სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ყოველდღიურად ათეულობით პატიმარი ტოვებს. ბევრი მსჯავრდადებული ისევ მოუთმენლად ელის მისი საქმის განხილვას, რომ ამნისტია მისთვისაც ოფიციალურად ამოქმედდეს და ციხის კედლები დატოვოს. საქმეების სიმრავლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამნისტია უკვე შეეხო რამდენიმე კანონიერ ქურდსაც და სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულება ერთდროულად ექვსმა მათგანმა დატოვა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხმამაღლა აცხადებს, - კანონიერი ქურდების ადგილი ციხეშიაო, - მაგრამ როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ თავისი პოზიცია შეარბილა: მიხეილ სააკაშვილმა ორი კანონიერი ქურდის გათავისუფლებას მოაწერა ხელი. ელგუჯა გურჩიანი სასჯელს სამი მუხლით იხდიდა და შეკრებითობის პრინციპით, 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გურჩიანი 2010 წელს დააკავეს და პატიმრობის ვადა 2034 წელს ეწურებოდა. პრეზიდენტმა იგი 2012 წლის 28 დეკემბერს შეიწყალა. გაირკვა, რომ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ შესაწყალებელთა სიაში ეს პირი არ ყოფილა. სააკაშვილის შეწყალებით გათავისუფლდა ასევე, 1980 წელს დაბადებული კანონიერი ქურდი იოსებ სიორდია. ისიც 2010 წელს დააკავეს და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მას პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა.
ამნისტიის შედეგად კი 17 იანვარს გათავისუფლდნენ კანონიერი ქურდები: ელგუჯა დიღმელაშვილი, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე და რევაზ სესკურია.
სასჯელაღსრულების სამინისტრო გათავისუფლებულთა ვინაობას ინიციალებით ავრცელებს, თუმცა საზოგადოებისთვის მათი გვარები ცნობილია. სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებული პირები სასჯელს ძირითადად, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) იხდიდნენ და ყველა მათგანს, ასევე ბრალდებად ჰქონდა წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობა. მართალია, ამნისტია არ შეხებია კანონიერი ქურდობის მუხლს, მაგრამ ვინაიდან მათი უმრავლესობა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო გასამართლებული და ეს მუხლი ამნისტირებულია, ამნისტია მათზეც გავრცელდა. სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულებს "კანონიერი ქურდობისთვის" განსაზღვრული სასჯელი უკვე ამოწურული ჰქონდათ.
ყველა გათავისუფლებულ კანონიერ ქურდს 24 საათში დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია. სახლში მისულებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცათ - ფაქტობრივად, მათ კუდში მიჰყვნენ ძალოვნები. დაახლოებით ნახევარ საათში ყველა მათგანის საცხოვრებელ კართან სამართალდამცველები იდგნენ და ქვეყნის დატოვება სასწრაფო წესით მოსთხოვეს. უფრო მეტიც: იმ პირებს, ვისაც პასპორტი არ ჰქონდათ, თავად პოლიცია დაეხმარა პასპორტის დამზადებაში. ქურდებმა სახლში ოჯახის წევრებთან მხოლოდ ერთი ღამე გაათიეს. "საქართველოს ტერიტორია მათ იმიტომ დატოვეს, რომ კანონი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ ისევ მოქმედებს და არ არის გამორიცხული, დარჩენის შემთხვევაში, ამ ბრალდებით, საპატიმროში ისინი ისევ შეაბრუნონ", - ამბობენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექვსივე მათგანი საზღვარზე თავად გადაიყვანეს. კანონიერმა ქურდებმა საზღვარი ორი გზით დატოვეს: დასავლეთ საქართველოში ჩასულები, ბათუმიდან - თურქეთში გადავიდნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მყოფები - აზერბაიჯანში. საზღვრამდე მათი გაცილების უფლება ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ.
ბუნებრივია, ამით უკმაყოფილონი არიან მათი ახლობლები და ამბობენ, რომ მათ ბედზე არავინ ზრუნავს, ადაპტაციისა და ოჯახთან ურთიერთობის საშუალებაც კი არ მისცეს და იმაზეც არავინ დაფიქრებულა, ამდენწლიანი პატიმრობიდან უცებ გათავისუფლებულმა, რომელ ქვეყანას შეიძლება შეაფაროს თავიო. ბევრს სასურველი ადგილის მოსაძებნად დრო დასჭირდება, რადგან მათი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად, ისინი უკრაინაში წავლენ. მათ უმრავლესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დამოკიდებულება ამ კატეგორიის პატიმრების მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო და ისინიც არაადამიანურ პირობებში იხდიდნენ სასჯელს. არც მათთვის დაუკლიათ ცემა-ტყეპა. ჩვენი ინფორმაციით, სასჯელს ერთი კანონიერი ქურდი იხდიდა, რომელიც ცემის შედეგად ხერხემალში გადატეხეს და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულს, სხვები უვლიდნენ. ის რჩება თუ არა პატიმრობაში, ჩვენთვის უცნობია.
მე-7 საპყრობილე იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ადრე შს სამინისტრო ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად, ისინი ამ წლების მანძილზე იმ საკნებში იხდიდნენ სასჯელს, რომელიც ადრე, დროებითი მოთავსების იზოლატორად იწოდებოდა. ეზოში სეირნობის უფლება არ ჰქონდათ, სასეირნოდ დახურულ დარბაზში გაჰყავდათ მხოლოდ. ჩვენი ინფორმაციით, თითქმის არც ერთ საკანში ფანჯარა არ იღებოდა. საკნებში არის აგურებში ჩამონტაჟებული პატარა მინა, დაახლოებით ისეთი, როგორიც საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში. გაუსაძლისი სიცხის დროს, უჰაერობას თურმე ვერ გაუძლეს ქურდებმა და მინა ჩაამსხვრიეს. არ ვიცი, დაისაჯნენ თუ არა ამისთვის კონკრეტული პირები, მაგრამ როგორც შევიტყვე, ადმინისტრაციამ ისინი დასაჯა ისე, რომ ზამთარში მინები არ ჩაუსვა და სიცივეში ამყოფა. "ხომ გინდოდათ ჰაერი, ახლა იყავით სიცივეში", - ეუბნებოდნენ მათ. პატიმრები იძულებულები იყვნენ, მინის ნაცვლად, სკოჩით ცელოფანი აეკრათ.
მათ ოჯახის წევრებთან პაემანი თვეში ერთხელ აქვთ. თავიდან, როცა უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს ქურდებს, მათთან შესვლის საშუალებას სასულიერო პირებსაც არ აძლევდნენ. პატიმრების სანახავად სანთლებით მისულ ახლობლებს კი თურმე დამცინავად ეუბნებოდნენ, - რა გინდათ ახლა, კრიმინალები წმინდანებად უნდა აქციოთო?! თავიდან სანთლებსაც არ აწვდიდნენ, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდა და მოძღვარი აღსარებასაც იბარებდა.
მხოლოდ ხილის მიწოდება შეეძლოთ ახლობლებს. ტელევიზორის ყურების საშუალება სპეციალურად განკუთვნილ ოთახში ჰქონდათ, პრესას კი ახლობლები უგზავნიდნენ.
თურმე კანონიერი ქურდები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ 2012 წლის 12 მაისს - თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს. მაშინ ყველაზე მეტად, ორთაჭალის მოსახლეობა დაზარალდა და 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეშვიდე საპყრობილის პირველ სართულზე მყოფი კანონიერი ქურდების განწირული, არაადამიანური ხმა ზედა სართულებზე მყოფებს ესმოდათ. ისინი საკნებში შევარდნილი ღვარცოფისგან იხრჩობოდნენ, მაგრამ საკნების კარების გაღება ადმინისტრაციამ მოასწრო და ისინი უსაფრთხო საკნებში გადაანაწილა. ამბობენ, თითქმის მთელი კვირა გამოჰქონდათ საკნებიდან ღვარცოფის შედეგად დაგროვილი ნაშალიო. მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია იქ შეიყვანეს, ირგვლივ რამდენიმე საკანი დაიცალა. ქურდების ნაწილი ერთი სართულით ქვევით ჩაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეებში ამნისტია კიდევ რამდენიმე კანონიერ ქურდს შეეხება და მათი ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)