რა საიდუმლოს გვიმხელს "ნაციონალების" აგენტების გამშიფრავი დავით საგანელიძე

რა საიდუმლოს გვიმხელს "ნაციონალების" აგენტების გამშიფრავი დავით საგანელიძე

პროფესიით ექიმი, ეკონომისტი და იურისტია, საზოგადოება წლების განმავლობაში "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერად იცნობდა. ამჟამად პარლამენტარი გახლავთ - უმრავლესობის წევრი. ძალიან უყვარს ქართული ხალხური სიმღერები, თავადაც შესანიშნავად მღერის. მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდში გიტარა შეიძინა, შემდეგ - ფანდური. ახლა უკვე ორმოცდაათამდე ნაციონალური დასაკრავი ინტრუმენტის კოლექცია აქვს. კითხულობს სამეცნიერო ლიტერატურას, თავისუფალ დროს კი მთლიანად ორ მცირეწლოვან შვილს და ასევე მეუღლეს უთმობს, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია.

- ბატონო დავით, ამბობენ, პროფესია ადამიანის ხასიათს განსაზღვრავსო. თქვენს ხასიათზე რომელმა პროფესიამ იქონია გავლენა?

- სამივემ. ქირურგმა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. მეც ასე ვარ. მედიცინამ პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრა. ეკონომიკის შესწავლის წყალობით, ბევრად ყაირათიანი გავხდი. ის ძირითადი პრინციპები, რაც მაკროეკონომიკაშია, ცხოვრებაშიც უნდა გაატარო. ოჯახი ერთი პატარა სახელმწიფოა. მას ისევე, როგორც ქვეყანას, სჭირდება ბიუჯეტი, სარეზერვო ფონდი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინვესტიციები. იურისტობამ ჩემი დაგროვებული ქონების დაცვა და სწორად მოქმედება მასწავლა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ კანონთან შეუსაბამობაში არ მოვიდე და ჩემი კუთვნილი, სხვამ ვერ წამართვას.

- სტუდენტობას როდის გამოეთხოვეთ?

- იურიდიული ფაკულტეტი ათი წლის წინ დავამთავრე, მაგრამ ამის შემდეგ ინგლისურის სწავლაც დავიწყე. მე მგონი, სტუდენტობას ჯერ კიდევ არ გამოვთხოვებივარ. რაც საქმის უკეთ გასაკეთებლად მჭირდება, ყველაფერს პროფესიულ დონეზე ვსწავლობ.

- ამდენი სწავლის ბრალია, რომ 50 წლამდე არ დაოჯახდით?

- ე.ი. კაცმა ნახევარი საუკუნე მოვათავე და ამ თემაზე საუბარს კიდევ ვერ გავექეცი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ასე გვიან დაოჯახება დიდი შეცდომა იყო. ფაქტობრივად, ერთი თაობა გამოვტოვე. თავს იმით ვიმართლებ, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება... დღეს თავს უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ. მიხარია, რომ ჩემი ცოლი სოფოა. ასევე მიხარია, რომ ორი შვილი მყავს, რომლებმაც მთელი ჩემი ცხოვრების წესი, ინტერესები და პრიორიტეტები შეცვალეს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც დილით ძილ-ღვიძილში ვარ და ჩემი შვილები თავზე გადამდიან და გადმომდიან.

- ვიდრე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, უნდა გთხოვოთ, რომ გულახდილი იყოთ...

- გგონიათ, აქამდე გულახდილი არ ვიყავი?

- არა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად გულახდილი უნდა იყოთ.

- კარგი, გისმენთ...

- აქამდე ისეთი შეყვარებული არ ყოფილხართ, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრათ?

- მთელი ჩემი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი, ბაღშიც, სკოლასა და უნივერსიტეტშიც. ბუნებით მოსიყვარულე ადამიანი ვარ. აი, შევასრულებ თქვენს თხოვნას, განსაკუთრებულად გულახდილი ვიქნები და გეტყვი იმას, რაც ჯერ არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს: მე მყავდა მეუღლე, როდესაც ორმოცი წლის ვიყავი. მართალია, სამოქალაქო ქორწინებაში არ ვიმყოფებოდით, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით, ის ჩემი ოჯახი იყო. თუმცა ერთმანეთს სულ რაღაც ერთ წელიწადში დავშორდით.

- ამ ამბავმა თქვენზე გავლენა თუ იქონია?

- ადამიანზე ყველანაირი ურთიერთობა გარკვეულ კვალს ტოვებს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. სხვათა შორის, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ, მას და მის ოჯახს პატივს ვცემ, ასევეა ისიც. იცი, მგონი, ამ ამბის წყალობით კიდევ უფრო უკეთ შევიგრძნობ იმ ბედნიერებას, რასაც სოფოსთან და ჩემს შვილებთან ურთიერთობისას განვიცდი.

- სოფომ როგორ აღიქვა ეს ამბავი?

- იმის მერე 10 თუ 11 წელი გავიდა. ამაზე მე და სოფო არ ვსაუბრობთ.

- 30 წლით უმცროსი, თანაც ასეთი მომხიბვლელი გოგონას ცოლობაზე დაყოლიება არ გაგიჭირდათ?

- არა, ალბათ წლების განმავლობაში ქალებთან ურთიერთობის შედეგად დაგროვილმა გამოცდილებამ თავისი ქნა. ჩვენს ამბავში ღმერთიც ჩაერია და გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით.

- ახალგაზრდა მეუღლესთან ურთიერთობებში სირთულეებს არ აწყდებით?

- სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო სირთულეები გვექნებოდა. ჩემი ეჭვი "გამართლდა", იმიტომ, რომ სოფო ხშირად მსაყვედურობს, პატარა ბავშვივით იქცევიო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სოფო ცდილობს, ასაკოვანი ქალის როლი მოირგოს, მე კი მისი და პატარა შვილების შემხედვარეს, ასაკი მავიწყდება და თავი პატარა ბიჭი მგონია.

- სოფოს თვისებებიდან განსაკუთრებით რა გხიბლავთ?

- ძალიან გულწრფელი, ალალი და ემოციურია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება იმას, რომ არის დედა, მეუღლე და რძალი.

- თქვენი პოლიტიკური საქმიანობით თუ ინტერესდება?

- ჩვენ ზუსტად იმ პერიოდში დავქორწინდით, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. მასთან ერთად გავიარე ყველაზე მძიმე წლები. სოფო თანამიგრძნობდა... მერე ჩემთან ერთად იზეიმა გამარჯვება, მაგრამ ახლა წუწუნებს, - რისთვის მჭირდებოდა ასეთი გამარჯვება, თუ ქმარს დავკარგავდიო?!

- პოლიტიკაში ზოგჯერ უხერხული ნაბიჯების გადადგმაც ხომ არ გიწევთ?

- არა. პოლიტიკაში 11 წლის წინ, ბიზნესიდან მოვედი. ბიზნესი იმიტომ დავტოვე, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მე და ჩემს მეგობრებს გასაქანი არ მოგვცა. ათი წლის განმავლობაში "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივანი გახლდით. მათთან ერთად გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი არ ვნანობ. ყველაფერზე პასუხს ვაგებ.

- მაგრამ თქვენ ისინი დატოვეთ და "ქართულ ოცნებაში" გადახვედით...

- "ახალი მემარჯვენეები" "ქართული ოცნების" გამო არ დამიტოვებია. 2011 წლისთვის ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა. პარტია ისე დავტოვე, კარი არ გამომიჯახუნებია...

- თქვენი შეხედულებები რა საკითხებთან დაკავშირებით აღარ ემთხვეოდა ერთმანეთს?

- ე.წ. "რვიანთან" და პარტნიორების შერჩევასთან დაკავშირებით, ბოლოს კი "ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულების საკითხშიც ვეღარ შევთანხმდით. წელიწადზე მეტია, რაც ჩემს ძველ თანაგუნდელებთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ამის გამო გული მწყდება, იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებმა ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტონ.

- დღეს თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ხალხს დიდი მოლოდინი აქვს. დარწმუნებული ხართ, რომ მოლოდინის გამართლებას შეძლებთ?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ახლა ვხვდები, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უმძიმესი ტვირთია. თურმე ოპოზიციაში ყოფნა გაცილებით იოლი ყოფილა. როცა ოპოზიციონერი ხარ, აპროტესტებ ყველაფერს, რაც არ მოგწონს, აკრიტიკებ ხელისუფლებას, მერე მიდიხარ სახლში, წამოწვები დივანზე და აკვირდები სიტუაციას. თუ გამოსწორდა, ხომ კარგი, თუ არა და - ისევ აკრიტიკებ. ხელისუფლებაში ვინმეს კრიტიკითა და პროტესტით ვერ შემოიფარგლები, ვერც შინ წამოწვები მხარ-თეძოზე... ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა პასუხისმგებლობის არ მეშინია, რადგან მჯერა იმ გუნდის ლიდერის, რომელიც კოალიციას ხელმძღვანელობს.

- თქვენ მხარი დაუჭირეთ ამნისტიის კანონს, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანებთან ერთად, ციხე საშიშმა დამნაშავეებმაც, მათ შორის - კანონიერმა ქურდებმაც დატოვეს. ამის გამო პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

- ციხეები გადავსებული იყო უდანაშაულო ადამიანებით. მხოლოდ პოლიტპატიმრებს არ ვგულისხმობ. სააკაშვილის ხელისუფლებამ სატუსაღოში გამოკეტა ყველა ბიზნესმენი და მეწარმე, ვისაც ფული ვერ შეაწერა. მესმის, რომ როდესაც ამნისტიის კანონს იღებ ქვეყანაში, გარკვეული რისკები იზრდება. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები განსაკუთრებულ პრევენციულ ზომებს მიიღებენ და სიტუაციის კონტროლს შეძლებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ციხეში ვინც გამოსასწორებელი იყო, უკვე გამოსწორდებოდა.

- მართლა ფიქრობთ, რომ ციხეში ადამიანები გამოსწორების გზაზე დგებიან?

- კი, მართლა ვფიქრობ. აბა, ციხე ტყუილად არსებობს? მაშინ ავდგეთ და დავხვრიტოთ ყველა დამნაშავე. რაც შეეხება კანონიერ ქურდებს, რომლებიც არასდროს გამოსწორდებიან, ამნისტიის კანონის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან, 72 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. ნამდვილად არ მშურს იმ ქვეყნების, სადაც ისინი წავლენ.

- 72 საათის განმავლობაში გასამგზავრებლად საჭირო საბუთების მოწესრიგებას, თუნდაც პასპორტის აღებას როგორ მოახერხებენ?

- ეს ადამიანები პასპორტებს დაჩქარებული წესით იღებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზე იქნება. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ქვეყნაში ცხოვრება უსაფრთხო იქნება.

- იმას თუ გვპირდებით, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია ისევ გაგრძელდება?

- რა თქმა უნდა.

- მაშინ რამ განაპირობა "ნაციონალების" რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის კურსს არ გადაუხვევს?

- რამ განაპირობა და პოპულიზმმა. ამ ინიციატივით თავდაპირველად გია ბარამიძე და დავით ბაქრაძე გამოვიდნენ. თუ ეს ადამიანები მართლა ფიქრობენ, რომ საგარეო ვექტორები და პრიორიტეტები კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, აქამდე რას აკეთებდნენ? მაგათ ხელში არ იყო კონსტიტუცია? "ნაციონალები" დასავლეთის გულის მოგებაზე ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობენ. თუ მათ რეკომენდაციას მივიღებთ, იტყვიან, რომ თვალი რუსეთისკენ გვეჭირა და ევროპისკენ შემობრუნება მათ გვაიძულეს. თუ უარს ვეტყვით, ერთ ამბავს ატეხენ, - აი, ევროპასთან ინტეგრაციაზე უარს ამბობენო!.. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში საგარეო ორიენტირები საკმაოდ ნათლად ჩანს და ახლა "ნაციონალების" ხუშტურებზე სიარულს არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენთვის ძირითადი ორიენტირი არის დასავლეთი, თუმცა ჩვენს ჩრდილოელ, აღმოსავლელ და სამხრეთელ მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენა გვინდა. ამის კონსტიტუციაში ჩაწერა სასაცილოა და აუცილებლობა არც არსებობს. "ნაციონალებისგან" განსხვავებით, ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ეს საზოგადოებამ შესანიშნავად იცის და ამიტომაც გვიჭერს მხარს.

- თქვენს მხარდამჭერებს შორის დღეს ძალიან დიდი დაპირისპირებაა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რეგიონებში ერთმანეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ამ ფაქტს რით ახსნით?

- ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ: რამდენიმე დღის წინ ბატონი ბიძინას ბიზნესცენტრთან ოცკაციანი აქცია გაიმართა. ბატონმა ბიძინამ მათთან შეხვედრა გადაწყვიტა და მეც მთხოვა მისვლა. არ გაინტერესებთ, რას ითხოვდა ეს 20 კაცი?

- როგორც ვიცი, მათ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა არ მოსწონდათ.

- დიახ, "ოცნების" კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ჩვენი პარტიის მიერ დაყენებული კანდიდატი, გვარად - გვილავა. ეს 20-კაციანი ჯგუფი ამბობდა, რომ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარედ გვილავას დანიშვნა არ უნდოდა. ვიკითხე, რომელი იყო ჩვენი პარტიის წევრი და აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" წევრი მათ შორის ერთიც კი არ იყო. "ნაციონალები" ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კოალიციაში არეულობა შემოიტანონ. თუმცა, მათ იმედი უნდა გავუცრუო, რადგან უკვე გამოვავლინე ჩვენს კოალიციაში მათ მიერ ჩანერგილი აგენტები და მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

- სხვათა შორის, ამბობენ, რომ ხონში პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თქვენი სიდედრის ახლობელია და მას თქვენ ლობირებთ.

- ეს უკვე მოგონილია და საფუძვლად ის უდევს, რომ ჩემი მეუღლე ხონიდან არის. მე ვიცი, ვისაც გულისხმობთ, ეს მუშკუდიანია. მას რამდენჯერმე ველაპარაკე და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, მე მას ვლობირებ, იმიტომ, რომ იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ, რომელიც რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს ამზადებს და ადგილობრივებს "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას სთავაზობს. იცით, მუშკუდიანის წინააღმდეგ ვინ გამოდის? ჩვენი შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გვარად სანოძე, რომელიც ბესო სურმავას დისქმარია (ბესო სურმავა - ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელიც არჩევნების პერიოდში უგზო-უკვლოდ გაქრა და რომლის სახელითაც ინტერნეტში "ოცნების" ლიდერების ფარული სატელეფონო ჩანაწერები ქვეყნდებოდა). ამ კაცმა სამარცხვინოდ წაგვაგებინა არჩევნები ხონში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას მეგობრული კავშირი ჰქონია აკაკი ბობოხიძესთან და მასთან ერთად ქუთაისში "ნაციონალების" მოწყობილ აქციაზე 150 კაცი ჩაუყვანია. საბედნიეროდ, ჩვენ დღეს საშუალება გვაქვს, ყველა შემოგზავნილი აგენტის ლუსტრაცია მოვახდინოთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"