"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ქარელის პოლიციის უფროსის კაბინეტში შესულიც არ ვიყავი, რომ გულმკერდში წიხლი მომხვდა. გაველურებული სამი სპეცრაზმელი მირტყამდა ფეხს, მუშტს, ხელკეტს... მერე სხვებიც დაემატნენ. მაგინებდნენ, შე ერის მოღალატე, რუსული ტანკები შემოგყავდა სამშობლოშიო. დამაჩოქეს და ცემის დროს შიგადაშიგ 26 მაისის აღლუმს მაყურებინებდნენ. რამდენჯერმე გონება დავკარგე. დროის შეგრძნება აღარ მქონდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ "ჯვარზე გამაკრეს". იატაკზე დამაწვინეს, გამაშლევინეს ხელები. ერთი სპეცრაზმელი ერთ ხელზე შემდგა, მეორე - მეორეზე, მესამემ ბათინკიანი ფეხი დამაჭირა სახეზე, ორ სპეცრაზმელს კი ჩემი ფეხები ეჭირა. გამეტებით მცემდნენ და ჩემს სხეულზე გადი-გამოდიოდნენ. ტკივილისაგან ვითიშებოდი. გონს რომ მოვედი, მთელი სხეული ბადრიჯნისფერი მქონდა", - იხსენებს თავის დაკავებას ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაპატიმრებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი. მას შემდეგ, რაც თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკა გოგუაძე პოლიტპატიმრად აღიარა, მას ამნისტია შეეხო. თუმცა გლდანის მე-8 საპყრობილეში ნიკა გოგუაძემ 1 წელი და 8 თვე დაჰყო.

- თქვენი მოძრაობა რაიმე კავშირში იყო ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრობასა" და "სახალხო კრებასთან?

- ქალბატონ ნინოსთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია. ჩვენ მხოლოდ თანადგომა გამოვუცხადეთ 21 მაისის აქციას.

- მახსოვს, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე აქციაზე რამდენიმე ადამიანთან ერთად მოხვედით, მაგრამ რამდენიმე წუთში იქაურობა განაწყენებულმა დატოვეთ. გავიგონე, რომ თქვით, ესენი ყველაფერს დაღუპავენო. რა მოხდა მაშინ?

- მინდოდა აქციაზე სიტყვით გამოვსულიყავი და ჩვენი მოძრაობის პოზიცია გამეცნო ხალხისთვის, რისი საშუალებაც ქალბატონმა ნინომ არ მომცა.

- თქვენი მოძრაობა აღიქმებოდა პრორუსულ ძალად, მაგრამ ასეთივე პრორუსის იარლიყი ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავასა და კონსერვატორებსაც ჰქონდათ, რომლებიც ასე არ დაუსჯიათ. თქვენი რატომ გამოგარჩიეს?

- ჩვენ ხელისუფლებისაგან უკონტროლო ძალა ვიყავით. აგრესიის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეროვნულობასა და სარწმუნოებაზე ვლაპარაკობდით. ამათთვის კი ეს ყველაფერი ზიზღს იწვევს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ის თემაა, რის გამოც ქვეყნის მტრად გაცხადებენ. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციის დღეს "რეალ ტვ"-ზე გავიდა სიუჟეტი, ეფ-ეს-ბეს დაფინანსებული კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნაო და ჩემი ფოტო აჩვენეს ნამგლისა და უროს ფონზე.

- თემურ ხაჩიშვილი, რომან დუმბაძე, ვალერი გელბახიანი თქვენს ორგანიზაციასთან რა კავშირში იყვნენ?

- ისინი ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ.

- ყინწვისში რატომ აღმოჩნდით?

- ყინწვისში სისტემატურად დავდიოდი. როდესაც დავინახე, რომ აქციაზე აქტივობა შესუსტდა და ხალხს ქუჩიდან იტაცებდნენ, გადავწყვიტე, 24 მაისს უსაფრთხოების მიზნით ოთხ მეგობართან ერთად ყინწვისში წავსულიყავი. ჩემმა მეგობრებმა სხვებს დაურეკეს და ყინწვისში 23 კაცი შევიკრიბეთ, რომელთაგან ბევრს არც კი ვიცნობდი.

ყინწვისში ასვლიდან მეორე დღეს შევამჩნიეთ, რომ ალყაში ვიყავით. ღამით მონასტრის გარშემო ვიღაც-ვიღაცები ფარნებით დადიოდნენ. ზემოდან ვხედავდით გზაზე მდგარ პიკაპებს. 26 მაისს აქციის დარბევის შესახებ რადიოთი რომ მოვისმინეთ, დილით თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. უკვე მანქანებთან ვიყავით, რომ მონასტერთან 3 მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოცვივდნენ და თავს დაგვესხნენ. ჩვენ გვერდით ამ დროს მონასტრის მსახური მამები იყვნენ. 23 კაცი ხელბორკილდადებული დაგვყარეს მიწაზე და ავტომატები მოგვიშვირეს. მერე თქვეს, ეს არის გოგუაძეო და ცემითა და გინებით შემაგდეს მიკროავტობუსში. მანქანაში განძრევაც არ შემეძლო, რადგან ავტომატი მუცელზე მქონდა მობჯენილი. სპეცრაზმელს ხელი ჩახმახზე ედო და სულ ველოდი, რომ ხელს გამოჰკრავდა. დავინახე, სხვებიც რომ ჩაყარეს მიკროავტობუსებსა და იმ მანქანებში, რომლითაც ყინწვისში ვიყავით ასული, და ქარელის პოლიციაში წამოგვიყვანეს. პოლიციაში საათზე მეტხანს მცემდნენ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას მაბრალებდნენ და ვერც წარმოვიდგენდი, რომ გადატრიალების ბრალდებით დამაკავებდნენ. ქარელიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. მითხრეს, თუ ჩვენს მითითებებს არ შეასრულებ, დედაშენსაც დავაპატიმრებთო. ასე ცემა-ცემაში დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სკამზეც ვეღარ ვჯდებოდი, რადგან ხერხემალი და კუდუსუნის ძვალი დაზიანებული მქონდა. სკამიდან ვვარდებოდი... დამიდეს ფურცელი, ხელი მოაწერეო. მივხვდი, რომ ცუდ რამეზე ვაწერდი ხელს, მაგრამ ერთი სული მქონდა, ცემა შეეწყვიტათ. ადვოკატს ვითხოვდი და ამის გაგონებაც არ უნდოდათ. აღიარებაზე ხელი მოვაწერე თუ არა, კაპეზეში გადამიყვანეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს