მინისტრების მეორე ნახევრები

მინისტრების მეორე ნახევრები

ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. მათ შორის მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრიც უცნობი სახეები. იმის გარდა, თუ რა პროგრამებით მოხიბლავდნენ საზოგადოებას ახალი მინისტრები, ინტერესი მათი პირადი ცხოვრების მიმართაც გაჩნდა. რამდენიმე მათგანის, მაგალითად ირაკლი ალასანიასა და კახი კალაძის ოჯახური ცხოვრება მანამდეც ცნობილი იყო, რადგან ალასანია პოპულარული პოლიტიკოსი, კალაძე კი ცნობილი სპორტსმენი გახლდათ. საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე მალევე იზრუნეს და ქართულ პრესაში ერთი-მეორის მიყოლებით გამოჩნდა ოჯახური ინტერვიუები, თუმცა გამონაკლისებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის ერთ-ერთია შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჩვენ შევეცადეთ, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, ვინ არიან ცნობილი მინისტრების მეორე ნახევრები და ჩვენს სიაში თითქმის ყველა მათგანი მოხვდა, "რეიტინგის" შემდეგ ნომრებში კი შევეცდებით, უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ მათი ოჯახური პორტრეტები. მეორე ნახევრების სიას შინაგან საქმეთა მინისტრის მეორე ნახევრით დავიწყებთ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. წარმოშობით ორივე დედოფლისწყაროდან გახლავთ და რთული მისახვედრი არ არის, სად იპოვა მომავალი მეუღლე მომავალმა მინისტრმა. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ნიკოლოზი და ანდრია. ნუნუკა წინასაარჩევნოდ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. როცა მისი მეუღლე პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება, მამა - გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ, დააპატიმრეს.

ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ თამაზაშვილი გლდანის იზოლატორიდან გათავისუფლდა, ღარიბაშვილს კი პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილი შეცვალა, რომლის მეორე ნახევარი თაკო სალაყაია სკანდალში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაეხვა, თუმცა მანამდე პრესისთვის ინტერვიუებს არ იშურებდა და შოუბიზნესის წარმომადგენლებთანაც აქტიურად მეგობრობდა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ თაკო სალაყაია დღემდე აგრძელებს "ტუსოვშიცობას" და არც ღამის ცხოვრებაზე ამბობს უარს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთხელ თაკო სალაყაიამ მორიგ საღამოზე გია სურამელაშვილიც მიიწვია და ამისათვის თანხაც გადაუხადა. როგორც ჩანს, ექსმინისტრის სკანდალური მეუღლე ხანდახან სუფრული სიმღერებით იქცევს თავს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილის კარზე ჟურნალისტთა რიგი შეწყდა. სალაყაიამ პრესასთან კონტაქტზე უარი თქვა და მერაბიშვილის ინტერვიუებსაც მხოლოდ უცხოურ პრესაში თუ ვიხილავდით. ძველი ტრადიცია არ გააგრძელა ირაკლი ღარიბაშვილმა, მისი ინტერვიუ საქმიან თემებზე რთული მოსაპოვებელი არ არის, თუმცა მეუღლესთან ერთად საჯაროდ გამოჩენისგან მინისტრი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

თავდაცვის მინისტრობამდე ირაკლი ალასანიამ დიდი პოლიტიკური გზა განვლო და საზოგადოებისთვის მისი სახელი და გვარი უცხო არ ყოფილა. 18 წლის იყო, როდესაც ცოლად მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი ნათია მოიყვანა და მას შემდეგ ოცი წელია წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, თუმცა მოგვიანებით ირაკლი მეუღლეს გამოუტყდა, რომ უფრო ადრე კაფეში შეამჩნია და მოეწონა. ერთად პირველად ზოოპარკში გაისეირნეს, იმიტომ, რომ უნივერსიტეტთან ახლოს იყო. მალე დაოჯახდნენ, ტრადიციების სრული დაცვით. ალასანიამ მომავალ მეუღლეს უთხრა, რომ დასამალი არაფერი იყო და ნათიას ხელი მის მშობლებს ოფიციალურად სთხოვა. უკვე ორი შვილი ჰყავთ, ეკა და ნიკუშა. ალბათ პოლიტიკოსების ცოლებიდან ნათია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი რესპონდენტია, თუმცა სწყინს, რომ ამ გულწრფელობას ხანდახან შესაბამისად ვერ იგებენ. ბოლო დროს ინტერვიუებზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, მის მიერ ნათქვამი ფრაზა გახდა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ირაკლი ალასანიას საჯარო შენიშვნის შემდეგ გაიხსენეს. "რეიტინგში" ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე ამბობდა:

"ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ".

კახი კალაძე მილანის ფეხბურთელი გახლდათ, ანუკი არეშიძე კი - დამწყები მოდელი, რომელიც მილანში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. ანუკი 18 წლის იყო, კახი - მასზე 11 წლით უფროსი. ანუკის მამა კახის ოჯახს იცნობდა, უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო, სთხოვეს, კახის ანუკისთვის ეპატრონა. მოდელს ცნობილი ფეხბურთელი მანამდე მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი, თუმცა კალაძეს სუსტი სქესი განსაკუთრებულად სწყალობდა და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. ერთმანეთი მალე მოეწონათ და კახიმ ჩაბარებულ გოგონაში მომავალი მეუღლე დაინახა. წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს, ლევანიკო და კახაბერი. ანუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ჩნდებოდა მეუღლის გარემოცვაში და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსაც ღიად აფიქსირებდა.

დავით დარახველიძემ მინისტრებს შორის პოპულარობა ჯერ კიდევ დამტკიცებამდე მოიპოვა. დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს ძალიან მალე გამოუქვეყნეს წინასაარჩევნო პერიოდში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და განსხვავებული რასის წარმომადგენლებსაც არცთუ სახარბიელოდ მოიხსენიებდა. დარახველიძე მინისტრად მაინც დანიშნეს და პირველი სწორედ ჟურნალი "რეიტინგი" გახლდათ, რომელსაც ოჯახური ინტერვიუ მისცა.

მისი მეუღლე, ნინო საგანელიძე, წარმოშობით ასევე რაჭველი გახლავთ და ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მინისტრმა ის სოხუმში გაიცნო. ბატონი დავითი რამდენიმე წლის განმავლობაში სოხუმში მუშაობდა, ქალბატონი ნინო კი მეგობრებთან ერთად აფხაზეთს სტუმრობდა. მართალია, წყვილს ერთმანეთი მაშინვე მო­ეწონა, მაგრამ ცოლობაზე ნინოს დათანხმება მარტივი არ აღმოჩნდა. მომავალ მინისტრს მომავალი მეუღლის მოტაცებაც კი დასჭირდა. მათი ცოლქმრობა ბევრ წელს ითვლის და ორი ვაჟი ჰყავთ.

ნინო ცირეკიძემ და­ოჯახებამდე ნამდვილად არ იცოდა, როგორი ქმარი იქნებოდა ნოდარ ხადური, თუმცა ფაქტია, რომ წლების გასვლის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ძალიან დიდი სიყვარულით ლაპარაკობს მეუღლეზე. ერთმანეთი ნინოს დაბადების დღეზე შემთხვევით გაიცნეს. მაშინ ნინო 24 წლის იყო, მომავალი მინისტრი კი უკვე 33 წელს ითვლიდა და დაოჯახებაც ეჩქარებოდა. გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. ხადურის კარიერა ეტაპობრივად განვითარდა, იყო ჩავარდნებიც, თუმცა პროფესორი ხადური, რომელიც ამ სტატუსით უფრო ამაყობს, ვიდრე მინისტრობით, ამას არ შეუშინებია. პროფესიით ექიმი მეუღლე ამჟამად არ მუშაობს, ოჯახური საქმეებითაა დაკავებული და 5 წლის ბიჭსა და 8 წლის გოგონას ზრდის.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"