"საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად 9-10 ხმა აკლდებათ და უმცირესობაზე ზემოქმედება ძლიერდება"

"საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად 9-10 ხმა აკლდებათ და უმცირესობაზე ზემოქმედება ძლიერდება"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალსაზრისს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოხატავს.

- ბატონო გიორგი, რას ფიქ­რობთ საპარლამენტო უმრავ­ლ­ესობის მიერ ინიცირებულ საკ­ონსტიტუციო ცვლილებებზე: პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე; პრეზიდენტის უფლებამოსილების გადასინჯვაზე და ა.შ.

- ნაცმოძრაობის პოლიტიკური გუნდის აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, პარლამენტი ქუთაისში დარჩეს; ყველას შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს, როგორ გამოცოცხლდა ამ ქალაქის ცხოვრება, ეკონომიკა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი ბევრმა ინვესტორმა ქუთაისში განსახორციელებელი პროექტები შეაჩერა, რადგან პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი გაურკვეველია. ვფიქრობთ, რომ პარლამენტი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში უნდა იყოს, სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონეა. ქუთაისს სჭირდება მამოძრავებელი ღერძი, რომლის გარშემოც ინფრასტრუქტურა განვითარდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ წინ და უკან სიარული ეზარებათ, თან გაიძახიან, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვსო, როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიებისგან ძალზე შორს არიან. მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, რომლის მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა ქალაქშია.

ყველაფერი ერთ ადგილას არ უნდა იყოს თავმოყრილი - აქეთ გადადგეს ნაბიჯი სამხრეთ აფრიკამ, ჩილემ...

- თუმცა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში პარლამენტი და მთავრობა სწორედ ერთ ქალაქშია.

- არაერთმა ქვეყანამ პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ქალაქებში ფუნქციობის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღო, ეს ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში თანდათან გაძლიერდება. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, გაუგებარია, რატომ უნდათ ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორც ჩანს, უმრავლესობას თუ პრემიერ-მინისტრს რაღაც შიშები აქვთ. ასე რომ, ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ.

- საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედების შესახებ საუბრობთ...

- ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იმიტომ დაიწყეს, რომ ახლა უკვე დეპუტატ ღვინიაშვილს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დაეჭირა. ღვინიაშვილს არაერთი შუამავალი მიუგზავნეს, რომლებიც ეუბნებოდნენ, თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამ, შენი ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ გამოძიებას დავიწყებთო. პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, აგრეთვე, ფოთის ყოფილი მერი გოჩა ლემონჯავა. საკონსტიტუციო ცვლილებების კენ­ჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ზემოქმედება ძლიერდება, რადგან უმრავლესობას 9 თუ 10 ხმა აკლდება ამ ცვლილებების გასატანად.

- თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას"ტოვებენ დეპუტატები და პრეზიდენტი ამ პროცესის შესაჩერებლადაც მიდის პარლამენტში 8 თებერვალს. კანონით, პრეზიდენტი პარლამე­ნტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს უნდა მივიდეს...

- პრეზიდენტი ყოველ წელს თებერვლის პირველ რიცხვებში მიდის პარლამენტში, ეს კანონით დადგენილი წესია.

უმრავლესობა-უმცირესობის შეთანხმების საგანია, როდის უნდა წარდგეს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე.

- თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "თბილსერვის ჯგუფში"ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ხელისუფლებასთან დაახლოებული ხელოვანები იყვნენ გაფორმებული. თბილისის მერმა დაადასტურა, რომ საშტატო განრიგი მისი დამტკიცებულია. როგორც "ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- თბილისის მერმა გიგი უგულავამ კონკრეტული შეფასება მისცა ამ საკითხს და ახსნა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რისთვის მუშაობდნენ. საერთოდ, თბილისის მერიის პოლიტიკური შანტაჟი ყოველგვარ ზღვარს სცილდება, მერიის ყველა თანამშრომელს ლამის სამუშაო გრაფიკში აქვს, რომ დღეში 5-6 საათის განმავლობაში სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მივიდნენ, საქმის კეთების, მოსახლეობის მომსახურების ნაცვლად ამით არიან დაკავებულნი. მერიის წინააღმდეგ არის მიმართული ისიც, რაც სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება... ამ პროცესებს, ისევე როგორც ნაგავსაყრელის გარშემო ატეხილ ხმაურს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მართავენ. რა, სიბინძურეში უნდა იყოს ქალაქი? რატომ უნდა ხდებოდეს იმ ნაგავსაყრელის პიკეტირება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება? ეს ყველაფერი თბილისის მერიაზე, გიგი უგულავაზე თავდასხმების კასკადია, რადგან დღეს საქართველოში თბილისის მერიაა ერთადერთი ადგილი, სადაც საქმე კეთდება. იქ მუშაობს ხალხი, რომელსაც პროცესების სწორი მართვა, მენეჯმენტი შეუძლია.

- თქვენი აზრით, სერიოზულია თბილისის მერის არგუმენტი, რომ ეს ადამიანები მოსახლეობას ხვდებოდნენ და ნაგვის ბუნკერების გაუქმების საკითხზე ესაუბრებოდნენ?

- არ გვახსოვს ეს პერიოდი? მაშინ თბილისში გამეფებული ანტისანიტარიის მიუხედავად, რთული იყო მოსახლეობასთან ამ თემაზე - ბუნკერების გაუქმებაზე საუბარი, ისევე როგორც გარაჟების საკითხზე. მერიამ მოსახლეობას კარგად უნდა განუმარტოს, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

- თქვენ შერჩევით სამართალზე საუბრობთ, თუმცა ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას არაერთი დეპუტატი, თანამდებობის პირი გასცდა, რბილად რომ ვთქვათ, კანონის ჩარჩოებს - პეტრე ცისკარიშვილი, ვახტანგ ბალავაძე, დავით კირკიტაძე და სხვ. რატომ არ დაიწყო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა?

- რაც შეეხება შერჩევით სამართალს, დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. ახლა 2013 წელია და არ მახსენდება არც ერთი პერიოდი, როცა ამგვარი პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებზე. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, როცა ნაცმოძრაობა ასე ტოტალურად და ყველა მიმართულებით ავიწროებდა ოპოზიციას. როცა "ქართული ოცნების"შეხვედრაზე ერთ-ერთ დამსწრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევ წამოძახილის გამო და შენი პარტიის ერთ-ერთ სახეს იმავე ქმედების გამო პასუხს არ სთხოვ, ამ ყველაფერს უმართავ პროცესებამდე მიჰყავს ქვეყანა. უმართავი პროცესია ის, რაც ახლა "ქართული ოცნების"რიგებში ხდება რეგიონებში - შიმშილობები, გაფიცვები, ეს არის ჯაჭვური რეაქცია. ასევე გამოსაძიებელია მოსამართლის თანაშემწის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების ფაქტი; ამჟამად პროკურატურა იმაზე უარესს აკეთებს­, რასაც წინა ხელისუფლებას აბ­რალებდა, საზოგადოებასთან დამცინავი ტონით საუბრობს; ეს უსამართლო სამართალია, მეტი არაფერი.

- თავის დროზე, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ნაცმოძრაობის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი პირველი ვიზიტი რუსეთში ჰქონდა, მან პრეზიდენტ პუტინს თანამედროვეობის ყველაზე პრაგმატიკოსი პოლიტიკოსიც უწოდა. რატომ არის თქვენთვის მიუღებელი კოალიცია "ქართული ოცნების"მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მც­­დ­ელობა? მით უმეტეს, რომ დასავლეთი ამისკენ მიგვითითებს.

- დასავლეთი დსთ-ში გაწევრებისკენ ნამდვილად არ მოგვიწოდებს; ჩვენს პოზიციებში განსხვავება არის ის, რომ სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის დამყარების სურვილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკურ სივრცეში გასაწევრებლად არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვიხევია, არ გაგვიკეთებია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თუნდაც ბოლო 20-წლიანი ისტორია გვასწავლის, რომ ილუზიები არ უნდა გვქონდეს. როცა შევარდნაძის დროს საქართველო დსთ-ში შევიდა, ფიქრობდნენ, ამით აფხაზეთისა­ და სამხრეთ ოსეთის საკითხს მოაგვარებდნენ, რეალურად კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც 1998 წლის გალის მოვლენები მოჰყვა. ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპანტ ქვეყანაზე, ამიტომ ყველა ნაბიჯი კარგად უნდა გავთვალოთ. ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ რუსეთმა ეს ხელისუფლება შესაძლოა, "დააბოლოს", მით უმეტეს, რომ მათაც აქვთ ამგვარი მისწრაფებები, და, საბოლოოდ, საქართველომ თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ამიტომაც ვამბობთ, - იმისათვის, რომ კარგად გამოიკვეთოს ქვეყნის საგარეო ვექტორი, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილება და კონსტიტუციურად უნდა იყოს გარანტირებული, რომ ვერავინ შეძლოს საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოლაპარაკებების წარმოება.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამგვარი დათქმა არც ერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში არ არის.

- უკაცრავად, მაგრამ ჩვენ საქართველოზე, ქართულ რეალობაზე ვსაუბრობთ, გერმანია თუ სხვა ქვეყნები, რომლის ტერიტორიები ოკუპირებული არ არის, ჩვენთვის მაგალითი არ უნდა იყოს. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კი მრავალი კითხვა გაჩნდა ქვეყნის საგარეო ვექტორის მიმართ. ჩვენი აზრით, უცხოელ პარტნიორებთან ამ თემის განხილვის თავიდან ასარიდებლად კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა