რატომ მიდიან მილიონერები პოლიტიკაში

რატომ მიდიან მილიონერები პოლიტიკაში

არის თუ არა პოლიტიკოსობა გამდიდრების ხელსაყრელი საშუალება

ამბობენ, - ფული ხელის ჭუჭყიაო და იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ ფაქტია: ყველას სურს გამდიდრება და პოლიტიკურ მწვერვალზე ასვლის სურვილიც ბევრს აქვს. თუმცა, მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად და ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მანძილზე ქონების დაგროვებას ან კარიერის შექმნას ვერ ახერხებენ, თავს უიღბლოებად მიიჩნევენ... ზოგი მთელი ცხოვრება ლატარიის ბილეთს ყიდულობს; სურს, მარტივი გზით, ხელის გაუნძრევლად გამდიდრდეს, მაგრამ ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ მოულოდნელად გამდიდრებული ადამიანები ფულს უყაირათოდ ხარჯავენ და უკან მოხედვასაც ვერ ასწრებენ, რომ ისევ ღატაკდებიან; ზოგი მართლაც რომ "ძაღლურად" შრომობს, მერე კი, როგორც იტყვიან, კაპიკს კაპიკზე აწებებს იმ იმედით, რომ ოდესმე მილიონერი გახდება, მაგრამ ისე მიდის იმ ქვეყნად, დაგროვებულ ქონებას გემოს ვერც უგებს. მოკლედ, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ქონების დაგროვებასაც და მის მიზანმიმართულად ხარჯვასაც...

ასეა თუ ისე, ბევრი შენატრის მილიონერების ცხოვრებას და კითხვებზე: რას იზამდით, ბევრი ფული რომ გქონდეთ? იზრუნებდით თუ არა უცხო, მაგრამ შიმშილისგან დაოსებულ ადამიანებზე? გაგიჩნდებოდათ თუ არა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი? - მოქალაქეებმა ძირითადად, ასე გვიპასუხეს: "საჭმელს არავის დავამადლი, მაგრამ მთელი ცხოვრება უცხო ადამიანს ვერ ვარჩენ..." "თუ ფული მაქვს, პოლიტიკაში რა მინდა? იქ ხომ ძირითადად, ფულის საშოვნელად მიდიან?" "არა, აუტკივარ თავს ნამდვილად არ ავიტკივებდი!.." "პოლიტიკოსი მდიდარია თუ ღარიბი, ვალდებულია, ხალხზე იზრუნოს და მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს".

მართალია, გამოკითხული ადამიანების უმეტესობამ მითხრა, რომ პოლიტიკოსობა არ ხიბლავს და ამ საქმეში უკვე გამდიდრებული, მით უმეტეს არ ჩაყოფდა ცხვირს, მაგრამ ბევრი ფაქტი ვიცით, როცა სწორედაც რომ უკვე მდიდარმა ადამიანებმა პოლიტიკაშიც სცადეს ბედი: ზოგმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა საკუთარი ერის გასაჭირიდან დასახსნელად გადაწყვიტა(?!), ზოგს კი უბრალოდ, ამბიცია გაუჩნდა, რომ არა მარტო ფულის "კეთება", არამედ ქვეყნის მართვაც შეუძლია...

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Forbes-მა მდიდარი პოლიტიკოსების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც მოხვდნენ ისინი, ვისი ქონებაც ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოქვეყნებულ რეიტინგში პირველ ადგილზეა ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც ამ პოსტზე 2002 წლიდანაა. ჟურნალი მის ქონებას 22 მილიარდ დოლარად აფასებს. თითქმის 10 მილიარდით ნაკლები ქონება აქვს მიხაილ პროხოროვს, რომელმაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინთან კონკურენციისას ხმათა 8%-ც კი დააგროვა. მესამე ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარით ფასდება. მეოთხეზე - იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია (5,9 მლრდ დოლარი), რომელიც ცხოვრების აღვირახსნილი სტილით არის ცნობილი. მეხუთე ადგილი ერგო ჰენრი როს პერო სენიორს, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტობა ორჯერ სცადა, მაგრამ მიზანს ვერც ერთხელ ვერ მიაღწია; მას ამაში 3,5-მილიარდიანი ქონებაც ვერ დაეხმარა.

2008 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობა, რომ ბლუმბერგი ცდილობდა კანონში ცვლილებების შეტანას, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, მესამედ ეყარა კენჭი მერის პოსტზე. 2008 წლის 2 ოქტომბერს ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნას აპირებდა. 23 ოქტომბერს ქალაქ ნიუ-იორკის საბჭომ მხარი დაუჭირა (29 მომხრე და 22 წინააღმდეგი) მერისთვის მესამედ კენჭისყრის უფლებას და შესაბამისად, ბლუმბერგს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცა.

ცნობისათვის, როგორც კი მილიარდერი ქალაქის მერად აირჩიეს, მან მაშინვე დაიწყო აქტიური საქმიანობა და პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ აკრძალა ქუჩაში ვაჭრობა, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში (ბარებსა და კაფეებში), შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები და იმავდროულად, გაზარდა გადასახადები. ვარაუდობდნენ, რომ იგი მეორე ვადით არჩევას ვერ ეღირსებოდა, მაგრამ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, 20%-ით იკლო დანაშაულმა, გაუმჯობესდა სასკოლო განათლება. საერთო ჯამში, ბლუმბერგმა უჩვენა, რომ ის საუკეთესო კანდიდატურა იყო და აირჩიეს კიდეც მეორე ვადით. შემდგომ წლებში მაიკლმა მიაღწია ქალაქის ბიუჯეტის დაბალანსებას და უმუშევრობის დონის შემცირებას. მოკლედ, საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურა და ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ ნიუ-იორკის საქალაქო საკანონმდებლო საბჭომ მას მერის პოსტზე ზედიზედ მესამედ კენჭისყრის ნება დართო.

მსოფლიოში ერთ-ერთი სასურველი სასიძო, რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი თურმე, ერთი ნახვით სიყვარულს ელოდება. 46 წლის ბიზნესმენი აღიარებს, რომ შეყვარებული არასოდეს ყოფილა. ცოტა ხნის წინ მან ჟურნალისტებს განუცხადა: "სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევხვდი დიდ სიყვარულს. მჯერა, ოდესმე ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენ ერთი ნახვით შეგვიყვარდება ერთმანეთი". მილიარდერი მარტოობის მიზეზად მძიმე სამუშაო რეჟიმს ასახელებს: "რომანტიკული შეხვედრა ჯერჯერობით ვერ შედგა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ - დღეში დაახლოებით 15 საათს".

ცნობისთვის, მიხაილ პროხოროვი, რომლის სიმაღლე 2,04 მეტრია, აქტიურად მისდევს სპორტს და საკუთარი საკალათბურთო გუნდიც ჰყავს.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამჯერად მის წარსულზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, რადგან მასზე ისედაც ბევრი დაიწერა. ხოლო იმაზე, თუ რამ აიძულა, "აუტკივარი თავი აეტკივებინა", ბევრი ჭორ-მართალი გვსმენია...

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა - მოქალაქეებს დავუსვით შეკითხვა, თუ რას ელის საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან და მის ადგილას როგორ მოიქცეოდნენ? იმითაც დავინტერესდით, თუ რამდენად მიმზიდველი იქნებოდა პოლიტიკოსის ამპლუაში ყოფნა თითოეული მათგანისთვის...

- მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახდა, ხალხს მის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა. პირადად თქვენ, რას ითხოვთ ამ ადამიანისგან?

ქეთევანი, ბუღალტერი, 53 წლის:

- მე ველოდებოდი, რომ გადასახადები განახევრდებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. უფრო მეტიც, მეგონა, ის სიტყვებიც გამართლდებოდა, როცა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეგვპირდა, - მოქალაქეებს 2 წელი გადასახადებისგან გაგათავისუფლებთ; ოღონდ ესენი მოვიშოროთ და ამ საქმეში ჩემს ქონებას ჩავდებო... ველოდებოდი, რომ ბატონი ბიძინა თითოეულ ოჯახს დაეხმარებოდა დასაქმებაში და ქართველები აღარ ვიქნებოდით ასე დაჩოქილები. პირველ ეტაპზე, გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლოდ, 100-100 ლარს მაინც დავურიგებდი... ახლა კი ნამდვილად აღარ ვიცი, რას ველოდები, რადგან მისი გუნდის წევრები ყველაფერზე ამბობენ: ეს შეუძლებელი ყოფილაო...

- თქვენ რომ ბევრი ფული გქონდეთ, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

- პირველ რიგში, ჩემს შვილებს ბინებს ვუყიდდი და რძლისგან შორს ვიცხოვრებდი. კიდევ, ჩემთვის აგარაკს შევიძენდი და ამ სიბერეში მაინც, ზაფხულობით ადამიანურად დავისვენებდი. კიდევ, გაჭირვებულ კაცს ხომ იცი, შესაძენი ნივთები არ გამოელევა და ჩემ გარშემოც ბევრი გაჭირვებული ადამიანია.

- მათხოვარს, რომელსაც ბევრი შვილი ახვევია თავს და ზუსტად იცით, რომ შვილების გამოკვება უჭირს, რამდენ ლარს აჩუქებდით?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. შეიძლება, მისთვის ფული არც მიმეცა, მაგრამ საკვები და სხვა საჭირო ნივთები მეყიდა ბავშვებისთვის.

- კიდევ ვის დაეხმარებოდით მოგებული თანხით?

- ახლო ნათესავებს საჩუქრებს გავუკეთებდი, მაგრამ ფულს ალბათ, არავის მივცემდი.

- ამბობთ, მდიდარი რომ ვიყო, ფულს არავის მივცემდი, გაჭირვებულ ადამიანს კი მხოლოდ საჭირო ნივთებით დავეხმარებოდიო. მაშინ რატომ ითხოვთ სხვა ადამიანისგან, რომ გაჭირვებულებს საკუთარი ფული დაურიგოს?

- ის შეგვპირდა და ამიტომაც ვითხოვ მისგან გმირობას!

- როგორ ფიქრობთ, მილიონერები პოლიტიკაში რა მიზნით მიდიან?

- ან იმიტომ, რომ სახელის მოხვეჭა სურთ, ან აიძულებენ, ასე მოიქცნენ...

ზაზა, ხელოსანი, 34 წლის:

- ბევრი ფული რომ მქონდეს, პოლიტიკა არც გამახსენდებოდა, ეგრევე წავიდოდი საქართველოდან და რომელიმე ისეთ ქვეყანაში მოვიწყობდი ბუდეს, სადაც ჩემს ბიზნესს ცუდად არავინ შეეხებოდა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მექნებოდა მეც და ჩემს ოჯახსაც.

- მოულოდნელად რომ გამდიდრდეთ, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

- იმ ნივთებს შევიძენდი, რომლის ყიდვაც ჩემი ოჯახისთვის ახლა ფუფუნებაა, დანარჩენი თანხით კი რაიმე საქმეს წამოვიწყებდი.

- თქვენი აზრით, არის თუ არა პოლიტიკა გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება?

- აბა, დამისახელეთ ქართველი ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც ვითომ ხალხზე ზრუნავს და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ისეთივე ღატაკად რჩება, როგორიც მანამდე იყო!..

- მაშინ, რატომ არ ცდილობთ, გამდიდრების მიზნით რომელიმე პარტიაში გაწევრდეთ?

- იმიტომ, რომ არც თავის ატკივება მინდა და არც ის ბინძური ფული, რომელიც ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან, ჩემს შთამომავლობას შხამად შეერგება.

- როგორ ფიქრობთ - ისეთმა მდიდარმა ადამიანმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, პოლიტიკაში ჩაბმა რატომ გადაწყვიტა? მისგან რას მოელით ან ითხოვთ?

- ამბობენ, რომ ეს უწმინდესმა სთხოვა და მე ამის მჯერა! თუ მას დავაცდით, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა, როგორც ქველმოქმედს, ისე ვიცნობდით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული აქვს. ჰოდა, არა მგონია, ასეთი გულის მქონე ადამიანი ცუდი საქმეების საკეთებლად იყოს ქვეყნის სათავეში მოსული. მისგან საქართველოს გაბრწყინებას, ტერიტორიებისა და ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, სამუშაო ადგილების შექმნას ველი...

მარო, დიასახლისი, 49 წლის:

- ეჰ, ვინ მომცა იმის ბედი, ლატარიაში რამე რომ მოვიგო? მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, პირველ რიგში, ჩემს დისშვილს დავეხმარები, რომელსაც ინვალიდი ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს სარჩენი. კიდევ, ჩემთვისაც შევიძენდი მანქანას და სახლს - რომელიმე კარგ სოფელში.

- ვთქვათ, უკვე გამდიდრებულს პოლიტიკოსობა შემოგთავაზეს...

- (იცინის) ეს ჩემს თავს მოხდება? მეტი არ არის ჩემი მტერი!.. კარგი, ასეთი რამ რომ მოხდეს, პოლიტიკაში ცხვირს მეც ჩავყოფ.

- რა მიზნით?

- რათა გაჭირვებულ ხალხს მხარში ამოვუდგე და სიცრუეს, არაადამიანობას დავუპირისპირდე...

- და ალბათ, კიდევ იმისთვის, რომ უფრო მეტად გამდიდრდეთ, არა?

- შვილო, ამ ხნის ქალი ვარ და მილიონერობაზე, თუ დამიჯერებ, არასდროს მიოცნებია. მხოლოდ იმდენ თანხაზე ვოცნებობდი, რაც ჩემი მოკრძალებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გაჭირვებული ახლობლების დასახმარებლად მეყოფოდა... მდიდარი პოლიტიკოსი რომ ვიყო, გავაკეთებდი თავშესაფარს უპოვარი ადამიანებისთვის. კარგია, ქალაქებს რომ ალამაზებენ, მაგრამ ქუჩაში გასულები ამ სილამაზეს საერთოდ ვერ ვამჩნევთ, რადგანაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვრებს ვაწყდებით...

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკოსები შოუბიზნესის წარმომადგენლებზე პოპულარულები არიან. დავინტერესდით, ამ ან სულ სხვა მიზეზით, ქართველ ვარსკვლავებს პოლიტიკოსობის სურვილი ხომ არ გაუჩნდათ?

ვანო ჯავახიშვილი, შოუმენი:

- პოლიტიკოსად საკუთარი თავი ვერც წარმომიდგენია და ეს არც მინდა.

- გადაცემის მონოლოგში, პოლიტიკოსებისგან გარკვეულ თანამდებობებს "ითხოვ" ხოლმე. რეალურად, პოლიტიკაში გამდიდრების მიზნით მაინც თუ ჩაებმებოდი?

- არა, არა! ჩემი აზრით, პოლიტიკოსობა გამდიდრების საშუალება არ უნდა იყოს. პოლიტიკოსი საკუთარი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს. ბევრი სხვა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ფული იშოვოს.

- და მაინც, თავი პოლიტიკოსის ამპლუაში წარმოიდგინე. პირველ რიგში, რას გააკეთებდი?

- ალბათ, მთავარი ხალხზე ფიქრია, რაც პოლიტიკოსებს თავდაპირველად კი ახსოვთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ავიწყდებათ.

- პოლიტიკური თანამდებობა მართლა რომ შემოგთავაზონ, არ დათანხმდები?

- არა, რადგან ეს ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის საკუთარ თავზე აღება ჩემთვის ნაადრევიც არის. თან, რისკიანი ადამიანი არა ვარ, ყველაფერი სტაბილური მიყვარს...

შორენა ბეგაშვილი, მსახიობი:

- პოლიტიკაში არ წავალ! არა, არ მინდა (იცინის)!

- მახსოვს, ამბობდი, - რა საქმესაც ხელი მოვკიდე, ყველაფერი გამომივიდა და შეიძლება, მილიონერიც გავხდეო. პოლიტიკაში გამდიდრების მიზნითაც არ წახვიდოდი?

- მომავალში პოლიტიკოსი რომ გავხდე, მერე უნდა მკითხო, - რატომ მომატყუეო (იცინის)? არ ვიცი... პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, არ მაინტერესებს და ამ სფეროსთან შეხება საერთოდ არ მაქვს. მილიონერობა ჩემი მიზანი არ არის. მთავარია, ბედნიერი ვიყო, თორემ მილიონი მექნება თუ - მილიონ-ნახევარი, რა მნიშვნელობა აქვს?!

ლიკა ქორქია, ტელეწამყვანი:

- აპოლიტიკური ადამიანი ვარ. შეიძლება ითქვას, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის ვინაობა ვიცი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. თავს ვალდებულად არც მივიჩნევ, ამ სფეროში რაღაცები ვიცოდე. ყოველთვის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია მაქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში აქტიურად ვარ ჩაბმული.

- ზოგადად, პოლიტიკა გამდიდრების საშუალებად თუ მიგაჩნია?..

- არ ვიცი. შეიძლება, ადრე ვიღაცისთვის გამდიდრების საშუალება იყო, მაგრამ ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი პოლიტიკური მდგომარეობა მომწონს, რადგან უამრავი ადამიანი ქვეყნის განვითარებისა და დაბალანსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის ბევრს შრომობს. ვიცი, რომ ადრე პოლიტიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა საქმეს პირადი ინტერესისთვის იყენებდნენ. ახლა კი მგონია, რომ პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარებისთვის უფრო მეტს ფიქრობენ და ამისთვის იღვწიან.

- არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკის "სუფთა ხელებით" კეთება შეუძლებელია!

- მე ასე არ ვფიქრობ. მგონი, ეგ გამოთქმა საერთოდ, არალოგიკურია. "სუფთა ხელებით", სუფთა აზროვნებით და რაც მთავარია, სუფთა სტრატეგიით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი მაღალ დონეზე სრულდება. როცა საქმეს "ბინძური ხელებით" აკეთებ, ყველაფერი ცუდად გამოდის.

- გამდიდრების სურვილი გაქვთ?

ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი:

- ვერ დაგიმალავთ და, მაქვს.

- პოლიტიკა გამდიდრების ერთ-ერთ საშუალებად თუ მიგაჩნიათ?

- ჰოო... შეიძლება, ვიღაცას ასე მიაჩნდეს, მაგრამ არა მგონია, პოლიტიკა გამდიდრების საშუალება იყოს.

- საკუთარი თავი პოლიტიკოსის ამპლუაში წარმოგიდგენიათ?

- არა!

- რატომ? პოლიტიკაში ვერ ერკვევით თუ არ გაინტერესებთ?

- არც მაინტერესებს და ვერც ვერკვევი - ეს ჩემი საქმე არ არის.

- პოლიტიკოსი თაყვანისმცემელი გყოლიათ?

- ჯერ არა (იცინის)...

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- პოლიტიკის არაფერი გამეგება. ამ სფეროში პროფესიონალი ადამიანები უნდა მუშაობდნენ, რადგან ქვეყნის მართვა იოლი საქმე არ არის. პოლიტიკოსობის პრეტენზია არ გამჩენია და არც გამიჩნდება (იცინის). შეიძლება, ხელოვანი ადამიანი პოლიტიკურად ძალიან სწორად აზროვნებდეს, მაგრამ იმას უფრო მივესალმები, როცა ის ხელოვნებით ცხოვრობს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- პოლიტიკა გამდიდრების ხელსაყრელი საშუალებაა?

- პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ამ სფეროში ჩახედული არ ვარ. უბრალოდ, რაც გარშემო მყოფებისგან და ტელევიზიებიდან მესმის, იმის საფუძველზე ვსაუბრობ...

- ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, ადამიანები პოლიტიკოსობას რა მიზნით ირჩევენ?

- მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბევრი პოლიტიკოსი დაუჭერიათ და ა.შ. შესაბამისად, ალბათ, ბევრი მათგანი სხვა ადამიანებზე კი არ ზრუნავს, ყველაფერს ბიზნესმენის თვალით აფასებს. ვფიქრობ, როცა პოლიტიკაში მიდიხარ, უნდა აცნობიერებდე, რომ ეს ქვეყნის საქმეა და მოსახლეობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო...

- პოლიტიკოსი თაყვანისმცემელი ქალბატონით თუ დაინტერესდებოდი?

- მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ჩვენ შორის დიდი სიყვარული არსებობდეს, თორემ პოლიტიკოსი იქნება, ბიზნესლედი თუ ხელოვანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ლიკა ქაჯაია

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"