დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"

დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"

უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებით დავიწყეთ, რომელმაც არაერთი ანალიტიკოსი შეაშფოთა იმის გამო, რომ მათ მერაბიშვილის ნათქვამში ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილების განზრახვა დაინახეს:

- როდესაც მერაბიშვილი აცხადებს, ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთო, ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- როდესაც ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი დადგება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით.

ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობდა არა იმაზე, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვალთ თუ არა, არამედ ვადაზე, ეს 4 წელიწადში მოხდება თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია. თეორიულად არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული. თუ პროცესები ქვეყანაში წავიდა არეულობისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ, თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, პოლიტიკური პროცესები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. არანაირ არაკანონიერ და არაკონსტიტუციურ გზას ჩვენ არ განვიხილავთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო ვექტორის შეცვლის გამოც შეშფოთებულია, მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ მისი პროდასავლური კურსი შეუქცევადია.

- ჩვენთვის გაუგებარია ხელისუფლების კონფრონტაციული და ისტერიული რეაქცია უმცირესობის შეთავაზებაზე, რომ საგარეო კურსის შესახებ ჩვენი პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო. არადა, ბევრ ქვეყანას კონსტიტუციაში აქვს ასახული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საქართველოს 1918 წლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ საქართველო ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყანაა. მაგალითად, ლიტვის კონსტიტუციაში წერია, რომ ის არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა გაერთიანებების წევრი. როდესაც არის მუდმივი კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა ვეძებოთ თემები, სადაც შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ერთ-ერთი ასეთი თემა საგარეო პოლიტიკაა. თუ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, ეს იქნება სიგნალი მეგობრებისთვის, რომ ჩვენი კურსი გრძელდება და ეს იქნება სიგნალი ჩვენი არამეგობრებისთვისაც, რომ მათ მუშაობას ჩვენი კურსის შეცვლისთვის აზრი არა აქვს. არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ აპირებს უარი თქვას ევროპაზე. თუ რუსეთი ამ მოთხოვნას დააყენებს, რა არგუმენტით უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება? არ არსებობს იმაზე უკეთესი არგუმენტი, ვიდრე უთხრას, რომ ჩვენთან საგარეო კურსის თაობაზე უკვე შედგა პოლიტიკური ძალების შეთანხმება, ეს პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს წინადადება კონფრონტაციული?

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციამ დსთ-ის თემაც უსაფუძვლოდ გააცოცხლა, - ჩვენ არც გვიფიქრია თანამეგობრობაში დაბრუნებაზეო.

- ეს თემა ჩვენ არ გაგვიცოცხლებია, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის კომენტარი, რომელიც ორი დღის მერე უარყვეს.

არც მინდა დავიჯერო, რომ ეს ხელისუფლება გაცვლის და გაყიდის ევროპის კურსს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება ისმის კოალიციიდან, ამიტომ ვთავაზობთ ინიციატივას, რითაც ეს თემა დაიხურება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა