ნიკა ვადაჭკორია: "ჯობია, ამ საქმეში პირველი ვიყო, ვიდრე მეორე ილუზიონისტი და თქვან, ეს ზურას ბიჭიაო"

ნიკა ვადაჭკორია: "ჯობია, ამ საქმეში პირველი ვიყო, ვიდრე მეორე ილუზიონისტი და თქვან, ეს ზურას ბიჭიაო"

"დავაფუძნე ჯადოსნური სამყაროს ცენტრი, სახელწოდებით - "მეჯიქ ჰოლი". ასეთი რამ საქართველოში აქამდე არ ყოფილა", - მითხრა ნიკა ვადაჭკორიამ, რომელიც ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას ვაჟი გახლავთ. ის ჩვენი რესპონდენტი ადრეც ყოფილა, მაგრამ ამჟამად მკითხველს სრულიად სხვა ამპლუაში წარუდგება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ფლობს საილუზიო ხელოვნების საიდუმლოებას და სცენაზეც არაერთი ფოკუსი წარმოუდგენია, თავს ილუზიონისტად მაინც არ მიიჩნევს და საილუზიო ხელოვნების პროპაგანდისტს უწოდებს.

- ნიკა, რას გვეტყვი შენი ახალი საქმიანობის შესახებ?

- ჩვენს ცენტრში ადამიანებს ბევრი საინტერესო, გასართობი ნივთისა თუ საგნის შეძენა შეუძლიათ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ბევრი ამოუხსნელი ფოკუსი თავად გააკეთონ და ამით დაეუფლონ და ჩასწვდნენ ამ საქმის საიდუმლოებას. მოკლედ, ვისაც ამის სურვილი აქვს, განხორციელების საშუალებას ნამდვილად ვაძლევთ.

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვენს ცენტრში მოსვლა?

- ნებისმიერ ადამიანს ვთავაზობთ ჩვენს სერვისს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც იმის ამბიცია და მონაცემებიც აქვს, რომ საზოგადოებას ილუზიონისტად წარუდგეს. ისინი ჩვენთან გაივლიან გარკვეულ ტრენინგს, კონსულტაციას, შემდეგ შევაფასებთ და ამის მერე შეეძლებათ, თავიანთი იდეა სისრულეში მოიყვანონ. ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები ქალაქში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრში არიან გაფანტულები, უმთავრესად, დიდი ჰიპერმარკეტების სივრცეებში და მომავალშიც ვაპირებთ ამა თუ იმ ადგილას ფილიალების გახსნას. რეგიონებშიც გვინდა გასვლა, რადგან დიდია დაინტერესება. უკვე 5 თვეა, რაც ვარსებობთ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გვაკითხავს. ვფიქრობ, რომ კარგი რამ წამოვიწყეთ და საქმე სწორი მიმართულებით მიგვყავს.

- იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრა, თქვენთან მოსულ ადამიანს რა სერვისს სთავაზობთ?

- 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს, საინტერესო და ფართო არჩევანია. გვყავს სპეციალურად მომზადებული კადრები, რომლებიც მსურველებს ასწავლიან, როგორ კეთდება ესა თუ ის ფოკუსი. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად აქტიურად არიან ჩართულები ამ საქმიანობაში. ისინი, წამებს ანდომებენ თითოეულის დემონსტრირებას, - 10 წუთის განმავლობაში 60-მდე საგნისა თუ ნივთის დემონსტრირება შეუძლიათ. მართლაც უცხო და საინტერესო ინვენტარი გვაქვს.

- საიდან მოგაქვთ ეს პროდუქტი?

- ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან, - სხვადასხვა მომწოდებელი გვყავს. მათ მიერ წარმოებულ პროდუქტში დიდი განსხვავებაა. გვაქვს ექსკლუზიური ნივთებიც.

- ისე, საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ ეს საქმე წამოგეწყო?

- ასეთი ცენტრის გახსნის იდეა მთელ ჩვენს ოჯახს ჰქონდა, უმთავრესად კი მამაჩემს, ზურა ვადაჭკორიას. აზრი მეც მომეწონა და ისე აქტიურად ჩავერთე საქმეში, რომ საბოლოოდ ყველაფერი თვითონ გავაკეთე. რამდენიმე ქვეყანაშიც მომიწია ჩასვლამ, სადაც ამ მიმართულებით ბევრი რამ შევისწავლე. მათ ცენტრებში ვაკვირდებოდი სამუშაო პროცესს. ასეთი რამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. მაგალითად, ლას-ვეგასში 60-ზე მეტი ასეთი ცენტრია და იქაური პარტნიორებიც გვყავს.

- ვიცი, რომ უამრავი ადამიანი გაკითხავთ. რა კატეგორიის მომხმარებელს აკმაყოფილებთ?

- მოდიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები. მთავარი ის არის, რომ მომხმარებელი არ უნდა შეწუხდეს, დისკომფორტი არ უნდა იგრძნოს, რასაც ყველანი ვცდილობთ. პრინციპში, სერიოზული განსხვავებაა ქართველ და ევროპელ მომხმარებელს შორის, მაგრამ მაინც ყველაფერს ვაბალანსებთ. შემუშავებული გვაქვს ჩვენი მუშაობის პრინციპი.

- მათ, ვისაც უნდა, რომ ილუზიონისტის პროფესიას გაჰყვეს, რას სთავაზობთ?

- ის ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ ამ პროფესიას გაჰყვნენ, აქვთ ამის ამბიცია და პრეტენზიაც, რომ ამ მიმართულებით უკვე რაღაცას აკეთებენ, მოდიან და ყიდულობენ ფოკუსისთვის ამა თუ იმ ინვენტარს, თანაც გვაფრთხილებენ, არ გავთქვათ, რომ ინვენტარი ჩვენთან შეიძინეს. მათ ასევე, განსხვავებულ შოუებსაც ვუდგამთ. ცოტა ხნის წინ მოგვაკითხა კომპიუტერების კომპანიამ, ლიტვაში კორპორაციული საღამო უნდა გაემართათ. 10-წუთიანი შოუ (კოსტიუმებით, მუსიკით) მოვუმზადეთ, რომელიც იქ წარმოადგინეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

- ნიკა, საზოგადოებას თავი ილუზიონისტად რატომ არ წარუდგინე? არადა, მგონი, გამოგდის კიდეც ეს საქმე და სცენაზეც მყავხარ ნანახი.

- ფოკუსებს ვაკეთებ, მაგრამ ეს საქმე არ მინდა, საჯაროდ ვაკეთო. ამის ამბიცია არ მაქვს. თან, მიმაჩნია, რომ ამისთვის ჯერ შესაბამისი ბაზაც არ გამაჩნია. ამასთან, ამ პროფესიას რომ მივყვე, ბევრ რაღაცაზე მომიწევს უარის თქმა, რაც არ მინდა.

- როგორც ვიცი, 24 წლის ხარ. შენს ასაკში, მამაშენს საზოგადოება უკვე როგორც ილუზიონისტს, ისე იცნობდა.

- კი, უკვე აღიარებული ილუზიონისტი იყო. ადრეულ ასაკში დაიწყო საქმიანობა. სანამ ამ ახალ საქმეს შევუდგებოდი, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ჩემი უფროსი - ბიჭიკო გოლეთიანი მეუბნებოდა ხოლმე: თუ იტყვი, რომ ილუზიონისტი ხარ, მაშინ სხვა საქმეს ხელი აღარ უნდა მოჰკიდოო. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ილუზიონისტი ვარ. ჯობია, ამ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ, ვიყო პირველი, ვიდრე მეორე ილუზიონისტი და თქვან, ეს ზურას ბიჭიაო!.. მზად ვარ, ხელი შევუწყო იმ ადამიანებს, ვისაც ილუზიონისტობა უნდა. ახლა ვქმნით სპეციალურ ინტერნეტგვერდს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თავისი ფოკუსების ვიდეოები განათავსოს ანუ გადაიღოს საკუთარი ნამუშევრები და საიტზე ატვირთოს. მერე იმ ვიდეოებს ვნახავთ, შევხვდებით იმ ადამიანებს, გავესაუბრებით, რჩევებს მივცემთ. ამერიკელებს აქვთ მსგავსი საიტი და მათთან საერთო ბაზა გვექნება. იმ ვიდეოებს უცხოელ კოლეგებსაც ვაჩვენებთ. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად, რომელმაც "ახალი თეატრი"დააფუძნა, ერთობლივი გეგმები გვაქვს. ნიჭიერი ბიჭია. მას ხელოვნების სკოლაც აქვს და იქ სხვა საგნებთან ერთად, მინდა, რომ საილუზიო ხელოვნებაც ისწავლებოდეს.

- მამაც შენთან ერთად მუშაობს?

- არა. ამის სურვილი არ აქვს. ზურა ჩვენი კომპანიის სახეა. მისი სახელი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და გზის გაკვლევაში დამეხმარა. ის ხომ მსოფლიოს ცნობილ ილუზიონისტთა ნუსხაშია შესული.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"