"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"

"კეზერაშვილი რომ მიეშვათ, სააკაშვილსაც გაძარცვავდა"

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები მათ დაბალ რეიტინგს ეფუძნება. ამიტომაც იგონებენ რაღაც თემებს, რომ ჩვენ გაგვაშავონ", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელთან საუბარიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეფასებების ანალიზით დავიწყეთ:

- ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ხაზგასმა, რომ საქართველოში სამართლიანი კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს, იმას გულისხმობდა, რომ ეს პროცესი ჯეროვნად ვერ მიმდინარეობს?

- სამართლიანი კოჰაბიტაცია გულისხმობს, რომ გავუძლოთ ერთმანეთს, სანამ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და სანამ ადგილობრივ მმართველობაში არიან "ნაციონალები". კოჰაბიტაცია მძიმედ მიდის, მაგრამ არც ყოფილ ცოლ-ქმარს ულხინს, როდესაც ერთ სახლში ცხოვრობენ. ეს განსაცდელია და უნდა გავუძლოთ. ბუკიკიოს ყველანაირი კრიტიკა სამართლიანი და მისაღები იყო.

- ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ახსენა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები.

- ჯერჯერობით ძალაში არავის მიმართ არ შესულა განაჩენი და სასამართლომ შეიძლება ეს ხალხი გაამართლოს. ბუკიკიო ჭკვიანი კაცია და ამიტომაც თქვა, სასამართლოს კრიტიკაც ნაადრევიაო. თუმცა არც ის უთქვამს, რომ საქართველოს არა ჰყავს პოლიტპატიმრები. მხოლოდ ის თქვა, ჩვენთან რომ შეგეთანხმებინათ კანონი "ამნისტიის შესახებ", უფრო მაღალ რეგისტრს მიიღებდა პარლამენტის ეს გადაწყვეტილებაო.

- წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სულ უფრო ხმამაღლა გაისმის კონკრეტული ბრალდებები. ბაჩო ახალაია ციხეშია, კეზერაშვილი მილიონების მითვისებაში ამხილეს, ასევე დაკითხვაზე დაიბარეს გიგი უგულავა.

- კეზერაშვილი ის კაცია, რომლის დასაცავადაც "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი ხმა არ ამოიღო. მისი დაპატიმრება პირველი იქნება, რომელზეც "ნაცმოძრაობის" წევრებიც კი ამოისუნთქავენ, რადგან ყველა, მათ შორის თავისიანებიც, გააწამა და გაძარცვა. კეზერაშვილი უბრალო ადამიანი არ გეგონოთ. რომ მიეშვა, სააკაშვილსაც კი გაძარცვავდა, რადგან ეს კაცი ბუნებით მძარცველია. ბატონ კეზერაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ეს ადეიშვილის მსგავსი შემთხვევა არ არის, რომელმაც "წმინდანობიდან სატანობამდე" გაიარა გზა. კეზერაშვილი უფრო მეტად ბანდიტი იყო, როდესაც "ნაცმოძრაობაში" მოვიდა და მერე ცოტა დააწყნარეს მისი მადა მილიონებით. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ ის ძალიან ჰგავს დამნაშავეს. არც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუკი ვინმე შეიძლება ბანდიტს, ავადმყოფს და გადაბრუნებული ტვინისას ჰგავდეს, ძმები ახალაიები არიან და არც მათი მამა მომდის თვალში.

- აი, დედაქალაქის მერმა კი დაიჩივლა, ადამიანები დავასაქმე და ამის გამო დაკითხვაზე დამიბარესო.

- საქართველოში ყველაზე კორუმპირებული სისტემა თბილისის მერიაა და ეს საერთაშორისო ანგარიშებშიც კი არის. ყველაზე გარყვნილი კი ამ სისტემაში დასუფთავების სამსახურია. იქ არა მარტო უსამართლო ტენდერები ტარდებოდა და ფული კეთდებოდა, არამედ თურმე მილიონები ხმარდებოდა ძვირფას პარტიას. უნდა ნახოთ სხვაგან (მაგ. განათებაში) რა ხდება. ასე რომ, სამუშაო ბევრი აქვს პროკურატურას. მერმა კოორდინატორებზე თქვა, რა გინდათ იმ საცოდავ ხალხთანო. საცოდავები კოორდინატორები კი არა, ისინი არიან, ვისთვისაც ეს კოორდინატორები მუშაობდნენ, ატერორებდნენ, ურეკავდნენ და აიძულებდნენ ხმის მიცემას - ჩემი ჯიბიდან ვუხდიდი ფულს კოორდინატორს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ფინანსურმა საკითხებმა იმსხვერპლა ჰელმუტ კოლი. სახლში არც მას წაუღია ფული, პარტიისთვის მოიპარა. უგულავასაც, ალბათ, ეს აქვს სათქმელი, მეც ხომ ფული სახლში არ წამიღია, სექსშოპსა და ლას-ვეგასში, კაზინოში არ დამიხარჯავს, გაჭირვებულ ქალებს, კოორდინატორებს ვეხმარებოდიო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა