"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულება 190-მდე პოლიტპატიმარმა დატოვა. ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულთა უმეტესობა მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გასაჩივრებას აპირებს.

გვესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა "არას" დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი კაკი დარასელია:

- 26 მაისის მოვლენების შემდეგ დამაპატიმრეს. 2011 წლს 17 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი პარტიის ოფისიდან გამოვდიოდი, გამაჩერა სამმა პიროვნებამ. მკითხეს, კაკი დარასელია შენ ხარო? როცა დავუდასტურე, მითხრეს, მანქანაში ჩაჯექიო. წამიყვანეს დიდუბის პოლიციის განყოფილებაში, სადაც 7 საათის განმავლობაში ამ განყოფილების სამზარეულოში მიმდინარეობდა ჩემი დაკითხვა. ბრალად წამიყენეს ნარკოტიკის შენახვა და მოხმარება. თითქოს წინდიდან ამომიღეს ნარკოტიკი, არადა, პოლიციაში ნარკოტიკგარეული წყალი დამალევინეს. სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით კრიმინალური პოლიციის ის სამი თანამშრომელი გამოცხადდა, რომლებმაც დამაკავეს - მუქერია, უსენაშვილი და ტიტვინიძე. ისინი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ მოსამართლეს. ეს იყო შეთითხნილი ბრალდებები. მოვითხოვე ნარკოტიკზე ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც დაადგინა, რომ მე სწორედ იმ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი, რომელიც ჩემი წინდიდან "ამოიღო" პოლიციამ. ეს ნივთიერება იყო ამფეტამინი. პოლიციის მიერ შეკერილი საქმით გამასამართლა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტეიშვილმა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 14 წლის გიორგი ზერეკიძეს რამდენიმე წლით აღუკვეთა თავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ კი სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - ძალაში დატოვა. ჩემია სანდრო გირგვლიანის მკვლელების ფავორიტი მოსამართლე გახლავთ. მოკლედ, საქმეების გაყალბების დიდოსტატ მოსამართლეებთან ჩემი საჩივრებით ვერაფერი გავწყვე. უზენაესმა სასამართლომ, კოტე კუბლაშვილის უწყებამ, ჩემი საჩივარი საერთოდ არ განიხილა. რა პირით გველაპარაკება კუბლაშვილი დემოკრატიულ სასამართლოზე?

- აპირებთ თუ არა თქვენზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრებას და თუ მოითხოვთ კომპენსაციას?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ გასაჩივრებას. მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულმა პოლიციამ და სასამართლომ საქმე შეკერა და 9 წელი იმიტომ მომისაჯა, რომ მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ვიყავით. მოვითხოვ დამნაშავე პირთა დასჯას, უნდა მოხდეს ჩემი სრული რეაბილიტაცია საზოგადოებაში. რაც შეეხება კომპენსაციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ისედაც გაანიავა სააკაშვილის რეჟიმმა, ერთ თეთრსაც არ მოვითხოვ.

- ციხეში როგორ გექცეოდნენ?

- ჩემ მიმართ ზემოქმედების ისეთ მეთოდს იყენებდნენ, ცემას და წამებას რომ აღემატებოდა. საკანში 8 პატიმარი ვიჯექით, ყველა ჩემი მეგობარი იყო. შემოვიდოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და 7 მათგანს სასტიკად აწამებდნენ ჩემს თვალწინ. ამის ყურება უმძიმესი ასატანი იყო. მერჩია, ისევ მე ვეცემე და ვეწამებინე.

- ლადო ბედუკაძეს თუ იცნობთ და რას გვეტყვით პატიმრებისადმი მის დამოკიდებულებაზე?

- ვიცნობ ბედუკაძეს და მასზე კარგის მეტი რა მეთქმის. ერთადერთი იყო, ვინც პატიმრებს ადამიანებად გვთვლიდა, ვინც ფსიქოლოგიურად მამხნევებდა და მეუბნებოდა, არ გატყდე, მორალურად არ დაეცე და ნუ გეშინია, შეუძლებელია ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვალოსო. სხვებისგან მალულად პატიმრებს სიგარეტს გვაწვდიდა... იმ ჯოჯოხეთში ყოფნისას მისი ასეთი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის დავიწყება არ შემიძლია. ამას დაადასტურებს ჩემი ყველა მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა საპატიმროში. არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს ბედუკაძეზე, მაგრამ რაც ვთქვი, სრული სიმართლეა და ამ სიტყვებს უკან არასდროს წავიღებ.

- ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუ შეხვდით ლადო ბედუკაძეს?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ მინდა, შევხვდე და მადლობა გადავუხადო პატიმრებისადმი გამოჩენილი ადამიანური დამოკიდებულებისთვის.

- რა გეგმები გაქვთ? განაგრძობთ საზოგადოებრივი მოძრაობა "არას" საშუალებით აქტიურობას?

- "არას" ნიჭიერი ახალგაზრდა, ლევან ჩიტაძე ხელმძღვანელობს. ის განაგრძობს ერთობლივი ძალებით დაწყებულ საქმეს. მე და ჩემი მეგობრები კი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ. ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე და არ იქნება ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ბაჩო ახალაიას ცოლმა ჩამოაყალიბა - მხოლოდ საკუთარი ქმრის დასაცავად!

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ