ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"

ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"

"მოვითხოვთ, დაიჭირონ ნანა კაკაბაძე, როგორც ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის ორგანიზატორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გადამეფარნენ და გამომიყვანეს იმ ცემა-ტყეპიდან. ეს იყო შს მინისტრისა და პრემიერის ორგანიზებული ღონისძიება იმ ე.წ. პოლიტპატიმრების დახმარებით, რომლებიც სპეციალურად გამოუშვეს ციხეებიდან ჩვენთან დასაპირისპირებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი:

- იმან, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, 1991-1992 წლები გამახსენა. მაშინაც ასე დაიწყო შიდადაპირისპირება და მაშინაც ყველაფერს ნანა კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ორგანიზატორობდა.

კაკაბაძე იყო 1992 წლის ამნისტიის სულისჩამდგმელი, როდესაც უამრავი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს და შემდეგ მათ ბაზაზე შექმნეს "მხედრიონი".

ნანა კაკაბაძე, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრია, დღესაც იმავეს აკეთებს. ჩვენი დარბევის მერე უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე ფერდაკარგული ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა უტიფრად იცრუა, როდესაც რაღაც დერეფნებზე ილაპარაკა.

- თუმცა ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სათადარიგო შესასვლელით შევიდა გიორგი ბარამიძე.

- ჩვენ კოლმეურნეობის მოედნიდან ვცადეთ ასვლა და ვერ მივაღწიეთ იმ შესასვლელამდე. ფურცელაძის ქუჩა, რომელსაც ახლა ახსენებენ, ჩაკეტილი ჰქონდათ და ამიტომაც ვერ შევედით. ზემოდან უამრავი ვიდეოფირია გადაღებული, სადაც კარგად ჩანს, რომ იქ არანაირი სათადარიგო დერეფნები არ ყოფილა.

პრეზიდენტი თანახმა იყო, უკანა კარიდან შესულიყო ბიბლიოთეკაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს თანაგუნდელებს სცემეს, იქ მისვლას აზრი დაეკარგა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტია არ გვქონდა.

სათადარიგო შესასვლელიც მას შემდეგ შემოგვთავაზეს, რაც სისხლიანი გარჩევა მოგვიწყვეს. მას შემდეგ, რაც ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა, სერგო რატიანს ათობით ადამიანი სცემდა და გიგა ნასარიძესაც გვარიანად მოხვდა, იქ პრეზიდენტი სიტყვით როგორღა გამოვიდოდა.

8 თებერვალს პრეზიდენტი ქუთაისში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ იქაც მიუსიეს ე.წ. პოლიტპატიმრები. საზოგადოებაში დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, პრეზიდენტი ქუთაისში აღარ ჩავიდა. ამ ყველაფრის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებათ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას. პრეზიდენტისთვის საშუალება რომ მიეცათ, პარლამენტის დარბაზში გამოსულიყო და თავისი კონსტიტუციური მოვალეობა შეესრულებინა, არაფერი მოხდებოდა. პარლამენტი ხომ იმისთვის არსებობს, რომ პროცესების დუღილი ქუჩაში არ გადავიდეს და დაპირისპირებამ არ მიიღოს ასეთი სახე. საპარლამენტო უმრავლესობას რომ არ ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევა, ეს არ მოხდებოდა. სირცხვილის დერეფანს მოაწყობდნენ თუ არა, პრეზიდენტი მაინც მოვიდოდა პარლამენტში. ჩვენ გავივლიდით იმ დერეფანში და შევიდოდით პარლამენტში. ამიტომაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ვერ შეძლო, თავის სიმაღლეზე მდგარიყო.

- რატომ უნდა აძლევდეს ხელს პრემიერს ან შს მინისტრს ხელოვნურად შექმნან დაპირისპირება ქვეყანაში, როდესაც თვითონ არიან პასუხისმგებელი წესრიგზე?

- მათ სამოქალაქო დაპირისპირება სურთ. ეს უნდოდათ არჩევნების დღესაც, მაგრამ პრეზიდენტის წყალობით მიზანს ვერ მიაღწიეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა