"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებით, ვინც თავს აარიდებს პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და აცხადებს რომ სახელმწიფო - ეს სააკაშვილია.

პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს ზღუდავს, "ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერებმა ცენტრალურ ოფისში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. მიმართვას ხელს აწერენ დავით საგანელიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიგა ბუკია.

კოალიციის ლიდერები საჯარო, საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში იწვევენ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - "სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა და თუ ხალხის მმართველობა".

"წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასდროს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე, უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეული სტატუსით, თვალი უნდა უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს და განაცხადონ, "კი" თუ "არა". ეს არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფლმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული მათგანი, ხალხს თუ დიქტატორს", - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მიმართვაში.

მიმართვაში ხაზგასმულია, რომ 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი შესაბამისი ცვლილება უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. მიმართვის მიხედვით, ამაზე რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტისას ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომაც მიუთითა, როდესაც განაცხადა - არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული და ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს.

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიული სამყაროსთვის, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასათვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია მიმართვაში.

უმრავლესობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და უარი თქვან წარსულის სიმახინჯეზე და პოლიტიკური მომავლისაკენ სწორი ნაბიჯი გადადგან. მათივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვებისა და მომავლის ხედვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა