სოსო ცისკარიშვილი: "პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა"

სოსო ცისკარიშვილი: "პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა"

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის ასდღიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგა ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინაშე. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- ბატონო სოსო, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ 100 დღის განმავლობაში მის მთავრობას მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება წარმატებით დაიწყო. რას ფიქრობთ, მართალა ასეთი უშეცდომოა ახალი ხელისუფლება?

- ერთია დაპირებების შესრულების დაწყება, მეორე - ამ პროცესების ტემპი. მიმაჩნია, რომ უფრო რადიკალური უნდა ყოფილიყო საკადრო ცვლილებები, განსაკუთრებით, პროკურატურის სისტემაში. ბევრი თემა, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსა­ხლეობას, დაკავშირებულია სამართლ­ი­ანობის აღდგენასთან, თუმცა ამის პარ­ალელურად ხდება პროკურატურის დისკ­რედიტაცია, რაც ამ პროცესს უშლის ხე­ლს. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ორგანიზებული საბოტაჟის ნაწილი იყოს.

- ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სოფლის მეურნეობის აღორძინებაა. როგორც ცნობილია, ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან გეგმავს ფერმერებისთვის ერთჯერადი დახმარების, ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემას, რასაც ვაუჩერადაც მოიხსენიებენ. ამ ბარათზე დარიცხული თანხით საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახდება შესაძლებელი. რას იტყვით ამ ინიციატივაზე?

- ეს შეიძლება ჩავთვალოთ საწყის ეტაპად, რასაც დიდი ეფექტი არ ექნება, თუ პარალელურად არ შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია თანა­მედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მხოლოდ მიწის დახვნით და დათესვით შორს ვერ წავალთ, თუ არ იქნება მოწეული პროდუქტის გადამუშავების, დაბინავების, გასაღების საკითხებზე მკაფიოდ შემუშავებული გეგმები. სამომავლო პერსპექტივის გათვლა, სავარაუდოდ, სხვადასხვა უწყების საქმეა, თუმცა აქ მეცნიერთა მონაწილეობა სავალდებულოა, სოფლის მეურნეობა არა მარტო უნდა აღდგეს, უნდა განვითარდეს კიდეც.

- პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვე­დრის შემდეგ სოციალურ ქსელებს ვადევნებდი თვალს და ცხადად გამოჩნდა, რომ ივანიშვილის ბევრი ახალი ინიციატივა გადაფარა ირაკლი ალასანიას გარშემო დასმულმა შეკითხვებმა და პრემიერის პასუხებმა.

- სოციალური ქსელები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავიანთი აზრი გამოხატონ, ამას საზოგადოებრივი აზრი ვერ დაერქმევა. ვფიქრობ, საქმეში ნაკლებად ჩახედულთათვის უნდა იყოს ალასანიას თემა ყველაზე მნიშვნელოვანი. ივანიშვილმა აქამდეც არაერთხელ თქვა, რომ ალასანიას თემა დახურულია.

- თუმცა მან არ დაიზარა ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რიგ შემთხვევაში ეს ცოტა არაკორექტულიც იყო, ვგულისხმობ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ალასანიას ევროპულ ვოიაჟს ეხებოდა, რომლის დროსაც, გავრცელებული ჭორის თანახმად, მან თბილისის მერის მეუღლესთან და მის მეგობართან ერთად იმგზავრა. ამ კითხვაზე უნდა გაეცა პრემიერს პასუხი?

- გულდასაწყვეტია ჟურნალისტთა იმ კლასის არსებობა, რომელსაც ეს თემა აინტერესებს, მაშინ, როდესაც ლაპარაკია მთავრობის მიერ განვლილი ასი დღის შეჯამებაზე. ალასანიას ივანიშვილმა ურჩია, თვითონ ისაუბროს ამ ვოიაჟზე, ჰოდა, დაველოდოთ განმარტებას ბატონი ირაკლისგან. თუმცა ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის ვიტყვი, რომ ხშირად მიწევს თვითმფრინავით მგზავრობა და ყოველი მგზავრობისას ბორტზე დიდი რაოდენობით შემინიშნავს ხოლმე სხვისი ცოლები (იცინის).

- პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ ალასანიამ დაუშვა შეცდომა, თქვენთვის გასაგებია, რა იგულისხმება ამაში?

- ამაში მხოლოდ ის შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ამ გაუგებრობის მიზეზი იყო ალასანიას მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავის წარმოდგენა, თუმცა ამას შეცდომად არ მივიჩნევ, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს რაღაც სხვა საბაბი ჰქონდეს ამგვარი განცხადებისთვის. ბუნებრივია, ამის საჯაროდ გარჩევა და აჟიოტაჟის ატეხა სასურველი არ არის.

- ივანიშვილის განცხადებით, ალასანიას ნაცვლად ვიცე-პრემიერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაინიშნება.

- არ შემიძლია საჯაროდ არ გამოვხატო გაკვირვება ამ სავარაუდო დანიშვნაზე არა იმიტომ, რომ რამე პრეტენზია მაქვს კანდიდატის მიმართ - გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქე და პროფესიონალია. უბრალოდ, განათლებისა და მეცნიერების წინაშე მდგომი უდიდესი პრობლემების გათვალისწინებით, მისი ახალი ვალდებულებებით დატვირთვა არასწორი მგონია. დღევანდელ მთავრობას ნამდვილად აკლია ვიცე-პრემიერი, რომელიც სხვა ფუნქციებისგან თავისუფალი იქნება. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი თვითონაც შეწუხებული იქნება ამ გადაწყვეტილებით.

- საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები უგო ჩავესისა და ფიდელ კასტროს გამოსვლებს მახსენებსო.

- (იცინის) ძალიან მოკლე მეხსიერება ჰქონია მინაშვილს, სააკაშვილის გამოსვლები თუ არ ახსოვს.

- 8 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი საანგარიშო მოხსენებით წარდგება პარლამენტის წინაშე.

- ვადაგასული პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთ პატივში, როგორც წინა წლებში ხდებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმცირესობაში დახვდება თავისი პოლიტიკური გუნდი, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მისი პრეზიდენტობა უკანონოდ მიაჩნია. პროგნოზირება თემებისა, რომლებზეც სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს, ადვილია. რასაკვირველია, მოვისმენთ იმას, რასაც ვისმენდით წინასაარჩევნო პერიოდში და ვისმენთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ეს არის დემაგოგია, ცილისწამება და შეურაცხმყოფელი შეფასებები. შინაარსი იქნება ამგვარი: ქვეყანა ინგრევა, ეკონომიკა გაჩერდა, რუსეთის ინტერესები სრულდება, არის პოლიტიკური დევნა და ა.შ. ეს იქნება გაჯერებული სენტიმენტური გადახვევებით, მაგრამ საქართველოს სააკაშვილის სიტყვების აღარ სჯერა და არც მისაღებია მოსახლეობის უმრავლესობისთვის კონსტიტუციიდან ამოვარდნილი პირისგან ნოტაციების მოსმენა.

- სავარაუდოდ, საპარლამენტო მოსმენა იქნება უკიდურესად კრიტიკული, ვალერი გელაშვილი პრეზიდენტს ცემითაც კი დაემუქრა, გაუძლებს კი ყოველივე ამას სააკაშვილი, ჩვენ გვახსოვს შარშან მისი რეაქცია ჯონდი ბარათურიას კრიტიკულ გამოსვლაზე.

- პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა. ამას მოჰყვება ხმაური უმცირესობის მხრიდან და სხდომის ჩაშლის მცდელობა. ასეთ შემთხვევაში უმცირესობაც დატოვებს დარბაზს და უმრავლესობის ბრალდებებს მხოლოდ ტელემაყურებელი მოისმენს.

- რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: ეს მთავრობა ისეთია, რომ 4 წელიწადს ვერ დაველოდებითო, იქვე დასძინა - საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ არის აუცილებელი ხელისუფლებაში მოსასვლელადო.

- ეს არის არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ მისი ყველა თანამზრახველის საჯაროდ გამხელილი ოცნება. შესაბამ­ისად, იგი განკუთვნილია "ნაციონალური მოძრაობის" იმ ნამსხვრევებისთვის, რომელთა შეკოწიწებასაც ცდილობენ. ვერ გეტყვით, რომ რაიმე სერიოზული რესურსი დგას ამის უკან. თუ მერაბიშვილმა მეოცნებეობა გადაწყვიტა, შესაძლოა, მალე "ქართული ოცნების" რიგებშიც აღმოჩნდეს.

- იქ ელოდებიან?

- დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ელოდებოდნენ, შეიძლება ეს მოლოდინი კვლავაც განმეორდეს. ეს ისე, ირონიით... მერაბიშვილის ეს საჯარო განცხადება, წესით, შემაშფოთებელი უნდა იყოს ნაცმოძრაობის მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი ზოგიერთი საზღვარგარეთელი პარტნიორისთვის.

- მერაბიშვილის ამ განცხადებიდან ორიოდე დღეში მოვისმინეთ ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდის განაცხადი, რომ ოპოზიციამ თვითმიზნად არ უნდა აქციოს მთავრობის კრიტიკა.

- ეს მერაბიშვილის განცხადებაზე თუ პირდაპირი პასუხი არა, ირიბი მინიშნება ნამდვილად იყო. დიპლომატიური მეტყველება მკაცრ ფრაზებს არ ითვალისწინებს, მოკლედ, "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა". თუმცა ნაცმოძრაობაში დარჩენილი ადამიანების გაგება შორს არის დიპლომატიური რიტორიკისგან.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უმრავლესობას, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთება და უმცირესობის წევრებზე ზემოქმედების შეწყვეტა მოსთხოვა.

- დავით ბაქრაძე გონიერი ადამიანია და ასეთ სისულელეებს თვითონ ვერ გამოიგონებდა. სამწუხაროდ, იგი რჩება ნაცმოძრაობის იდეების აღმასრულებლად. ვფიქრობ, ბაქრაძემ სხვაზე უკეთ იცის, რომ არც ნატოს და არც ევროკავშირის დამფუძნებელ ქვეყნებს საკუთარ კონსტიტუციაში არსად უწერიათ, რომ ნატო და ევროკავშირი უნდა იყოს მათი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. რაც შეეხება ზემოქმედებას, სააკაშვილი და მისი უმცირესობა, მათი გუნდის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს რომ სთხოვენ, ცდილობენ, ეს ზემოქმედებად წარმოაჩინონ. ისე, ბოლო ხანს აშკარად გაუჭირდათ, ადრე უფრო ნიჭიერად ატყუებდნენ მოსახლეობას.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა