სულ ახლახან სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების საკნებში ფარული თვალთვალის მიზნით დამონტაჟებული მიკროვიდეოკამერები აღმოაჩინეს და დიდი სკანდალიც ატყდა, არადა, თვენახევრის წინ, ჯერ კიდევ ბელგიაში მყოფმა ლადო ბედუკაძემ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა თვალთვალის მექანიზმზე, კონკრეტული ვიდეომასალაც მიგვითითა, რომელიც ასეთი აკრძალული წესით ჩაიწერეს და მოსამართლის ყოველგვარი სანქციის გარეშე "იუთუბზე" განათავსეს... სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები იმ პერიოდში პრინციპულად უარყოფდნენ ციხეებში რაიმე "საიდუმლო ოთახის" არსებობას, საიდანაც აკრძალული ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ უბრალოდ არ იცოდნენ ამ ოთახის შესახებ. გასაგებია ამ თემის მიმართ მკითხველის დიდი ინტერესი და, რაღა თქმა უნდა, ამჯერადაც თავად ლადო ბედუკაძეზე უკეთეს რესპონდენტს ვერ ვინატრებდით, თუმცა, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ლადოს პროკურატურაში პორობა აქვს დადებული, ძიებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებსა და დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბროს, ამიტომ მას მხოლოდ ზოგადი კითხვა დავუსვით:
- ლადო, რამდენად ჯდებოდა კანონის ფარგლებში საკნებში თვალთვალი, რასაც ფარულად ახორციელებდნენ?
- ნებისმიერი თვალთვალი და ვიდეოგადაღება უკანონოა, თუ სანქცირებული არ არის. პენიტენციარულ სისტემაში ამას მინიმუმ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის თანხმობა სჭირდება. ნებისმიერი თვალთვალის თუ მოსმენის დანიშნულება მხოლოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებით შეიძლება იყოს განპირობებული. ამ შემთხვევაშიც კი, ყველა პატიმარი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მათ უთვალთვალებენ და უსმენენ. თუმცა, სააკაშვილი-ახალაიას პენიტენციარულ სისტემაში განურჩევლად ყველას უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ! მიზანი იყო, რომ შეეგროვებინათ კომპრომატები და შემდგომ ეს ინფორმაცია პატიმრების სამართავად გამოეყენებინათ! ტოტალური თვალთვალი ბაჩო ახალაიას მმართველობის დროს დაიწყო და ეს იყო "ახალაიას ბრენდი". მოგეხსენებათ, როგორი ძვირფასი აპარატურა იყო დამონტაჟებული ფარულად. თითო მიკროკამერა 500 ლარზე ნაკლები არ ჯდება. არადა, ეს კამერები საკნებშიც და გარეთაც - ყოველ ნაბიჯზე იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა ყურადღება ეთმობოდა ტოტალურ, უკანონო თვალთვალს, რომ ამ მიზნით აპარატურის შესაძენად ფულს არ ზოგავდნენ! მოკროკამერები არა მხოლოდ ვიდეო, არამედ აუდიოჩანაწერსაც ქმნიდნენ, რაც არანაირ საკანონმდებლო ჩარჩოში არ ჯდება. საუბარი აღარაა იმაზე, რომ ადვოკატთან შეხვედრის ოთახებიც ასეთი ტექნიკით იყო აღჭურვილი და პატიმრის ადვოკატთან ურთიერთობა კანონში მხოლოდ ფორმალურად იწოდებოდა კონფიდენციალურად. ადვოკატებმა ეს იცოდნენ, მაგრამ ჯადოსნურ წრეს ვერ არღვევდნენ...
აი, სულ ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ამ მწირ ინფორმაციას არ დავჯერდი - გასული წლის დეკამბრის დასაწყისში მის მიერ მოწოდებული ჩანაწერი მოვძებნე.
სად არიან ავთო შანთაძე და გიორგი გვენეტაძე? მათ ყველაფერი იციან!
ლადო ბედუკაძე: - #6 ციხეში გახსნის დღიდან ვიმუშავე. დაახლოებით 2006 წლის ზაფხულში ციხის დერეფნებში დააყენეს ვიდეოკამერები, კარანტინში გამოიყო ოთახი, სადაც დამონტაჟდა ჩამწერი აპარატურა. ამ ოთახში შესვლის უფლება ჰქონდა სულ რამდენიმე პირს. აპარატურისა და ვიდეოკამერების მონტაჟს ახორციელებდა კერძო ფირმა და კონტროლს უწევდა დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ავთო შანთაზე. იგი #6 ციხის ხშირი სტუმარი გახლდათ, გაგა მკურნალიძესთან ერთად.
2008 წლიდან #8 დაწესებულებაში გადავედით. იქ ავთო შანთაძე აღარ მინახავს, თუმცა, უსაფრთხოების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასეთი რამ გამანდო: "ჩვენს ციხეში არის ოთახი, საიდანაც ხორციელდება 24-საათიანი მოსმენა და თავლთვალი პატიმრებზე. კომპიუტერის საშუალებით ისმინება და იწერება ყველა სატელეფონო საუბარი. ზოგიერთ საკანში და სამუშაო კაბინეტში არის ჩამონტაჟებული ფარული ვიდეოკამერა და იწერება სპეციალურ, ვიდეომაგნიტოფონის მსგავს ჩამწერზე. "მე ვკითზე ამ თანამშრომელს, იცნობდა თუ არა ავთო შანთაძეს. მან მიპასუხა, რომ ავთო შანთაძე გლდანშიც ხშირად მოდიოდა და ამონტაჟებდა ფარულ ვიდეოკამერებს, რომ შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, ხოლო მისი ადგილი დაიკავა ვინმე გიორგი გვენეტაძემ, რომელიც გაგა მკურნალიძესთან დაახლოებული პირია...
მკითხველს ეხსომება, რომ "ასავალ-დასავალში" გამოვაქვეყნეთ სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებიც, რომელიც არა მხოლოდ პატიმრების საუბრებს, არამედ თანამშრომლების თვით მოსამართლესთან საუბრის ჩანაწერს ასახავდა. ანუ მოსმენების სამსახურს თვით მოსამართლესთან საუბარზე მიუწვდებოდა ხელი. ეს კი, ნამდვილად იძლევა ძიების დაწყების საფუძველს. პატიმრების უკანონო ვიდეოთვალთვალის ამსახველი კადრები "იუთუბზეც" კი მოხვდა და ესეც დიდი დანაშაულია, რაც ფარდას ხდის თვალთვალისა და მიყურადების ინსტიტუტს, რომელიც პატიმრების ყოველდღიურ ცხოვრებას უკანონოდ ასაჯაროებდა. დაინტერესებულ მკითხველს ახლაც შეუძლია, ინტერნეტსაძიებელში შეიყვანოს "პიტკინა" და უამრავი ფარული ჩანაწერი ამოვარდება!
სამი ადამიანი : რატო მგელაძე, ზვიად კაპანაძე და ზურაბ ბიწაძე იყვნენ ფარული მოსმენების ოთახის გამგებლები, არადა, #8 დაწესებულებაში ოფიციალურად არ მუშაობდნენ! თუ დამატებით, მოსმენების ოთახში ალეკო ჯანჯღავა და ოლეგ ფაცაციაც ავიდოდნენ, უკვე ცხადი იყო, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პირს უსმენდნენ!
სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდეს გამოძიება. მოსასმენი აპარატურა ძალიან ძვირია. უნდა დადგინდეს, რა სახის აპარატურა გააჩნია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სად არის ეს აპარატურა, რა ძვირადღირებული სამუშაოები ჩაატარა კერძო ფირმამ დეპარტამენტის დაკვეთით, ერთი ფირმა იყო თუ სხვადასხვა? საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს ეჭვი, რომ უკანონო მოსმენები და თვალთვალი სასჯელაღსრულების სფეროში კვლავ პრიორიტეტად დარჩება. დარწმუნებული ვარ, მინისტრ სოზარ სუბარს ვერ წარმოუდგენია, რომ უკანონო მეთვალყურეობა მისგან მალულად სისტემაში კვლავაც შესაძლებელია! - აი, ამას ამბობდა ლადო ბედუკაძ გასული წლის დეკემბერში და მე არ გამოვრიცხავ, რომ ციხე-კოლონიებში მოსასმენი და სათავლთვალო აპარატურის აღმოჩენა სწორედ მისმა შეუპოვარმა მოთხოვნამ განაპირობა! ლადო ბედუკაძის ინფორმაციები პროკურატურისთვის პირდაპირ მონაპოვარია და ვიცი, რომ ახლო მომავალში მათზე დაყრდნობით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნება!
რადგან ლადო ბედუკაძემ ამჯერად ვრცელ საუბარზე უარი გვითხრა გადავწყვიტეთ საიმედო ინფორმაციის სხვა წყაროს, #8 დაწესებულების თანამშრომელს დავკავშირებოდით, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. წყარო მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდა საუბარზე, თუ მის ვინაობას არ გავაცხადებდით.
თინიკო (პირობითად): #8 დაწესებულებაში ოფიციალურად არსებობს პულტების ოთახი, სადაც თავს იყრის ციხის ინტერიერიდან და გარე პერიმეტრიდან სათავლთვალო კამარებით აღებული მასალა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მონიტორებზე აისახება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სამინისტროს ხელმძღვანელებს მუდმივად შეუძლიათ იმ ინფორმაციის ხილვა, რომელიც თითოეული სათვალთვალო კამერის მხედველობის არეში მოჩანს. ჩვენ გვქონდა 14-საათიანი სამუშაო დღე, გვევალებოდა, მუდმივ რეჟიმში გვედევნებინა თვალი მონიტორისთვის და თუ დარღვევას აღმოვაჩენდით, უფროსებისთვის გვეცნობებინა. მხოლოდ მცირე ხნით გვაძლევდნენ შესვენების უფლებას. რაც შეეხება საკნებში უკანონოდ დამონტაჟებული ვიდეოთვალებით მიღებულ ინფორმაციას, ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. პულტების ოთახის სიახლოვეს არსებობდა ე.წ. საიდუმლო ოთახი, საიდანაც საკნებში მიმდინარე მოვლენების თვალთვალი და მოსმენა იყო შესაძლებელი, ოღონდ იქ ჩვენ არ გვიშვებდნენ და მხოლოდ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ჰქონდათ შესვლის უფლება. ისინი პირადად სხდებოდნენ აპარატურასთან და იღებდნენ ინფრომაციას. მე მინახავს ამ ოთახში შესული თამაზ მელაძე, ალექსანდრე მუხაძე, ალექსანდრე ჯანჯღავა, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია... განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევაში გაგა მკურნალიძეც მოდიოდა.
- მიკროკამერა ყველა საკანში იყო დამონტაჟებული?
- არა. მხოლოდ ზოგიერთ საკანში. ისე, დამონტაჟებას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდებოდა. პატიმარი აბანოში გაჰყავდათ და უკანდაბრუნებული ვერც კი ხვდებოდა, რომ უკვე მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ალეკო ჯანჯღავა განსაკუთრებით ხშირად ჩნდებოდა ამ ოთახში და, როგორც ჩანს, კურირებდა მოსმენებს.
- თინიკო, რა მიზანს ისახავდა საკნებში მოსმენა-თვალთვალი?
- ძირითადად, 2 მიზანი ჰქონდათ: კომპრომატის მოპოვება და იმ ინფორმაციის მოპოვება, რაც ან ძიებას სჭირდებოდა, ან ადმინისტრაციას. ყველა საკანში ჰყავდათ "ნასედკა" (ადმინისტრაციის ინფორმატორი) პატიმარი. ძირითადად, "ნასედკა" ცდილობდა "კვლევის ობიექტი" პატიმარი აელაპარაკებინა, რასაც აპარატურა დააფიქსირებდა. აქცენტი ძირითადად პოლიტპატიმრებზე იყო, თუმცა, ჩვეულებრივ კრიმინალ პატიმრებსაც მეთვალყურეობდნენ. რა აპარატურაც ძიებამ ახლა აღმოაჩინა, ის ზღვაში წვეთია. პატიმრები არცთუ იშვიათად შიფრავდნენ, რომ მოცემულ საკანში აპარატურა იყო დამონტაჟებული.
- როგორც ვიცი, თვალთვალის შედეგად მიღებული საინფორმაციო ბაზა მიზანმიმართულად გაანადგურეს. როგორც კი ვიდეოკადრების სკანდალი მოხდა, ანუ ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე...
- ყველაფრის განადგურება და გატანა ვერაფრით ვერ მოხერხდა. ბედუკაძის კადრების სკანდალი რომ დაიწყო, ციხე უკონტროლო გახდა და ერთადერთი, ვისაც ამ ბაზის წაღება შეეეძლო, იყო ალეკო ჯანჯღავა, თუმცა, ისიც ვერ მოახერხებდა საკნებში ჩამონტაჟებული ტექნიკის გატანას. ამიტომ, ვფიქრობ, ტექნიკა ჯერ კიდევ კედლებშია. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ოქტომბრის მერე ახალი აპარატურა აღარ დაყენებულა. ვერ გეტყვით, ამჟამადაც უსმენენ თუ არა პატიმრებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, საინფორმაციო ბაზაზე ხელი არც გიორგი ტუღუშს მიუწვდებოდა, არც სოზარ სუბარს. მათ ინფორმაციაც კი არ ექნებოდათ და, აკი, სოზარ სუბარი უარყოფდა კიდეც, რაიმე "საიდუმლო მოსასმენი ოთახის" არსებობს. ერთს გეტყვით - ის ჰაკერები, რომლებიც აპარატურას ამონტაჟებდნენ და კურირებდნენ, დეპარტამენტში კვლავ მუშაობენ ტექნიკურ პერსონალად.
რაც შეეხება საინფორმაციო ბაზას, ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი, ალბათ, არსებობს და აუცილებელია მისი პოვნა, რადგან უამრავი დანაშაულის გახსნა სწორედ ამ ბაზის აღმოჩენაზეა დამოკიდებული. დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლონ "საიდუმლო ოთახები" და იქ ძიებისთვის საინტერესო მრავალ დეტალს მიაგნებენ! სასწრაფოდ გასაჩხრეკია "საიდუმლო ოთახები" "რესბალნიცაშიც"! მე პირადად, მონიტორზე მინახავს, რომ "ფუქსებში" სასოწარკვეთილი პატიმარი ვენებს გადაიჭრიდა და მას ექიმი ყურადღებას არ აქცევდა. პატიმრის ცემაც მინახავს მონიტორზე...
- თინიკო, პატიმრების წამებაში მონაწილე თანამშრომლებიდან ამჟამად ვინმე თუ მუშაობს #8 დაწესებულებაში?
- როგორ არა! რამდენიც გინდა! ისევ აქ არიან "პავლოვიჩი" ( გვარ-სახელი არ მითხრა. - ზ.დ.) , "ხონსკი" (დავით ხუროძე), "ჯუკა" (ჯუკული მამულაშვილი)... სხვებიც ვიცი... მაგრამ მათ ჩემი ვინაობა არ უნდა შეიტყონ. ხომ მპირდები?
- რა თმა უნდა, ჩემგან შენს ვინაობას ვერავინ გაიგებს!
მაშ, ასე, პატივცემულო მკითხველო ... ვნახოთ, ახლო მომავალში რა სურპრიზებს შემოგვთავაზებს "კადრების სკანდალის" გამოძახილი ... როგორც ჩემი წყაროები მატყობინებენ, კიდევ მრავალი მოულოდნელობა ელის საზოგადოებას, კიდევ ბერვჯერ განცვიფრდება ჯალათების ნამოქმედარის შეტყობით...დიახ, "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს"!
ზაზა დავითაია
გაზეთი "ასავალ-დასავალი"