"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"

"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"

მე ჯერჯერობით ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა. მისივე განმარტებით, ის რუსეთთან დიალოგის აღდგენასაც მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ფორმატი უკეთესად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო.

"ჯერჯერობით ვერ ვნახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა, თუმცა, ამავე დროს, არის ცუდად ფორმულირებული გზავნილები. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველა მოვლენა ისტორიაში სიტყვით იწყება და ისტორია შემდეგ აღარ იღებს არგუმენტს, რომ "ამის" თქმა არ მინდოდა, ვაპირებდი "ამის" თქმასო. უპირველესად უსიამოვნო თემაა ის, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, დიალოგის აღდგენის მცდელობა კარგია, მაგრამ ფორმატი უკეთესად უნდა მოგვეფიქრებინა", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა, ზოგიერთ ასპექტში შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დე-ფაქტო ურთიერთობების აღდგენა.

"დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პიარობებში, როცა შვეიცარია გვიწევს კეთილ სამსახურს და არის ჩვენი შუამავალი, პირდაპირი დიალოგის დაწყება შეიძლება ზოგიერთ ასპექტში იყოს განხილული, როგორც დე-ფაქტო ურთიერთობების აღდგენა. შეიძლება ამ ფორმატმა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი, დაასუსტოს არაღიარების პოლიტიკა. პირდაპირი დიალოგი ცუდი არაა, მაგრამ ჩვენ ისევ იმ რუსეთზე ვლაპარკობთ, რომელმაც 15 ათასი კაცი მოკლა მარტო აფხაზეთის ომის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. თუკი რამე ვისწავლეთ რუსეთთან ურთიერთობიდან, პირველ რიგში ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ქვეყანასთან საუბარი მკაცრად განსაზღვრული წესებისა და მედიაციის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს დაუინტერესებელი მხარე, რომელიც გამოიტანს სიმართლეს, თუ ვინ რა თქვა", - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ის საკუთარ პოზიციას გამოხატავს და არავის გუნდის პოზიციას არ წარმოადგენს. "მე არავის გუნდს არ წარმოვადგენ. ახლა კერძო მოქალაქე ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებთ. არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჩვენი გზები არ დაემთხვა ერთმანეთს", - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა