ზაზა მარჯანიშვილი და მარინა სალუქვაძე ყოველ წამს ერთად არიან

ზაზა მარჯანიშვილი და მარინა სალუქვაძე ყოველ წამს ერთად არიან

ზაზა მარჯანიშვილს ცხოვრებაში რამდენჯერმე ძალან უყვარდა. ოთხჯერ გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი სიყვარული მოვიდა. პირველ სამ შემთხვევაში შეცდა. სიყვარული მალევე დამთავრდა. ამჯერად მარინა სალუქვაძესთან იპოვა დიდი სიყვარული, რომელსაც მთელი 43 წელი ელოდა.

რატომ ვერ გაიცნო პოლ მაკარტნი

-  მამაჩემი, გურამ გალოგრე, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი კაცი იყო, ვინც ცხოვრებაში მინახავს. გალოგრე უძველესი გურული გვარია. ამ კაცმა მასწავლა მეგობრობაც, პრობლემების გადალახვის აუცილებელი კულტურაც, იმ თოკზე სიარული, რასაც კაცობა ჰქვია და რაც მთავარია, მუსიკა მასწავლა.

-  პროფესიით მუსიკოსი იყო?

-  გამომძიებელი იყო, მაგრამ მუსიკა ძალიან უყვარდა. შემიძლია დავიკვ­ეხნო, რომ იმ დროის კორუმპირებულ საქარ­თველოში მამა მცირერიცხოვან პატიოსან გამომძიებელთა რიცხვში შედიოდა. ჩვენს ოჯახში რომ შე­მოსულიყავით, მიხვდებოდით, როგორი პატიოსანი ოჯახი ვიყავით. დედა, ციალა მარჯანიშვილი, პედაგოგია და პროფესიონალი დედაა. დღემდე დღეში რამდენჯერმე მირეკავს და მეკითხება, სახლში გაზი ხომ არ დაგრჩა ჩართულიო, და სხვა მსგავს კითხვებს მისვამს. მისი ეს თვისება ყოველთვის მხიბლავდა. ასეთი დედობის კოდი ქართულ ფენომენში დევს და ამის ნათელი მაგალითია დედაჩემი. ჩემი ბიოლოგიური მამა არ მახსოვს. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.

-  მამა არასდროს გინახავთ?

-  ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს, სიგარეტს როგორ ეწეოდა. ხელში როგორ ამიყვანა რამდენჯერმე...

-  როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?

-  ძნელაძის ქუჩაზე იყო შენობა, სადაც ხმის ჩამწერი სტუდია გახლდათ განთავსებული. ამავე შენობაში იყო უსინათლოთა საზოგადოება. მამა მაშინ ხმის რეჟისორი იყო და პარალელურად იურიდიულზე სწავლობდა. დედა რადიოშიც მუშაობდა და პარალელურად უსინათლოებისთვის წიგნებს წერდა. როგორც რადიოს თანამშრომელი მივიდა სტუდიაში ჩასაწერად და იქ გაიცნო მამა. მე მაშინ დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი. ფოტოზე ჩემი მშობლები არიან.

-  სურათი, რომელზეც რამდენიმე თვის იქნებით იცით, სადაა გადაღებული?

-  ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, ბათუმშია გადაღებული. დედა ხშირად მაცმევდა შავ მაისურებს, იმიტომ რომ ძალიან თეთრი ვიყავი. ბათუმში ხშირად ვისვენებდი. სახლი გვაქვს და არდადეგების დროს ერთ თვეს მაინც ვატარებდით ბათუმში.

-  გარეგნულად დედას ჰგავხართ?

-  ალბათ დედას ვგავარ.

-  ალბომში რამდენიმე ფოტო ბურთით ხელში გაქვთ გადაღებული. როგორც ჩანს, ბურთი გიყვარდათ.

-  სპორტი ყოველთვის მიყვარდა, ფეხბურთი განსაკუთრებით, მაგრამ დედამ თავიდანვე შეამჩნია, რომ მუსიკალური სმენა მქონდა. დედაც ძალიან მუსიკალური ადამიანია და უცბად მიხვდა, რომ მომავალი მუსიკოსი ვიზრდებოდი. მიმიყვანა ანსამბლ "ნერგებში".

-  შემდეგი ფოტო ამ პერიოდშია გადაღებული?

-  არა, "ნერგებში" მისვლამდე. ფოტოზე დაახლოებით ხუთი წლის ვიქნები.

-  მექსიკურად ხართ გამოწყობილი. მოგწონდათ მექსიკური მუსიკა?

-  სომბრერო უბ­­რალოდ მახურავს. ქუდი ატელიეში ჰქონდათ და დამახურეს. იმ პერიოდში მექსიკური მუსიკა, სავარაუდოდ, მოსმენელიც არ მექნებოდა.

-  ახლა მოგწ­ონთ?

-  მექსიკურ მუსიკას ძალიან ბევრი მიმდინარეობა აქვს. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც საქართველოშია, გურული სიმღერა რომ განსხვავდება კახურისგან. ძალიან კარგ მექსიკელ მუსიკოსებთან დამიკრავს. ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, მაშინ ვეზიარე მექსიკურ და ლათინურ-ამერიკულ მუსიკას და ახლა, რასაკვირველია, ძალიან მომწონს.

-  პირველად რომელი მუსიკა მოგეწონათ ყველაზე მეტად, რამაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

-  "ბითლზი" მომეწონა ძალიან.

-  ბითლომანი იყავით?

-  დღემდე ვარ. ჩემს ბავშვობაში ყველა ეზოში ბავშვების ჯგუფი იყო, რომლებიც "ბითლზის" სიმღერებს მღეროდნენ. დღემდე ვარ დაავადებული "ბითლზის" საოცარი სიმღერებით.

-  ამერიკაში ცხოვრების პერიოდში "ბითლზის" რომელიმე წევრი ხომ არ გაიცანით?

-  სამწუხაროდ, ვერ გავიცანი. ერთხელ საჩუქრების მაღაზიაში შევედი, სადაც პოლ მაკარტნი იყო, მაგრამ ვერ შევბედე მისვლა, იმდენად დიდი იყო ჩემთვის. ძალიან მინდოდა მეთქვა, შენი ბრალია, საშინლად რთული პროფესია რომ ავირჩიე-მეთქი. საოცარი, გენიოსი ადამიანი იდგა ჩემ წინ და საფოსტო მარკას ყიდულობდა.

როდის იყო უფლისწული

-  შემდეგ ფოტოზეც ბურთით ხელში ხართ.

-  სურათი 1976 წელს კოჯორშია გადაღებული. ფოტოზე დაახლოებით შვიდი წლის ვიქნები. "ნერგების" წევრები ვისვენებდით იქ და პარალელურად რეპეტიციები გვქონდა ხოლმე. სეზონი რომ დაიწყებოდა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით და კონცერტებს ვმართავდით.

-  რომელ სკოლაში სწავლობდით?

-  რკინიგზის პირველ საშუალო სკოლაში, რომელიც დგებუაძის ქუჩაზე იყო. ეს სკოლა დაამთავრეს ჩემთვის დიადმა გია ყანჩელმა, ვაჟა აზარაშვილმა, ზურა წერეთელმა, დებმა ჭოხონელიძეებმა.

-  როგორც მითხარით, მომდევნო სურათი გადაღებული გაქვთ თქვენს კლასელ სოფიკო ჭოხონელიძესთან.

-  სკოლაში დაიდგა სპექტაკლი "კონკია", სადაც მე უფლისწულს ვთამაშობდი. კონკია სოფიკო იყო.

-  ასეთ როლებს რომ თამაშობდნენ, მერე ბავშვებს მოსწონდათ ხოლმე ერთმანეთი...

-  ჩემი თაობის კლასელები დაძმური ორიენტაციის იყვნენ და ერთმანეთი არ უყვარდებოდათ.

-  მუსიკის სიყვარული სწავლაში ხელს ხომ არ გიშლიდათ?

-  კარგი მოსწავლე ვიყავი. დედა მკაცრი მყავდა და უნდა მესწავლა. დედა გერმანულის სპეციალისტი იყო, მაგრამ ჩემ გამო ყველაფერს თავი დაანება.

-  დედმამიშვილები არ გყავთ?

-  უფროსი და და უმცროსი ძმა მყავს. და - მეგი მაღლაფერიძე, მოგვიანებით გავიცანი, მეგი ჩემი ბიოლოგიური მამის შვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მე და მეგიმ ერთმანეთის არსებობა ვიცოდით, მაგრამ არ ვურთიერთობდით. მერე ყველაფერი შეიცვალა. შემდეგი ფოტო ჩემს დას, მეგის, რამდენიმე ხნის წინ აქვს გადაღებული. დედას მეორე ქორწინებიდან მყავს ძმა, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რაც მამას, თუმცა ყველა ბაჩოს ვეძახით.

-  ჰგავხართ დედმამიშვილები?

-  ცხოვრების პრინციპით ვგავართ, გარეგნულად - არა.

-  მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?

-  ჩემს ბავშვობაში ფოტოკორესპონდენტები სკოლებში ხშირად დადიოდნენ წარჩინებული მოსწავლეების გადასაღებად. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს გამომარჩიეს, როგორც ჩანს, მუსიკალურობის გამო და შეიძლება, "ნორჩ ლენინელში" ან ჟურნალ "პიონერში" დაიბეჭდა.

რატომ გაუნაწყენდნენ რუსი ოფიცრები

-  მომდევნო ფოტოდან ჩანს, რომ დასარტყამ

ინსტრუმენტზეც უკრავთ.

-  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი პირველი ინსტრუმენტი, რომელზეც ვუკრავდი, დასარტყამი ინსტრუმენტი იყო. დედა სახლში ექსპერიმენტს ატარებდა. ჩამირთავდა "ბითლზის" ფირფიტას და სამზარეულოდან თვალს ადევნებდა, როგორ ვიქცეოდი. მე მუსიკას ავყვებოდი და ხელებს მუხლებზე ვირტყამდი. მერე დედამ მოიფიქრა საოცარი რამ. გაბზარულ ჭურჭელს ტილო შემოახვია, ჯოხები მომცა და მითხრა, ამაზე დაარტყიო. "ნერგებში" კონკურსი რომ გამოცხადდა, რატომღაც თქვეს, ეს ბიჭი დასარტყამ ინსტრუმენტზე უნდა იჯდესო და რომ დავუკარი, დაემთხვა ერთ-ერთ სტანდარტულ რიტმს, რომელსაც დრამერები უკრავენ, როცა დასარტყამ ინსტრუმენტს მიუჯდებიან. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა.

-  როგორც ვიცი, მშობლების თხოვნით, მეტალურგიული ფაკულტეტი დაამთავრეთ "გეპეიში".

-  კონსერვატორიაში ან სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება. იმ პერიოდში ბევრს ვხატავდი. ხელოვნებისკენ მინდოდა წასვლა, მაგრამ რადგან ხელოვანებს ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი პერსპექტივა არ ჰქონდათ, ჩემმა მშობლებმა მირჩიეს, "გეპეიში" ჩამებარებინა. მითხრეს, გექნება შენი სამსახური, რომლის მერე რაც გინდა, ის გააკეთეო. ეს იმ პერიოდში ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.

-  თუმცა თქვენ ამ პროფესიაში ბედი არც გიცდიათ...

-  ძალიან გამიმართლა, რომ მეტალურგიის ფაკულტეტზე მოვხვდი. უფრო მეტალურგიას არ გაუმართლა. "გეპეის" მეორე კორპუსში მეხუთე სართულზე სწავლობდნენ მეტალურგები. მესამე სართულზე იყო კლუბი, სადაც იდგა არაჩვეულებრივი როიალი და რომ მივდიოდი "გეპეიში", ყოველთვის კლუბში შევუხვევდი ხოლმე. ასე დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი. დიპლომი ავიღე დედაჩემის დაბადების დღეს. მივუტანე და ვუთხარი, ეს ჩემი საჩუქარია-მეთქი და მერე წავედი მუსიკაში.

-  შემდეგი ფოტო რომელ წელს არის გადაღებული?

-  სავარაუდოდ, 1989-ში. მანამდე ორი წელი ჯარში ვიყავი. საახალწლო პროგრამის მომზადება დამავალეს ოფიცერთა ცოლების გასართობად. ჯაზური პროგრამა გავაკეთე და დროებით საკანში მოვხვდი. ჯაზზე ვერ იცეკვეს რუსი ოფიცრის ცოლებმა. დაგვიჭირეს ყველა მუსიკოსი და სამი დღე ვისხედით საკანში.

-  სად მსახურობდით?

-  მოსკოვთან ახლოს.

-  მეორედ კიდევ დაგავალეს საახალწლო კონცერტის მოწყობა?

-  არა, მეორედ ასეთი პასუხისმგებლობა აღარ დაუკისრებიათ. ძალიან ცუდად მახსენდება ჯარში გატარებული პერიოდი. ფაქტობრივად, არაფერი კარგი არ მისწავლია.

-  ალბათ იარაღის სროლა ან ტანკის მართვა მაინც ისწავლეთ.

-  ვერ ვიტყვი, ომამდე ტანკისტი ვიყავი-მეთქი. სამშენებლო ნაწილში ვმსახურობდი, სადაც, სამწუხაროდ, 70% კრიმინალები იყვნენ. ძეხვის ან პურის ქურდობაზე დაჭერილებს მერე ამ სამხედრო ნაწილში უშვებდნენ ხოლმე.

-  თქვენ რატომ მოხვდით ასეთ სამხედრო ნაწილში?

-  ვერ გეტყვით, ასე გამანაწილეს. ალბათ იმიტომ, რომ მამაჩემი არ სარგებლობდა იმ პრივილეგიებით, რაც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა.

-  შემდეგ წახვედით ამერიკაში...

-  ჩვიდმეტი წელი ვიცხოვრე ამერიკაში. საქართველო ყოველდღე მენატრებოდა. მე ამოვხსენი ამერიკა და ჩემს ქვეყანას ვურჩევდი, რომ ამ ქვეყნისგან ბევრი რამ ისწავლოს. პირველ რიგში, პირდაპირობა. საქართველოში ტაქსისტსაც რომ ჰკითხო, ვთქვათ, ვაკეში რამდენად გამიყვანო, გეტყვის, რამდენსაც მომცემო. პირდაპირ ისიც არ დაასახელებს თანხას. ამერიკაში ბევრად უფრო მარტივია ცხოვრება. იცი, ვინაა შენი მეგობარი და ვინ - არა. აქ ყველა გიღიმის და ვერ მიხვდები, მას კარგი უნდა თუ არა შენთვის. ამერიკას ძალიან კარგად დავშორდი და ვაპირებ, რამდენიმე თვეში ჩავიდე და ჩემი ახალი ალბომი ჩავწერო. რადგან ფესვები საქართველოში მაქვს, საქართველოში ყოფნა მინდა.

-  პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ.

-  ჩემი რთული ცხოვრების მერე მარინა სალუქვაძე მერგო საჩუქრად. მანამდე რამდენიმე მცდელობა მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი.

-  მარინა სალუქვაძისთვის მესამე ქორწინებაა, თქვენთვის?

-  მეოთხე.

-  ყველა ქართველი იყო?

-  არა, ერთი ამერიკელია.

-  ამ ურთიეთობების დამთავრების მიზეზი ალბათ სხვადასხვა იყო.

-  არა, ერთი მიზეზი იყო ყოველთვის - სიყვარულის დეფიციტი. ოჯახი ინგრევა მაშინ, როცა სიყვარული არაა. მე სიყვარულში ისე ვარ შეყვარებული, ყოველთვის მჭირდება.

-  რამდენი შვი­ლი გყავთ?

-  სამი ბიჭი მყავს ორი ქორწინებიდან. უფროსი, გუგა, 22 წლისაა. ლუკა და სანდრო კი შვიდი და ექვსი წლის არიან.

-  შვილებთან, ისევე როგორც მათ დედებთან, კარგი ურთიერთობა გაქვთ.

-  ყოფილი ცოლები და მე ერთმანეთისთვის მტრები არ ვართ.

-  ბავშვები მუსიკით არიან დაინტერესებული?

-  პატარებისთვის ჯერ მაგაზე ფიქრი ადრეა. გუგას კი მუსიკა ძალიან უყვარს და პატარა სტუდიაც გავუკეთე. შემდეგი ფოტო სპეციალურად გავაკეთებინე. გუგა ახლა რომაა, იმ ასაკში მაქვს გადაღებული და საოცრად ვგავართ ერთმანეთს.

-  მარინა სალუქ­ვ­აძე მთლიანად თქვენს საქმიანობაშია ჩართული. არ გირჩევნიათ, რომ ის კვლავ აქტიურად ჩაერთოს ჟურნალისტიკაში?

-  მარინა აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანია და მე არანაირად არ ვზღუდავ. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიყოთ ყოველ წამს. ერთად ვმუშაობთ, ერთად ვყიდულობთ სიგარეტსაც კი. მე დამჭირდა 43 წელი, რომ მარინა მეპოვა, მას - 42. ბოლოს ვიპოვეთ ერთმანეთი და დარჩენილი ცხოვრება გვინდა, დაკარგული ავინაზღაუროთ. მე და მარინას სურათი რამდენიმე თვის წინ გვაქვს გადაღებული და დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერები ვიქნებით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"