საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა

საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, რადგან ამის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი არასწორად მოიქცა.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლი ითვალისწინებს იმის ვალდებულებას, რომ პარლამენტმა მოისმინოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. კანონმდებლობით, თუ რაღაც განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს, რომელიც ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის სიტყვით მიმართვის მოსმენა, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია ქვეყნის პირველ პირს მოუსმინოს და პრეზიდენტიც ვალდებულია მივიდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ასეთი განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა, პარლამენტს უნდა მოესმინა პრეზიდენტისთვის და ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს წლიური ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება სწორედ პარლამენტისთვის, პლენარულ სხდომაზე აქვს, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის მიუხედავად, ის ამ ვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდება.

"პრეზიდენტს საზოგადოებისადმი ნებისმიერი ადგილიდან მიმართვის უფლება აქვს, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება იმ ვალდებულების შესრულებად, რასაც კონსტიტუცია მას წლიური ანგარიშის კუთხით უდგენს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება პარლამენტში გამოსვლის ვალდებულებისგან, თუკი ის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს ხალხს", - აღნიშნა კოჟორიძემ.

აღნიშნულის მიუხედავად, საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, კანონმდებლობით რაიმე ტიპის სანქცია არც პარლამენტის მიერ "არასწორ ქცევასთან" დაკავშირებითაა გათვალისწინებული და არც იმ შემთხვევისთვის, თუკი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით აღარ გამოცხადდება.

"კონკრეტული სანქცია შექმნილ ვითარებას არ მოჰყვება, მაგრამ შეიძლება საუბარი როგორც იმაზე, რომ პარლამენტი არასწორად მოიქცა, ისე იმაზეც, რომ პრეზიდენტი დაარღვევს კანონმდებლობას, თუ აღარ წარდგება პარლამენტის წინაშე", - აღნიშნა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრაველსობამ ამაზე უარი განაცხადა.

როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.

აღნიშნულის საპასუხოდ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა