის გადაღება, მაგრამ ფაქტია, მთავარი მტკიცებულება ვიღაცასთან ინახება. გამოაჩინონ!.. ველოდები, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა პასუხს აგებს. როგორც ვიცი, იმის მტკიცებაც უნდა, რომ ნეკნების დაზიანებაც სამედიცინო დახმარების დროს მიიღო. ეს უკვე მეტისმეტია. დებილები ხომ არ ვართ, თვალებში ნაცარს ნუ გვაყრიან! ჩემს ძმას რამდენიმე ნეკნი დამტვრეული ჰქონდა და ეს ცხადია, ძალადობის შედეგია. ასეთ დასკვნას არასოდეს დავეთანხმები. ასე მგონია, ქვეყანაში სამართლიანობის დრო დადგა და ნუ გაგვიცრუებენ იმედს, სიყალბეს ნუ ჩაიდენენ. მოვითხოვ, გამოძიებამ სიმართლე დაადგინოს!"

თავის დროზე, სოზარ სუბარმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო, დებოშის ამტეხ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდებოდათ. საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურა იძიებს და დეტალების გარკვევა პროკურორ ბექა ეზიშვილთან ვცადეთ:

- საქმე 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული. როგორც წესი, როცა ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, გამოძიებას ამ მუხლით ვიწყებთ, - ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უმეტესად საქმის შეწყვეტა ხდება. თუ გამოიკვეთა, რომ ვინმემ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მაშინ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ახლახან მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა და დგინდება, რომ ჯამბულ ხოშურაულის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო, რაც გამოიწვია გულის ქრონიკული იშემიური დაავადების გამწვავებამ. ამ ეტაპზე მოწმეები დაკითხვა და მტკიცებულებების მოპოვება ხდება. უკვე დაიკითხნენ ოჯახის წევრები, ბადრაგები, ექიმები, პაციენტები. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

- ბატონო ბექა, ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა. ეს ფაქტი ექსპერტიზითაც დადასტურდა?

- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნეკნების დაზიანება მისი გარდაცვალების შემდგომ დადგა: რეანიმაციაში გადაყვანის დროს, ელექტროშოკის გამოყენებით, ექიმები ცდილობდნენ მისი გულის ამუშავებას. დაკითხულია ექიმი და ადასტურებს - როდესაც გულის ხელოვნურად ამუშავება ხდება, უმეტესად ეს ნეკნების ჩამტვრევას იწვევს. სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.

- გარდაცვლილს ხელოვნური სუნთქვის დროს რამდენიმე ნეკნი ჩაემტვრა?

- გარდაცვლილს გულის ფიცარზე რამდენიმე ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს სიკვდილის შემდგომ მიღებული დაზიანებებია. მას ყველანაირი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ამ სამედიცინო ჩარევებმა ნეკნების დამსხვრევა გამოიწვია.

- გარდაცვლილს ქრონიკული იშემია რომ ჰქონდა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმება მისი ოჯახი. მათი მტკიცებით, ერთხელაც არ დაუჩივლია ხოშურაულს, რომ გული აწუხებდა, არც ერთხელ ექიმისთვის არ მიუმართავს. ოჯახის მტკიცებით, სრულიად ჯანმრთელი იყო.

- ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გვაქვს ექიმის ჩვენება: მისი თქმით, შესაძლებელია, სიმპტომების გარეშე ფარულად მიმდინარეობდა დაავადება. ფაქტია, ჩვენ ხელთ გვაქვს სრულყოფილად ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას გულის ქრონიკული იშემიური დაავადება ჰქონდა.

- ჩემი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე პალატაში სერიოზული ინციდენტი მოხდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას თვითმხილველი ამბობს, რომ იქ პატიმრებსა და ბადრაგს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა, უფრო მეტიც - თურმე ხოშურაული პატიმარმა წააქცია. რას ამბობენ დაკითხული პირები და რომელიმე მათგანს ჩვენება ხომ არ შეუცვლია?

- ბადრაგები დაკითხულები არიან, ასევე - ექიმები, ექთანები. იქ ბევრი ადამიანი იყო ინციდენტის დროს. ასეთი ფაქტი გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება, ასეთი ჩვენება არც ერთ მოწმეს არ მიუცია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. დარჩენილი მოწმეები იკითხებიან, შემდგომ, თუ რაიმე გამოიკვეთება, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით.

- მაშინ, იქნებ ის გვითხრათ, რა გაირკვა გამოძიებით - რეალურად რა ინციდენტი მოხდა?

- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერ გაგცემთ. დიდ ბოდიშს გიხდით.

- როგორც ირკვევა, კონკრეტული პირები ჯერჯერობით პასუხისგებაში მიცემული არ არიან. ოჯახი იმ პატიმრების დასჯას ითხოვს, რომლებმაც დებოში ატეხეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძვრება?

- ამ ეტაპზე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. გამოძიება დაწყებულია, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე ხულიგნობის მუხლით, თუმცა რა გამოიკვეთება, გამოძიების ბოლოს გამოჩნდება. მერწმუნეთ, თუ გვექნება იმის მტკიცებულებები, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში, თუ არ იქნება, მაშინ საქმეები შეწყდება, დანაშაულის არარსებობის გამო.

- სოზარ სუბარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მათთვის ერთგვარი გაკვეთილი იყო: დღეში 40-45 პატიმარი გადაჰყავდათ საავადმყოფოებში. ამის შემდეგ დამატებით რამდენიმე საავადმყოფოსთან გაფორმდა ხელშეკრულება. უმძიმესი ბრალდებით დაკავებული სამი პირის ერთ პალატაში მოთავსება, დანაშაული იყო? ხომ არ იკვეთება სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის ბრალეულობაც?

- ამ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება ყველა მიმართულებით ტარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ვნახოთ, რა გამოიკვეთება. გამოძიება ფინალურ ეტაპამდეა მისული და უახლოეს ხანში დეტალები ცნობილი გახდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ