საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი უმრავლესობის არასწორი იურიდიული ნაბიჯით ხსნის იმას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.
"უმრავლესობას ამ საკითხის არც ეთიკა ესმის მაინცდამაინც და არც იურიდიული მხარე. პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისას პარლამენტში მივიდეს და მიმართოს დეპუტატებს და საზოგადოებას. პარლამენტმა ამას უმრავლესობის სახით უარი უთხრა. ესაა უპრეცენდენტო, არაეთიკური და იურიდიულად არასწორი ნაბიჯი. უმცირესობას არ აქვს არც სურვილი და არც შესაძლებლობა, უმრავლესობას ხელები გადაუგრიხოს. სწორედ ამიტომ გახდა პრეზიდენტი იძულებული, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იქიდან, საიდანაც ჩათვალა საჭიროდ", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, ქვეყანა დიქტატურის გზას ადგას.
"საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაიგოს. დიქტატურა მაინცდამაინც ერთი ადამიანის მმართველობას კი არ უკავშირდება, არამედ შეიძლება არსებობდეს დიქტატორთა პატარა ჯგუფი, რომელიც ხალხის სახელით აკეთებს იმას, რაც უნდა. ამ პატარა დიქტატორებში ზოგს შეიძლება ფული ენატრებოდეს, ზოგს უბანში ბატონობა, ზოგს კი პარლამენტში სხვისი ხმის არგაგონების მცდელობები ჰქონდეს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.
როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
აღნიშნულის შემდეგ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.