სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"

სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"

გვიკვირს ხოლმე, რატომ ეჩვენება ზოგჯერ დასავლეთს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ დევნად. არადა, საკვირველი ნამდვილად არ არის. კერძოდ, დასავლეთში დაიჯერებენ, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის, "თბილსერვისჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 764 კაცი "მუშაობდა"? ალბათ, არა, რადგან ამდენი კაცი პენტაგონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ არის დასაქმებული. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ გერმანელ კოლეგას ვუთხარი, რომ დასუფთავების სამსახურში ცნობილი ანსამბლის ბიჭები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებული, მან ჩათვალა, რომ თქვენს მონა-მორჩილს იუმორის უცნაური გრძნობა აქვს. ან რომელიმე ფრანგი, ან ამერიკელი დაიჯერებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი იმისთვის, რომ "პედაგოგები" ღია მოედნებზე ბავშვებს ეთამაშონ? ძნელი წარმოსადგენია! თუმცა, სამწუხაროდ, რაც უცხოელს შესაძლოა ანეკდოტი ეგონოს, ჩვენთან რეალობაა. ამ ამბებით გამოძიების დაინტერესებას გიგი უგულავა პოლიტიკურ დევნას უწოდებს და მთავრობას ჩუკენობისთვის თავის დანებებას ურჩევს. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ უგულავას მწვავე განცხადებები, სავარაუდოდ, დაკავების შიშით არის გამოწვეული და წინ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.

- კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და როდესაც ადამიანი კანონს დაარღვევს, პასუხიც უნდა აგოს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ასეა ყველა შემთხვევაში, თუნდაც კანონის დამრღვევი თბილისის მერი იყოს და ეს არ არის პოლიტიკური დევნა.

- საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერის განცხადებები ისტერიკულია და რაც უფრო უახლოვდება გამოძიება "მსხვილ საქმეებს", მით უფრო უცნაურ რაღაცებს ამბობს უგულავა. რად ღირს თუნდაც მისი მოწოდება, მთავრობამ ჩუკენობას თავი დაანებოსო. "თბილსერვისჯგუფის" თაობაზე კი უგულავამ თქვა, რომ თურმე თბილისში ბუნკერების გაუქმებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია სჭირდებოდა და ამიტომ ბიუჯეტს 764-კაციანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა შეენახა.

- ბატონი უგულავა არ არის შეჩვეული, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება განაწილებულია. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მთავრობის რომელიმე პირი ან პრემიერი პროკურატურის საქმიანობაში არ ერეოდეს. ჩემი აზრით, დღეს მთავრობა აკეთებს თავის საქმეს, უგულავა კი - თავის საქმეს. ოღონდ უგულავა ამას შეჩვეული არ არის, იმიტომ, რომ ადრე ყველა მსგავსი "საქმე" ანუ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

- ანუ უგულავა ფიქრობს, რომ პროკურატურას მისი დაჭერა აქვს დავალებული?

- ყოველ შემთხვევაში, უგულავას, ალბათ, ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე "ზემოდან" დაკვეთის გარეშე მოხდეს. არადა, დღეს ერთადერთი დაკვეთაა –ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა - დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რაც უნდა თქვას უგულავამ, საქმე მაინც წინ წავა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამართალი მოითხოვს.

- როგორც ვიცი, ერთმა "ნაციონალებთან" დაახლოებულმა ექსპერტმა ყოფილ მმართველ პარტიას ურჩია, რომ ყველა საქმეს პოლიტიკურ დევნად ნუ შეაფასებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს თავი. ეს ამბავი მას შემდეგ გამახსენდა, რაც მექრთამეობის ბრალდებით დავით კეზერაშვილზე საქმე აღიძრა და ეს "ნაციონალებმა" მაშინვე მონათლეს პოლიტიკურ შეტევად.

- მართალი ყოფილა ეგ ექსპერტი. სხვათა შორის, მე უფრო ადრე ველოდებოდი კეზერაშვილზე საქმის აღძვრას. ვიმეორებ, - ასეთი საქმე კიდევ მრავლად იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის თაობაზე "ნაციონალების" განცხადების მთავარი ადრესატი დასავლეთია.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღადგინოს კავშირი ლობისტებთან და გაათმაგებულად იმუშაოს. არ შეიძლება ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება, რადგან ეს ახალი ხელისუფლების საკრალური შეცდომა იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება აშშ-ის, ევროკავშირის თუ ნატოს მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო პიარის ამუშავება. ისე, პიარი (პროპაგანდას არ ვგულისხმობ) ახალ ხელისუფლებას, ალბათ, არც ქვეყნის შიგნით აწყენდა. აგერ, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 100 მილიონის დარიგება დაიწყო და ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამაზე ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა, მათ შორის პრემიერმაც უნდა თქვას სათქმელი. ხალხთან ყოველდღიური დიალოგი აუცილებელია.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალების" კამპანიას პოლიტიკური დევნის შესახებ მიხეილ სააკაშვილი დირიჟორობს, რომლის ლექსიკა ახალ ხელისუფლებაზე საუბრისას სულ უფრო რადიკალური ხდება. საზოგადოების ნაწილის აზრით, პრეზიდენტი საფუძველს ამზადებს, - თუ ზოგიერთი გარემოება ერთმანეთს დაემთხვევა, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

- ვფიქრობ, სააკაშვილის აქტიურობა თვითგადარჩენის ტექნოლოგიაა. მას, ალბათ, ეყოფა გამჭრიახობა, რომ მთავრობა და პარლამენტი არ დაითხოვოს. შედეგი სავალალო იქნება და შესაძლოა, სააკაშვილი ხალხის რისხვას ფიზიკურად ვერ გადაურჩეს. რაც შეეხება ვერსიას წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, "ნაციონალების" რეიტინგი ნულია. მათ აღარ აქვთ პოლიციური, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსი და ვერც ექნებათ, თუ მთავრობა და მოქალაქეები ფხიზლად იქნებიან. ამიტომაც, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის მიზანი თვითგადარჩენაა.

- ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ გახშირდა კრიმინალური შემთხვევები და თურმე 90-იან წლებში ვბრუნდებით. ისე, დანაშაულმა რომ მოიმატა, ცხადია. რა არის ამის მიზეზი?

- საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მთავარი ის არის, ვინ სჩადის დანაშაულს - ის პირები, რომლებიც კანონით "ამნისტიის შესახებ" გათავისუფლდნენ თუ ის მკვლელები, რომლებიც თავის დროზე შეიწყალა პრეზიდენტმა? როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ მკვლელები, ქურდები და ბანდიტები გამოუშვა პრეზიდენტმა იმ პირობით, რომ მათ 200-200 ხმა მიეტანათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამნისტიის პარალელურად, მოქმედებს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიაც, რომელიც ციხიდან უშვებს და უშვებს პატიმრებს. ჩემი აზრით, დანაშაულის გახშირება უკავშირდება პრეზიდენტისგან შეწყალებულ პირებს.

- სხვათა შორის, პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. თქვენი აზრით, სააკაშვილი აქცენტს რაზე გააკეთებს და დამთავრდება თუ არა ეს ამბავი უსკანდალოდ? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ყველას გვახსოვს, შარშან ჯონდი ბაღათურიამ როგორ დააკარგვინა სააკაშვილს მოთმინება. წელს პრეზიდენტისთვის პარლამენტში გატარებული საათები უფრო მძიმე იქნება, რადგან უმრავლესობად "ქართული ოცნება" ხვდება.

- სამწუხაროდ, არაფერს კარგს არ ველოდები. იმედია, სააკაშვილს ეყოფა გამჭრიახობა, რომ მშვიდად წაიკითხოს მოხსენება. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ველოდები, რომ დებატებისას პრეზიდენტი თავს ვერ შეიკავებს და საკმაოდ არასასიამოვნოდ განვითარდება მოვლენები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა