რასაც "ქართული ოცნება" რეორგანიზაციას, სამართლიანობის აღდგენას უწოდებს, რეალურად ეს არის ადგილების გათავისუფლება დეპუტატების და მინისტრების ნათესავებისთვის , - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ, თითქმის აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანები სამსახურში იმ ნიშნით აყავთ, "რა თვალით უყურებს მათ ან პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ან უმრავლესობის ლიდერი დავით საგენელიძე".
"ეს მე არ მიკვირს, რადგან პრემიერმა გუშინ აგვიხსნა, რომ ეს ქართული ხასიათის გამოვლინება ყოფილა. ეს მე არ მიკვირს, რადგან გვაცნობა, რომ არ იცის, რა სხვაობაა ტენდერსა და კონკურსს შორის. მე შევეცდები ავუხსნა. ტენდერია როდესაც "ლუკოილში" ტენდერს მანანა კობახიძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იგებს ტენდერს და ყველა სახელმწიფო უწყებას ექსკლუზიურად აწვდის საწვავს. კონკურსია, როდესაც ადამიანს აიყვან სამსახურში მისი პირადი თვისებების და დამსახურებისთვის და არა იმიტომ, ვისი ნათესავია და ოჯახის წევრი. ტენდერით აყვანილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტენდერის, კონკურსის გარეშე მიიყვანა შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსად თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში დამლაგებლებსაც არ იღებენ თამაზაშვილის გარეშე და კახეთში ჩიტიც არ დაფრინავს მის გარეშე",-განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ასევე იშოვეს სამსახურები ირაკლი ღარიბაშვილის დამ და მეუღლემ, მანანა კობახიძის დამ კი, აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. ნადირაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას ქმარი პროკურატურაში დასაქმდა, მაია ფანჯიკიძის შვილი ენერგეტიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
"დიდი ზრუნვა გამოავლინა ნათესავების მიმართ მურმან დუმბაძემაც",-განაცხადა ნადირაშვილმა.